
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ოფიციალურად 18 ივნისს ჩაერთვება როდესაც L ჯგუფში ხორვატიას დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ინგლისელები უკვე მოიქცნენ ყურადღების ცენტრში. საქმე ისაა, რომ აშშ-ში, კონკრეტულად კი, კანზას სითიში, ინგლისის ნაკრების წევრებმა პირველი ვარჯიშის წინ აღმოაჩინეს, რომ ფურგონი, სადაც გუნდის სავარჯიშო ეკიპირება, მათ შორის ბუცები იყო, გაძარცვეს.
ინფორმაციას, „დეილი მეილი" (Daily Mail Sport) ავრცელებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბუცები გუნდის ყველაზე დიდ ვარსკვლავებს ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგემს უნდა ეკუთვნოდეთ. დაკარგულ ნივთებს შორის იყო მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთები და საწვრთელი პროცესისთვის სხვა საჭირო ინვენტარი. მათ შორის „ტუხელის დაფები", რომელსაც ინგლისელთა გერმანელი მწვრთნელი თეორიული და ტაქტიკური წვრთნისთვის იყენებდა და მასაჟის მაგიდა.
ვარაუდობენ, რომ ქურდობა იმ დროს მოხდა, როდესაც ფურგონს ზემოთხსენებული ნივთები ფლორიდიდან (ვესტ პალმ ბიჩიდან) ინგლისელთა „ბანაკში" მისურიში გადაჰქონდა, სადაც ინგლისის ნაკრებს მინიმუმ სამი კვირა მოუწევს ცხოვრება. გამოცემის ინფორმაციით ტომას ტუხელის ტექნიკური ჯგუფი ახლა ცდილობს გაარკვიოს, თუ კიდევ რა არის დაკარგული აღჭურვილობიდან. წყაროს ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებს მხოლოდ ერთი ბურთი დაუტოვესო.
გამოცემა იტყობინება, რომ პოლიციას უკვე ჰყავს დაკავებულები და გამოძიება გრძელდება. ეჭვიტანილთა შორის არის მინი-ვენის მძღოლი, რომელსაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ანდრო ხსენებული ტვირთის გადაზიდვა.
ამ დროისთვის ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ ავრცელებს.
ფოტო: © Daily Mail Sport





ჩვენ








