
დღეს, სპორტულ კაფე „მარაკანას", რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარეობს განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა, სპორტული ჟურნალისტები და ქალი ფეხბურთელები. საქმე ისაა, რომ ჩვენმა სპორტულმა ვებ-პორტალმა TSFF.Ge-მ, 2025 წლის დეკემბერში პირველად, ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებს საუკეთესო ქალი ფეხბურთელების გამოვლენა სთხოვა. ფეხბურთის გულშემატკივარს მოგეხსენებთ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩენი კოლეგები გაზეთ „სარბიელიდან" წლის საუკეთესო კაც ფეხბურთელებს ასახელებდნენ. მაშინ, სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა ფეხბურთი არ იყო პოპულარული, თუმცა, ქალთა საფეხბურთო კლუბები მაშინაც იყო. იყო, ისე, რომ ფეხბურთი გულშემატკივარმა არც მათი არსებობა იცოდა და არც იქ მოთამაშე გოგონების გვარები და სახელები...
წლების შემდეგ, განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა ჩვენთან საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო, ჩვენი ვებ-პორტალის გადმოსახედიდან ქალთა ფეხბურთში წარმატებული გოგონები ოდნავ ჩრდილში მოქცნენ, რა თქმა უნდა, ბიჭების ფონზე. სამწუხაროდ, არა მხოლოდ გულშემატკივარმა, არამედ ფეხბურთში „მომუშავე" ხალხმაც კი, მხოლოდ მათი სახელები იცოდა, ვინც მაგალითად, სანაკრებო შეხვედრაში ერთზე მეტ გოლს გაიტანდა - ზოგადად საწყის ეტაპზე გოლები, ჩვენს გოგონებს სანაკრებო შეხვედრები გვაქვს მხედველობაში, ისედაც ცოტა გაგვქონდა. შესაბამისად ჩვენმა ვებ-პორტალმა კოლეგებს, ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს, მათ ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება ჰქონდათ ქართულ ქალთა ფეხბურთთან და მათი თამაშების, ეროვნული ჩემპიონატის (ორი ლიგის) და სანაკრებო (ეროვნული, 19-წლამდე, 17-წლამდე) გაშუქება უწევდათ ვთხოვეთ 2025 წელი შეეჯამებინათ და სპორტული მედიის ვერსიით საუკეთესო ქალი ფეხბურთელები დაგვესახელებინა.
გამარჯვებულები, 2025 წლის ბოლოს კი გამოვავლინეთ და ამის შესახებ, ჩვენი ვებ-პორტალიც იტყობინებოდა (იხილეთ ბმული), თუმცა მედიისა და ფეხბურთელების გრაფიკის გადამკიდე გამარჯვებულებს პრიზები მხოლოდ, დღეს გადავეცით.
მოგეხსენებათ, გამოკითხვისთვის სახელად შევარჩიეთ „დალი" - ნადირობისა და ველური ბუნების ქალღმერთი, ქართულ (სვანურ) მითოლოგიაში - იდეალური სიმბოლო სპორტული დაჯილდოებისთვის, რომელიც განასახიერებს სისწრაფეს, ძალას, მიზანსწრაფულობას, სამართლიანობასა და მადლს. სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ლოგოტიპი, რომელიც მომავალი გამოკითხვების იქნება იდენტობისა და ცნობადობის მანიშნებელი.
გამოკითხვაში კი, მონაწილეობა ქართული სპორტული მედიის იმ 20-მა წარმომადგენემა მიიღო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ ვინც სისტემატურად აშუქებდნენ ქალთა ფეხბურთს საქართველოში, მათ შორის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს. საუკეთესოები საერთო ჯამში, 15 ნომინაციაში დავასახელეთ, შევადგინეთ 2025 წლის სიმბოლური ნაკრებიც.
ჩვენი, როგორც ორგანიზატორების სურვილი იყო, ქართული სპორტული მედიისთვის და საზოგადოებისთვისაც უფრო მეტი გოგონა ფეხბურთელი გაგვეცნო მოედანს მიღმა.
„მარაკანაშიც" დაჯილდოების ცერემონიას, ქალთა ფეხბურთში გამობრძმედილი ნიკა მითაიშვილი და სპორტული ჟურნალისტი, მხოლოდ არასაფეხბურთო, ალბათ უფრო საჩოგბურთო თემებში გათვითცნობიერებული ნინი თვალავაძე გაუძღვნენ. ჩვენთან იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე, რომელიც ამჯერად VAR-თან მიმავალ მსაჯების ქმედებებს არ აკვირდებოდა, არამედ, ქალ ფეხბურთელებს, მომავალ საფეხბურთო ბატალიებში წარმატებებს უსურვებდა.
შინაურულ, ნახევრად ფორმალურ შეხვედრას მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას" პრეზიდენტი ევა ბაბალაშვილი (ჩვენი ლეგენდარული კოლეგის ჯამლეტ ხუხაშვილის მეუღლე) ესწრებოდა, რომელმაც ჩვენს ჯილდოსთან ერთად, საკუთარი ორგანიზაციის სახელითაც პრიზი გადასცა ირის ანტმანს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს.
თავისი რჩეულები დაასახელეს ქართული სპორტის ქომაგებმაც, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომავალშიც განაგრძობენ TSFF.Ge-სთა თანამშრომლობას.
სპორტული მედიის ვერსიით, საუკეთესო ქალი ფეხბურთელების დაჯილდოების ამ ღონისძიებას ვერ ჩავატარებდით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცის მხარდაჭერისა (რომელთან ერთად, ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური ხასიათი შევძინოთ „დალის") და ქალაქ თბილისის მერიის, კერძოდ სპორტის სამსახურის ხელშეწყობის გარეშე, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი პარტნიორი, კიდევ ერთ საინტერესო პროექტში „სპორტფოტო" იყო.
ღონისძიების შესახებ, ვიდეო რგოლით, მონაწილეთა კომენტარებით, ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე განვავრცობთ თემას, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული ჩეპიონატი 13 ივნისიდან, სანაკრებო შესვენების შემდეგ განახლდება. ოთხ ტურში კი, ქალთა ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სატურნირო ცხრილის და დღეს, „მარაკანაში" დაჯილდოებული გოგონების უმეტესობა მედლებისთვის და უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2027-2028 წლის ერთადერთი საგზურისთვის დაიწყებს ბრძოლას. 10-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ბოლო ექვსეული კი შეეცდება ე.წ. ქვედა ჯგუფში პირველი სამი ადგილი დაიკავოს, ვინაიდან მომავალ წელს, ქალთა ლიგა ფორმატს იცვლის. თუმცა, ამის შესახებ უკვე სხვა სტატიაში.





ჩვენ








