
დღეს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს წინა, მე-17 ტური გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ გათამაშებას ორი გუნდი, „ნიკე-ლუსო" და „ლანჩხუთი", თითქმის 20 ქულით უსწრებს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ „კვარტალს", ნათელია, რომ ორივე ზედა ოთხეულში, ოქროს მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. აი, „კვარტალს" კი, ბოლო ტურში, „ბათუმთან" და „მართვესთან" მოუწევს გარკევევა, ზედა ოთხეულში იბრძოლებს თუ არა მორიგ ჯერზე ბრინჯაოს მედლებისთვის.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „ნიკე-ლუსომ" გასვლაზე, ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „მართვე" 1-4 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა თაიზას გოლით მე-6 წუთზე გახსნეს. 30-ე წუთზე ელენე ბოლქვაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, კიდევ სამ წუთში, თბილისელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა სოლანჟი კარვალიაშმა სამამდე გაზარდა ანგარიში და რეალურად, ამ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. 85-ე წუთზე ანა ჯანელიძემ მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა, 89-ე წუთზე იამურ იალვაჩმა, კვლავ აღადგინა სამბურთიანი სხვაობა და გუნდს, მორიგი სამი ქულის მოტანაში დაეხმარა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, „ნიკე-ლუსოს" 48 ქულა აქვს და ხუთით მეტი გატანილი გოლი, რაც გუნდს, პირველ ადგილზე ყოფნის პრივილეგიას აძლევს. სხვთა შორის, ქუთაისში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძეც ესწრებოდა.
48 ქულა აქვს „ლანჩხუთსაც", რომელმაც დღეს, ასევე გასვლით შეხვედრაში სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში „ვერე" მშრალი ანგარიშით 0-5 დაამარცხა. გიორგი ჩხეიძის გუნდმა, მიმდინარე სეზონში დღეს 100-ბურთიან ზღვარს გადააბიჯა. გურულებმა პირველი ტაიმი, ორ წუთში შესრულებული ნათია დანელიას დუბლითა (18', 20') და ნინო ბუხრიკიძის (34') გოლებით მოგეს. მეორე ტაიმში, დუბლი გაიფორმა ბუხრიკიძემაც (66'). ამ შეხვედრაში ბოლო გოლი კი, 78-ე წუთზე ჰანა მარი რასელმა გაიტანა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, ბომბარდირთა დავას, ნათია დანელია 34 გატანილი გოლით ლიდერობს.
თბილისში, საფეხბურთო ცენტრში „ავაზა", ძლიერთა ლიგაში დასარჩენად მებრძოლი ორო უშუალო კონკურენტი „დინამო სოხუმი" და გათამაშების დებიუტანტი „თეთრიწყარო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ანგარიში მე-11 წუთზე ლიზი კაკულიამ გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, პირველივე ტაიმში 23-ე წუთზე სტუმრებმა მოახერხეს გათანაბრება, გოლი დიანა ბაქრაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლის შემდეგ, „თეთრიწყარო" გააქტიურდა და მოახერხა ბურთის გაკონტროლება, თუმცა, მასპინძლებიც რიგ მომენტებში სახიფათოდ უტევდნენ და ამას გარდა, სტანდარტულებზეც ბევრ თავსატეხს უჩენდნენ, სტუმართა გამოცდილ მეკარეს თამარ ნადირაშვილს, მაგალითად ისეთ, როგორც ბოლო წუთებში შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ნადირაშვილმა მოიგერია და „თეთრიწყაროს" ქულა გადაურჩინა.
ტურის კიდევ ერთ შეხვედრა რაჭაში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „რაჭა 2020"-მა თბილისის „კვარტალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 1-11 დამარცხდა. ანგარიში მე-8 წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა, რომელმაც საბოლოოდ, ამ შეხვედრაში საბოლოოდ ექვსი გოლი (8', 13', 39', 44', 66', 77') გაიტანა. პირველი ტაიმში „კვარტალიდან", ლიზი კანკიამაც (28', 48') გაიტანა, რომელმაც მოგვიანებით დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ლოლიტა გოგუაძის (31') ანგარიშზე და კიდევ იყო ავტოგოლიც (12'). ტაიმი კი, თბილისურმა კლუბმა 0-6 მოიგო და მეორეში, უბრალოდ ბოლომდე ითამაშა, ამასთან კვლავ გაიტანა, ხსენებული წიქარიძისა და კანკიას გარდა, მასპინძელთა კარი მარიამ ცისკარიშვილმაც (63') აიღო. თუმცა, რაჭველებმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხეს, 57-ე წუთზე თბილისელებს ანასტასია გაბუნიამ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით, „კვარტალმა" ზედა ოთხეულში ადგილის მოსაპოვებლად სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ.
თუმცა, ყველაფერი ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-18 ტურში გაირკვევა, რომელიც 28 ივნისს არის დაგეგმილი.





ჩვენ








