საქართველოს 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
17.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება წარმატებით დაიწყო. გიორგი გვაზავას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც თურქეთში გადის საწვრთნელ შეკრებას ადგილობრივ 17-წლამდე ნაკრებთან „იაშარ სევიმის" სახელობის დარბაზში მასპინძელი გუნდი 27-33 (13-18) დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები შეხვედრის პირველივე წუთებიდან დაწინაურდა და რაც მთავარია, ამ უპირატესობის შენარჩუნება არა მხოლოდ პირველი ტაიმი, არამედ მთელი მატჩის მსვლელობისას მოახერხა. გოგონათა ამ ნაკრებს „მომავლის გუნდის" სახელით იცნობენ და იმედია, მომავალში მათზე გაცემული ეს ნდობა გამართლდება. მანამდე კი, პირველი ტაიმი ქართველმა გოგონებმა 6 ბურთით მოიგეს და საბოლოოდაც, ამ სხვაობით მოახერხეს მატჩის დასრულება.


ჩვენი ნაკრები ანკარაში მიმდინარე საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, თურქ თანატოლებთან კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ორივე მატჩი ხვალ, 18 ივნისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები სამშობლოში 20 ივნისს დაბრუნდება და ევროპის პირველობისთვის დასკვნით შეკრებას თელავში გააგრძელებს.


ევროპის ღია პირველობა (EHF European Open) გიოტებორგში 29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში 20 ნაკრები 4 ჯგუფში არის გადანაწილებული. თითო ჯგუფიდან 1/4 ფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან. დანარჩენები კი, ფლეი-ოფში 9-20 ადგილებს გაითამაშებენ. წილისყრით, საქართველოს ნაკრები ესპანეთის, ნიდერლანდების, სერბეთისა და ფარერის კუნძულების ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


აღსანიშნავია, რომ გიოტებორგის ევროპის პირველობას, პირველად ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო დატვირთვა. კერძოდ, ტურნირის ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.