
მარტში, ჯუდოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარებული ტრადიციული თბილისის გრან სლემის დღეებში, ცნობილი გახდა, რომ 2029 წელს IJF-ი ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას საქართველოში გეგმავდა. 16 ივნისს კი, ბუდაპეშტში, IJF-ოს შტაბ-ბინაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება იწყება.
ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი, უნგრეთში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ჯიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოაწერეს.
„ჩვენი დედაქალაქი 2029 წელს უმასპინძლებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა. ეს არის დამსახურება თითოეული იმ ძიუდოისტის, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოიტანეს მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებისა და ოლიმპიური ოქროს მედლები. ასევე ძიუდოს ეროვნული ფედერაციისა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩაატარა არა ერთი გრან პრი, გრან სლემი თუ, ევროპის ჩემპიონატი. მინდა მივულოცო თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ჩვენი ქვეყნის ეს დიდი აღიარება", - ამბობს შალვა გოგოლაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი.
საქართველოში ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობაზე სწორედ მარტში, თბილისში მიმდინარე გრან სლემის მსვლელობისას იმსჯელეს. ვიზერმა კი, ამის თაობაზე, ერთ-ერთ საასპარეზო დღეს, გამოაცხადეს. იმავე დღეს, ცნობილი გახდა, რომ IJF-მა თბილისის გრან სლემს კიდევ ოთხი წლით, ოფიციალურად გაუხანგრძლივა არსებობა.
„ჩემთვის დიდ პატივია და სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ხელი მოვაწერეთ 2029 წლის მსოფლო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას, რომელიც პირველად ჩატარდება საქართველოში, თბილისში. ეს იყო ისტორიული მომენტი და იქნება ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი. შედეგების მიხედვით, ჩართულობით და მისი პოპულარიზაციის მხრივ, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჯუდოს ქვეყანა საერთაშორისო სარბიელზე. ავრცელებს ჯუდოს მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს ერთობლიობაში და სპორტსმენების მენტალიტეტში, პატივისცემაში", - ამბობს მარიუს ვიზერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მომენტისთვის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია შერეულ-გუნდურ ასპარეზობაში.





ჩვენ








