საქართველოს 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
საქართველოს 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
20.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს გამთენიისას თურქული შეკრებიდან თბილისში „მომავლის გუნდი" დაბრუნდა, საქართველოს 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში ანკარაში გამართული სამივე შეხვედრაში წარმატებით იასპარეზა - ორში გაიმარჯვა, ერთში კი ფრედ ითამაშა.


გიორგი გვაზავას გუნდი, რომელიც ევროპის ღია პირველობისთვის ემზადება და ამ მიზნით, თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ამავე ასაკის ადგილობრივ ნაკრებთან სპარინგებიც გამართა, საერთო ჯამში სამი. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენმა გოგონებმა 6 ბურთიანი სხვაობით, 27-33 გაიმარჯვეს. 18 ივნისს კი, ორი შეხვედრა გამართეს.


ევროპის პირველობის ჯგუფური ეტაპის ფორმატის შესაბამისად, თურქული შეკრების ბოლო ორი თამაში 20-წუთიანი ტაიმებით ჩატარდა. პირველში (შეკრების მეორე სპარინგი) საქართველოს ნაკრებმა კვლავ გაიმარჯვა, 17-21 (9-12). დღის მეორე (შეკრების მესამე სპარინგი) შეხვედრა კი ფრედ, 21-21 (12-6) ითამაშა.


მესამე ამხანაგური შეხვედრა შედარებით დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში მდევრის როლში აღმოჩნდა. მეტოქე კი, ხუთი-ექვსი ბურთის სხვაობითაც გვიგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ჩვენმა გოგონებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს. მატჩის მიწურულს კი, ანგარიში გაათანაბრეს და წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.


საქართველოს ნაკრები ევროპის ღია ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით ეტაპს თელავში გაივლის. ევროპის ღია პირველობა (EHF European Open) გიოტებორგში 29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში 20 ნაკრები 4 ჯგუფში არის გადანაწილებული. თითო ჯგუფიდან 1/4 ფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან. დანარჩენები კი, ფლეი-ოფში 9-20 ადგილებს გაითამაშებენ. წილისყრით, საქართველოს ნაკრები ესპანეთის, ნიდერლანდების, სერბეთისა და ფარერის კუნძულების ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


აღსანიშნავია, რომ გიოტებორგის ევროპის პირველობას, პირველად ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო დატვირთვა. კერძოდ, ტურნირის ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.



ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია