
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტური საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მაგალითად ნავსი გახეხა გორის „დილამ", რომელიც კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშე ასპარეზობს და ჩვენი ინფორმაციით, კლუბისთვის ცნობილი არგენტინელის მოლოდინშია. დიდი ალბათობით, სულ მალე კლუბი დაასრულებს მოლაპარაკებებს ევერ ადრიანოსთან, რომელიც „დილაში" 2023 წელს, ანდრი დემჩენკოს წასვლის შემდეგ მცირე ხნით მუშაობდა და კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმა. თუმცა, ახლა როგორც ჩანს, არგენტინელ სპეციალისტთან საქმე კარგად მიდის, მანამდე კი, „დილამ", როგორც უკვე გითხარით ნავსი გატეხა და ეროვნული ლიგის მე-18 ტურში გაიმარჯვა. თენგიზ ბურჯანაძეზე გორელებმა „სპაერს" უმასპინძლეს და 3-1 დაამარცხეს. ანგარიში, 14-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის გოლით გაიხსნა, თუმცა, 44-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს, თემურ ცალუღელაშვილმა გაიტანა. ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა, თუმცა, 65-ე წუთზე მენთეშაშვილმა დუბლი გაიფორმა, 81-ე წუთზე კი, აბდულმალიკ ოლატუნჯის გოლით, დილამ საბოლოოდ გაიფორმა ამ შეხვედრაში გამარჯვება და სატურნირო მდგომარეობაც ოდნავ გაიუმჯობესა.
ზოგადად ეს ტური სამ დღეზე იყო გადანაწილებული და არც ერთ დღეს არ აკლდა დამამახსოვრებელი მომენტები, მაგალითად, მეორე სათამაშო დღეს, მიმდინარე ჩემპიონატის „გუნდი სიურპრიზის" ორი გოლი, განსაკუთრებით, 90-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან ვაჟა ფაცაციას გატანილი გოლი იყო, რომელმაც კარიდან შორს გამოსული მეკარე კი, შენიშნა, თუმცა, იმ მანძილიდან კარში ზუსტად დარტყმაც საქმეა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „იბერია 1999"-ისა და „რუსთავის" ეს შეხვედრა, რომელშიც თბილისურ კლუბში დებიუტი ჰქონდა ადნრი დემჩენკოს დრამატიზმით აღსავსე გამოდგა. რეალურად, პირველ ტაიმში, სტუმრებს ერთადერთი შეცდომა, არასწორად მოგერიებული ბურთი გოლად დაუჯდათ. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს. მე-60 წუთზე კი, „რუსთავმა" პრინს ოსეის გოლით გაათანაბრა. საბოლოოდ კი, 90-ე წუთზე გატანილი გოლოს წყალობით, შეხვედრა მოიგო 1-2, სატურნირო ცხრილის ლიდერს და ამ შეხვედრაში უშუალო კონკურენტს ამ შეხვედრაშიც ერთი ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
პირველ ტაიმში, ოთხწუთიან შუალედში 22' და 26' წუთებზე დმიტრი მანდრიჩენკოს გატანილი დუბლის დამსახურებით, ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე „ტორპედო" მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დათო ბუკიამ ტაიმის მიწურულს ბურთის გაქვითვა მოახერხა, ტაიმი ბათუმის „დინამომ" 1-2 მოიგო. დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც, სადაც 53-ე წუთზე ჯერ უენდი მარამ გაზარდა სტუმართა უპირატესობა, შემდეგ კი, მე-60 წუთზე გიორგი არაბიძემ კვლავ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა, მეტი, „ტორპედომ" ვერ შეძლო და შეხვედრა 2-3 დათმო. შესაბამისად ბოლო სათამაშო დღემდე, მას აჭარულმა კლუბმა გადაასწრო. ბათუმელებმა კი, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს, ამასთან დაამარცხეს კლუბები, რომლებსაც სულ მალე ჯერ ქვეყნის სუპერ თასის, შემდეგ კი, უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევთ ასპარეზობას. ამას გარდა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის „დინამოს" ჯერ კიდევ, ამ თვის ბოლომდე სატრანსფერო ბანი ადევს, ჭიაბრიშვილის გუნდი კი, იმ რესურსით, რაც ჯერ კიდევ აქვს, ახერხებს ლიდერებთან ახლოს იყოს.
„გაგრამ", როგორც ჩანს მთელი ენერგია „დინამო თბილისთან" წინა ტურში დახარა და მე-18 ტურში, „მეშახტესთან", როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანს ვერაფერი მოუხერხა. ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 51-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილის გადაცემით პედრო ბორჟესმა გაიტანა. თუმცა, ლადო ბურდულის გუნდმა 61-ე წუთზე ტარიკ შიკალოს გოლით ანგარიში გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ტურის ბოლო შეხვედრა კი, რომელიც პტერო არენაზე გაიმართა უხვგოლიანი გამოდგა. რამდენიმე ტურის ჩატარება „დინამო თბილისს" სწორედ ამ სტადიონზე მოუწევს, რადგან „დინამო არენა" სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის შეუდგა მზადებას. წყალტუბოს „სამგურალთან" შეხვედრა თბილისელთათვის საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა, დინამოელთა აკადემიის აღზრდილის ცოტნე ბერელიძის გადაცემით, ანგარიში ველისოლიმ პირველივე წუთზე გახსნა. თუმცა, მასპინძლებმა მეორე ათწუთეულში ჯერ მე-11 წუთზე როდრიგუ რამუშმა გაათანაბრა, შემდეგ კი, მე-15 წუთზე ალექსანდრე კალანდაძემ თბილისელები დააწინაურა. თუმცა, ამ ტაიმში ეს, დასასრული არ იყო. 37-ე წუთზე, ასევე ყოფილი დინამოელის, ლევან გეგეჭკორის გადაცემით ველისოლიმ დუბლი გაიფორმა და გუნდს, თამაშის გადარჩენის შანსიც დაუტოვა. მეორე ტაიმიც უხვგოლიანი გამოდგა და კვლავ ოთხი გოლი გავიდა. თუმცა, უფრო მეტი დინამოელებმა გაიტანეს. 48-ე წუთზე საბა ხარებაშვილის გადაცემით ლეონარდუ სანტუსმა კვლავ „დინამო თბილისი" დააწინაურა. 66-ე წუთზე ბარნს ოსეის გადაცემის შემდეგ, ჰალიდ დოლტმურზიევმა, მინდორზე შემოსვლიდან 7 წუთში გაიტანა, თუმცა, მოგვიანებით, ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 79-ე წუთზე ლუკა ციკოლიას გადაცემით, აბდულაი იორომ გაიტანა და „დინამო თბილისი" სამბურთიანი სხვაობით დააწინაურა. შეხვედრა დასასრულისკენ მიდიოდა და მხოლოდ სამი კომპენსირებული წუთი რჩებოდა, როცა კვლავ გავიდა გოლები, 11-მეტრიანით ველისოლიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა აი, ბოლოს კი შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, VAR-ზე კი, ისე ჩანდა რომ გოლი დიდად არ გადამოწმებულა. შესაბამისად, 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას ელიგაში სადებიუტო გოლი გაუუქმდა, თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა დარტყმა გაისწორა და დიდი ალბათობით, არც სადებიუტო გოლი არის შორს. „დინამო თბილისმა" კი, 5-3 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
ეროვნული ლიგის მომდევნო, მე-19 ტური 22, 23 და 24 ივნისს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








