ზედა ოთხეულში ჯერ ადგილი მხოლოდ „ნიკე-ლუსომ“ და „ლანჩხუთმა“ გაინაღდეს
ზედა ოთხეულში ჯერ ადგილი მხოლოდ „ნიკე-ლუსომ“ და „ლანჩხუთმა“ გაინაღდეს
18.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის  მე-16 ტურის შემდეგ, ორმა გუნდმა „ნიკე-ლუსომ" და „ლანჩხუთმა" ზედა ჯგუფში თამაშის უფლება გაინაღდეს. აი, დანარჩენი ორი ადგილისთვის კი, ერთმანეთს ოთხი კლუბი „ბათუმი", „მართვე", „ვერე" და „კვარტალი" იბრძვიან. ამ გადმოსახედიდან, დღევანდელი ტური ამ გუნდებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებითაც.


თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე-ლუსომ" მეორე თბილისური კლუბი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მთელი თამაშის მანძილზე, მიუხედავად დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის, ლუსოელები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. გაგა კირკიტაძის შეგირდებს დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდათ. ანგარიში კი, კლუბის ლეგიონერმა თაიზამ, მხოლოდ 76-ე წუთზე გახსნა. 88-ე წუთზე კი, სოლანჟ კარვალიაში გაიტანა და „ნიკე-ლუსოს" მნიშვნელოვან გამარჯვებაში (2-0 ) დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ „ნიკე-ლუსოს" 45 ქულა აქვს, დღევანდელი ტურის შემდეგ, ის მიღებული და გაშვებული გოლების ხარჯზე იმყოფება სატურნირო ცხრილში „ლანჩხუთის" წინ და პირველ ადგილზე.


თავის მხრივ დღეს, გვიმბალაურის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, „ლანჩხუთმა" დიდი ანგარიშით 22-0 მოუგო „რაჭა 2020"-ს რომელსაც, ბოლო ორი სეზონისგან განსხვავებით, ნამდვილად არ უდგას კარგი დრო. ანგარიში მე-5 წუთზე  ლიზი მწყერაშვილმა გახსნა რომელმაც მე-19 წუთზე დუბლიც გაიფორმა.  ექვსი გოლი გაიტანა დღევანდელ შეხვედრაში ნათია დანელიამ (11', 45', 59', 61', 64', 84') რომელსაც ამ ტურის შემდეგ, 32 გოლი აქვს ანგარიშზე და შესაბამისად, ბომბარდირთა სიასაც ლიდერობს. ნინო ბუხრიკიძეს კი, რომელმაც დღეს 8 გოლი (16', 22',  31', 35', 40', 44', 63', 80') გაიტანა, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 21 გოლი აქვს ანგარიშზე. მორიგ შეხვედრაში მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა ეთერ  სულაშვილმა (32', 73', 86'), თითო გოლი ანა ცეცხლაძისა (37') და ჰანა რასელის (42') ანგარიშზეა. ერთი გოლიც სტუმრებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.


რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, 27-27 ქულა აქვთ „ბათუმსა" და „მართვეს". ამ ტურში „ბათუმმა" სტუმრად, თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში „კვარტალთან" წააგო. ანგარიში მე-18 წუთზე ბათუმელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ გახსნა. თუმცა, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში ლიზი კანკიამ ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ლოლოტა გოგუაძემ „კვარტალი" დააწინაურა. სტუმრებმა მცდელობების მიუხედავად ქულია გადარჩენა ვერ მოახერხეს. „კვარტალმა" 2-1 გაიმარჯვა და ოთხეულში მოსახვედრად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. 25 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა „კვარტალი" რომელიც ოთხეულში მოხვედრის არც შანსს და არც იმედს არ კარგავს. რაც შეეხება „ბათუმს", აჭარული გუნდი, ბოლო ორ ტურში „ელიტას" და „თეთრიწყაროს" შეხვდება და დიდი ალბათობით, ზედა ოთხეულში მოსახვედრად მაქსიმუმს გააკეთებს.


დარჩენილ ტურებში ყველაზე „ცუდი" კალენდარი „მართვეს" აქვს. ქუთაისელებს, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ორი ტურში ჯერ „ნიკე-ლუსოსთან", შემდეგ კი, „ლანჩხუთთან" მოუწევთ თამაში. დღეს კი, საქართველოს პირველმა ჩემპიონმა „მართვემ" თბილისში, საფეხბურთო ცენტრში „ავაზა" 0-6 დაამარცხა სოხუმის „დინამო". ანგარიში მე-16 წუთზე ანასტასია ხანთაძის გოლით გაიხსნა. 25-ე წუთზე, თამარა მარუაშვილის გატანილი გოლის შემდეგ, სტუმრები  უკვე, 0-2-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში 68-ე წუთზე მანონი საღარაძის გოლის შემდეგ, მასპინძლებს ქულის გადარჩენის შანსი დაეკარგათ, ამას 88-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრილი გოლიც დაემატა, თუმცა, ეს ავტოგოლი ანა ჯანელიძის  დუბლს (75', 85') შორის გავიდა. ამ მოგებით, „მართვემ" 27 ქულა დააგროვა და „ბათუმს" გაუთანაბრდა.


ზედა ოთხეულში მოსახვედრად არ იბრძვის, თუმცა, ქალთა ლიგაში დასარჩენად საჭირო ქულები აიღო დღეს გათამაშების დებიუტანტმა „თეთრიწყარომ", რომელმაც „ელიტა" 2-0 დაამარცხა. მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ანგარიში მე-17 წუთზე დიანა ბაქრაძის გოლით გაიხსნა. მეორე გოლი მასპინძლებმა 66-ე წუთზე გაიტანეს, ამჯერად „ელიტას" კარი სალომე არაბულმა აიღო და გუნდს, მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.


ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური 23 ივნისს არის ჩანიშნული.