
დღეს ფეხბურთში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ორმა ტელევიზიამ მატჩების ტრანსლაციის უფლება იყიდა, ქართველმა გულშემატკივარმა ვერც ერთ ქართულ არხზე მეხიკოში, „აცტეკას" (Mexico City Stadium) სტადიონიდან გახსნის ცერემონიის ცოცხალი რეპორტაჟი ვერ ნახა და შესაბამისად, შაკირას შესრულებით მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ჰიმნიდან ფრაგმენტებიც, მექსიკაში მყოფი ქართველი გულშემატკივრის სოცქსელებიდან იხილა. გახსნის ცერემონიის შემდეგ კი, მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მუნდიალის პირველი გოლი გათამაშების თანამასპინძელი ქვეყნის, მექსიკის ნაკრების ანგარიშზეა. მე-9 წუთზე იულიან კინონესიმ გაიტანა. 66-ე წუთზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი თუ არა, ჟილბერტო მორა გახდა პირველი 17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ითამაშა. საერთო ჯამში მსაჯს ორჯერ დასჭირდა VAR-თან კონსულტაცია, გააგდო 3 ფეხბურთელი (1 მექსიკელი და 2 სამხრეთ აფრიკელი), შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი, 72-ე წუთზე რაულ ხიმენესმა გაიტანა. მექსიკის ნაკრებმა სასტარტო შეხვედრა 2-0 მოიგო და ვიდრე ჩვენს კონტინენტზე გამთენია სამხრეთ კორეა და ჩეხეთი ითამაშებენ, ჯგუფს, ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 2026 წლის მუნდიალი, ერთდროულად სამ ქვეყანაში აშშ, მექსიკასა და კანადაში იმართება და წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, მასში 16 გუნდით მეტი, 48 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. შესაბამისად, გაიზარდა ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე ჯგუფებიც. საერთო ჯამში 12 ჯგუფი მასპინძელი ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად არიან გადანაწილებულნი - მექსიკაში А, C, G და K ჯგუფის ნაკრებები ითამაშებენ:
A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი
C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია
G ჯგუფი: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია
K ჯგუფი: პორტუგალია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უზბეკეთი, კოლუმბია
სამი ჯგუფი ითამაშებს კანადაში - B, F და L:
B ჯგუფი: კანადა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კატარი, შვეიცარია
F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი, ტუნისი
L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა
ყველაზე მეტი, 5 ჯგუფი იასპარეზებს ამერიკის შეერთებულ შტატებში:
D ჯგუფი: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი
E ჯგუფი: გერმანია, კურასაო, კოტ დ'ივუარი, ეკვადორი
H ჯგუფი: ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი
I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ერაყი, ნორვეგია
J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია
მსოფლიო ჩეპიონატის ფორმატით, მომდევნო ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ, საერთო ჯამში 24 და მათ, 8 საუკეთესო მეორე ადგილოსანი შეუერთდება. ასეთი გზით, 1/16 ფინალური წყვილები შედგება თუმცა, ამის შესახებ, ჯგუფური ეტაპი დასრულებისას ვილაპარაკოთ.
მანამდე კი გეტყვით იმას, რომ უეფა-მ, მისი პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის და უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის Caf-თან, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან თათბირის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება გამოაცხადა - სომალელი მსაჯი, ომარ არტანი (CAF-ის 2025 წლის საუკეთესო მსაჯი), რომელიც გუშინ, აშშ-ში არ შეუშვეს, ტერორისტულ ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირის გამო, აგვისტოში, უეფა-ს სუპერ თასის (პსჟ - „ასტონ ვილას") შეხვედრას განსჯის. ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ BBC-მ გაავრცელა.
„ფეხბურთი ხალხს აერთიანებს და უეფა-ს უნდა, რომ ომარს მისადმი პატივისცემა დაუფიქსიროს, იმ გამორჩეული სამსაჯო უნარების გამო, რის გამოც მან ასეთი პრესტიჟული ნომინაციის მოგება შეაძლებინა. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის Caf-ის პრეზიდენტის პატრის მოტსეპესი, რომელმაც ჩემს ინიციატივას მხარი დაუჭირა", - ამბობს ჩეფერინი.
და ბოლოს, ისევ ჩემპიონატის თემას რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩები 28 ივნისს დასრულდება. მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა კი, 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში გაირკვევა.
ფოტო: (C) FIFA





ჩვენ








