
დღეს მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრის წინ ბოლოჯერ ივარჯიშა. დასკვნით შეხვედრას კი, ჩვენი ნაკრები ხვალ, 9 ივნისს თბილისის დროით, საღამოს 9 სააზე ამავე სტადიონზე საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. საბერძნეთის ნაკრებს, რომელიც პირველივე ტურიდან ჯგუფის ფავორიტი იყო, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება განაღდებული აქვს. აი, ჩვენი ნაკრებს კი, შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში, უბრალოდ, დასამტკიცებელი აქვს, რომ გუნდს, წელს, შეიძლება სადღაც იღბალიც დააკლდა, იმ გამოცდილებასთან ერთად, რომელსაც ჩვენი გოგონები, თამაშიდან თამაშამდე იძენენ.
„საბერძნეთი ძლიერი მეტოქეა. სამწუხაროდ, გასვლითი მატჩი დავთმეთ, თუმცა, საკუთარ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. გუნდში კარგი განწყობაა და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი მაქსიმალურად დაგვეხმარება ხვალინდელ შეხვედრაში", - ამბობს ნინო ბუხრიკიძე, ქალთა ეროვნული ნაკრებს ფეხბურთელი.
შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრებს ჩვენი ნაკრები დანაკლისით შეხვდა - ეროვნულ ნაკრებს ერთბაშად ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი თეონა ბაქრაძე, სალომე გასვიანი და ირინა ხაბურზანია (ქალთა ლიგის ბოლო ტურში მიიღო მან დაზიანება და შეცვალეს) დააკლდა. კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი, თამარ ტატუაშვილი კი, 5 ივნისს, ფარერის კუნძულების ნაკრებთან დაპირისპირებისას მიღებული ტრავმის გამო 22-ე წუთზე შეცვალეს. სამწუხაროდ, ფეხბურთელის ტრავმის სირთულე, ჯერ ისევ დასადგენია.
„ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია გვაქვს და ამიტომ ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ. ვფიქრობ, ამ საკვალიფიკაციო ციკლიდან დადებითი მხარეებიც უნდა დავინახოთ. ვიცი, რთულია კარგზე საუბარი, როცა მარცხდები, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რეალობა კი ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა. ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ პირველ რიგში იმისთვის ვართ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ, რადგან ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ბოლომდე ღირსეულად წარმოადგენენ ეროვნულ ნაკრებს. ახალ ფეხბურთელებს შანსს მივცემთ. ერთ-ერთი მათგანი, 15-წლამდე ნაკრებიდან იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ და ამ მატჩითაც ვისიამოვნოთ. ასევე, გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ამ პერიოდში გუნდის გვერდით იდგნენ", - ამბობს ირის ანტმანი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
სხვათა შორის ირისიც და ფეხბურთელებიც, ქართველ ქომაგებს, მატჩზე დასწრებისკენ და მათი გამხნევებისკენ მოუწოდებენ, რადგან საშინაო თამაშებში ამ, ერთის შეხედვით, დეტალს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველო - საბერძნეთის ქალთა ეროვნული გუნდების მატჩი, როგორც უკვე გითხარით, 9 ივნისს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ფოტო: სფფ





ჩვენ








