სერჰიი ფინალშია, ალექსანდრე და ბადრი ნახევარფინალში
სერჰიი ფინალშია, ალექსანდრე და ბადრი ნახევარფინალში
11.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს პორტუგალიაში კანოე სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. კონტინენტის პირველობა 11-14 ივნისს გაიმართება და უკვე ტრადიციულად მასში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ.


მონტემორ-უ-ველიუში, საქართველოს ალექსანდრე წივწივაძე, ბადრი ყაველაშვილი, გია გაბედავა და სერგეი იემილიანოვი წარმოადგენენ. საერთო ჯამში პირველობაზე 40 ქვეყნის 800-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.


სერჰიი იემილიანოვი KL3 (200 მ) ფინალშია. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა საკვალიფიკაციო გაცურვისას, დისტანცია 41.117 წამში დაფარა და A ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო გაცურვაში ევროპის 2025 წლის, შესაბამისად მოქმედმა ჩემპინმა მისსავე საუკეთესო დროსთან შედარებით მეტი მოანდომა დისტანციის დაძლევას, თუმცა, ამ გადმოსახედიდანაც, ორივე საკვალიფიკაციო გაცურვაში მისი დრო საუკეთესო იყო. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ 13 ივნისს, იემილიანოვი, ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას მოახერხებს. ფინალური გაცურვა თბილისის დროით 18:11 საათზე დაიწყება.


ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელი დღესვე შეეცდა პირველი ეტაპის გადალახვას და ფინალში გასვლას. მათ შორის პირველი სტარტზე ალექსანდრე წივწივაძე C1 (200 მ) და ბადრი ყაველაშვილი K1 (200 მ) გამოვიდნენ.


ალექსანდრე წივწივაძემ C1 (200 მ) დისტანცია 42.934 (+1.385) დაფარა, გაცურვაში მე-4 ადგილი დაიკავა და 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი მედლებისთვის ბრძოლას ხვალ 12 ივნისს, თბილისის დროით, დაახლოებით 13:00 საათიდან გააგრძელებს.


ფინალში გადასასვლელად იბრძოლებს ხვალ, ბადრი ყაველაშვილიც K1 (200 მ), რომელმაც საკვალიფიკაციო გაცურვაში  34.849 (+0.830) დროით ჯგუფში, მე-5 ადგილი დაიკავა და 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს 1/2 ფინალიც ხვალ, 12 ივნისს გაიმართება. ქართველს კი, სტარტზე დადგომა თბილისის დროით 12:35 წუთიდან მოუწევს.   


საკვალიფიკაციო გაცურვაში გამოეთიშა ასპარეზობას გია გაბედავა, რომელიც C1 (500 მ) კატეგორიაში ასპარეზობდა. ჩვენმა წარმომადგენელმა დისტანცია  2:04.506 (+14.418) დაფარა, რაც 1/2 ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.