ეროვნულ ლიგაში 8 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდა
ეროვნულ ლიგაში 8 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდა
24.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ეროვნულ ლიგაში 8 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება. გუნდების უმეტესობა ორ-კვირიან არდადეგებზე გავა. თუმცა, საფეხბურთო ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება. 26 ივნისს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეორე ეტაპის მატჩები გაიმართება (მასში არ მონაწილეობენ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები). 27 ივნისს კი, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასის 1/2 ფინალური, 1 ივლისს კი, ფინალი და მესამე ადგილისთვის გაიმართება მატჩები. თუმცა, მანამდე 22, 23 და 24 ივნისს ეროვნული ლიგის მესამე წრე დაიწყო.


მე-19 ტური გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დაიწყო, სადაც „დილამ", „რუსთავს" უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. შეხვედრა, რომელის პირველი ტაიმიც შესამჩნევად უხეში იყო, 62-ე წუთზე შოთა შეყილაძემ, საჯარიმო ხაზიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. 67-ე წუთზე, მასპინძლებმა საკუთარ მოედანზე რუსთაველთა შეტევა ჩაჭრეს და პასუხად, მეორე გოლი გაუტანეს სტუმრებს. 74-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში არეულობას, რუსთაველთა ავტოგოლი მოჰყვა. ამ ანგარიშის მიუხედავად, მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ, თუმცა, გორელებს, რიგ მომენტებში ძელი, ან ხარიხა ერთვებოდა. ამ გამარჯვებით, „დილამ" 26 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილით გავიდა შესვენებაზე, „რუსთავმა" კი, ლიდერობა დათმო.  


პირველი სათამაშო დღის კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. „ტორპედომ" ჩემპიონატის დებიუტანტს „სპაერს" უმასპინძლა. მომენტები ორივე ტაიმში ჰქონდათ გუნდებს, თუმცა საქმე გოლამდე ვერ მივიდა. თამაში ფრედ, 0-0 დასრულდა. მესამე წრის პირველი ტურის შემდეგ, ქუთაისელებს 27 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან. როგროც მეორე სათამაშო დღეს გაირკვა, სწორედ, ამ ტურში აღებული ქულით, გადაასწრო ბათუმის „დინამომ", რომელმაც „დინამო თბილისთან" მომდევნო დღეს ითამაშა.


მეორე სათამაშო დღე, მიხეილ მესხზე გაიმართა. თბილისის „იბერია 1999"-მა „მეშახტეს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმი თბილისელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო. ვახო ბედოშვილმა 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრის დატოვეა მოუხდა. მიუხედავად ამისა, ამ მომენტიდან მალევე, 59-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემით, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. 61-ე წუთზე, მათე კვიკვიაზე უხეში თამაშის გამო, მასპინძელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ და ანგარიში გათანაბრდა. 68-ე წუთზე გიორგი კუციას გადაცემით, ვაჰიდ სელიმოვიჩმა კვლავ დააწინაურა „იბერია". თუმცა, ამ მატჩის „მნიშვნელოვანი" მომენტებიდან კიდევ ერთი უნდა გამოვყოთ - 83-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა, ალბათ, უფრო მსაჯთან კამათის გამო ზედიზედ ორი ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო. მასპინძლები 9 ფეხბურთელით დარჩნენ მოედანზე, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ანგარიშის შენარჩუნებაც მოახერხეს და სატურნირო ცხრილშიც დაიბრუნა ლიდერობა. „იბერია 1999"-ს 34 ქულა აქვს. ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრავმისა და ხანგრლივი რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისელთა რიგებში, გიორგი მაკარიძე დაბრუნდა. 


ლიდერთან 3 ქულაშია „დინამო თბილისი", რომელმაც ბათუმის „დინამოსთან" თამაშის შემოტრიალება მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ტრადიციულად ბურთსაც თბილისური კლუბი ფლობდა და თამაშსაც აკონტროლებდა, დედაქალაქელებმა პირველ ტაიმში ამ უპირატესობის გოლად გადაცვლა ვერ მოახერხა. თბილისელთა სასარგებლოდ, ტაიმის მიწურულს არც 11-მეტრიანი დაინიშნა, მათე ვაწაძესთან, პირდაპირ საჯარიმო მოედნის ხაზთან დარღვევის გამო. უფრო ზუსტად, პენალტი დაინიშნა, თუმცა, VAR-მა გააუქმა. ამ მომენტისთვის მასპინძლები, მე-7 წუთზე, უერდი მარას გატანილი გოლის წყალობით აგებდნენ. თბილისელებმა ანგარიში 75-ე წუთზე გახსნეს. ნუმან კურდიჩის კუთხურიდან ჩაწოდებულ კუთხურს, დედაქალაქელთა დებიუტანტის ფრანგი ლეგიონერი მაქსიმ ტეიშეირას გოლი მოჰყვა. 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული თორნიკე კვარაცხელიას აქტიურობას ბათუმელთა მხრიდან საჯარიმოში წესის დარღვევა მოჰყვა, VAR-მა კვლავ იფიქრა და ბოლოს მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას, დაენიშნა პენალტი დასთანხმდა. 11-მეტრიანი კი, ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა. მასპინძლებს, ამის შემდეგაც ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა, თამაში 2-1 დასრულდა თბილისელთა სასარგებლოდ, რომლებიც 31 ქულით, დიდ შესვენებაზე მესამე ადგილით გავიდნენ.


ტურის ბოლო შეხვედრა კი, დღეს, პეტრო არენაზე გაიმართა. „გაგრასა" და წყალტუბოს „სამგურალს" შორის გამართულ საკმაოდ დრამატულ შეხვედრაში, სადაც ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, ალბათ, უპირველესად მეკარეებს გამოვყოფდით. არ გვიწყენენ მინდვრის მოთამაშენი, თუ ვიტყვით, რომ მასპინძელთაგან ოლეკსანდრ ვორობეის რამდენიმე კარგი მოგერიება დაგვამახსოვრდა, სტუმართაგან კი, პირველ რიგში, ლუკა კუტალაძის მოგერიებული 11-მეტრიანი, რომელმაც სტუმართა განწყობაზეც იმოქმედა და თბილისში, ქულის აღებაშიც დაეხმარა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. სხვათა შორის, ამ დღეს, წყალტუბოელთა რიგებში, ქართული ჩემპიონატის „ერთგულმა" ლეგიონერმა, ჯეფერსონ ჯერალდომ მოთამშის კარიერა დაასრულა. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელი რჩება საქართველოში და წყალტუბოელთა სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლებს.


სატურნირო ცხრილი