გორის „დილამ“ ლევან კორღალიძის კლუბიდან წასვლა დაადასტურა
გორის „დილამ“ ლევან კორღალიძის კლუბიდან წასვლა დაადასტურა
07.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, თუმცა, არაოფიციალურად, ქართველმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, რომელიც საფეხბურთო კლუბ გორის „დილაში" მაისის დასაწყისში მივიდა სამუშაოდ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თანამდებობა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის მიზეზით დატოვა. როგორ ჩანს, კორღალიძემ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე, ვერ მიიღო გარანტიები მისთვის სასურველი ფეხბურთელების შეძენასთან დაკავშირებით.  


„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. გუნდის ხელმძღვანელობამ მას ყველანაირი მხარდაჭერა შესთავაზა და დარჩენა სთხოვა, თუმცა ამ ეტაპზე ლევანმა საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა.


მადლობას ვუხდით ლევან კორღალიძეს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ კორღალიძის გუნდში მოსვლის შემდეგ, „დილამ" სამი შეხვედრა წააგო „ტორპედოსთან", „გაგრასთან" და „სამგურალთან", „დინამო თბილისთან" კი, ფრედ ითამაშა. 16 ტურის შემდეგ, გორის „დილას" 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.


ამ ეტაპზე „დილა" კვლავ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. გუნდი კი, სანაკრებო შესვენების შემდეგ, პირველ შეხვედრას 12 ივნისს, ბათუმში, „დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. ამასობაში უეფა-ს ევროტურნირების წილისყრაც ახლოვდება და ბუნებრივია, მწვრთნელის გარეშე დარჩენილი კლუბისთვის ცოტა რთული წარმოსადგენია, როგორ აპირებს საერთაშორისო სარბიელზე ასპარეზობას გორული კლუბი.


ფოტო: "დილა"