
ზედიზედ მეორე წელია კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ახერხებს ფუტსალში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგებას. ამასთან, წელს კსუ-მ დუბლი გაიფორმა და ფუტსალში, საქართველოს თასის მოგებიდან ერთ თვეში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში საქართველოს 2025-2026 წლების სეზონის ფინალის ბოლო შეხვედრა გაიმართა. სერიაში, რომელშიც კსუ და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" ხვდებოდნენ სამი მატჩის შემდეგ, ანგარიში 2-1 იყო კსუ-ს სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ „კავკასიელებმა" სერიის პირველი ორი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით 4-1 მოიგეს, თუმცა, მესამეში მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ და საჩემპიონო ზეიმი ოდნავ გადადეს. იმ შემთხვევაში, თუკი დღეს ისინი წააგებდნენ, დაინიშნებოდა კიდევ ერთი, გადამწყვეტი შეხვედრა. თუმცა, მეხუთე მატჩი არ გახდა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა, შეხვედრის ეს მონაკვეთიც „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსელების" უპირატესობით წარიმართა და კარში დარტყმების მხრივაც მაჩვენებელი მათ სასარგებლოდ იყო, „კავკასიელებმა" მეორე ტაიმში მაქსიმალური გააკეთეს. აქვე გეტყვით, რომ ანგარიში 11'55'' წუთზე გიორგი ჩიმაკაძის გოლით კსუ-მ გახსნა. 16'00'' წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა გაათანაბრა. აი, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე კი, კსუ-მ საჩემპიონო განაცხადი გააკეთა, რამეთუ 6-წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაიტანა - 25'40'' ნოდარ ქურცაძემ კსუ კვლავ დააწინაურა, 27'24'' ლევან ფარცვანიამ კიდევ უფრო გაზარდა ანგარიში, 31'58'' კი საბა ტყეშელაშვილმა ფუტსალში, ტიტულოვანი კლუბის კარში მეოთხე გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ასათიანის „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" დანებებას არ აპირებდა. 35'4'' ვახტანგ კეკელია, როდესაც მისი გუნდი ე.წ. ზედმეტი მოთამაშით უტევდა ერთი ბურთის შემცირება მოახერხა, 2-4. ამას გარდა, შეხვედრის ბოლო წუთებიც, ძირითად ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი უტევდა, თუმცა მათ წინ კსუ-სა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ალი ასლანი იდგა და ნაკრებში თანაგუნდელებს, კლუბში, გოლის გატანის შესაძლებლობას არ აძლევდა. შესაბამისად, „ჯორჯიანსელებმა" ამ შტურმის მიუხედავად ვეღარც გოლის გატანა მოახერხეს, დღევანდელ შეხვედრაშიც დამარცხდნენ 2-4 (იზილეთ მატჩის ტექნიკური ოქმი ) და სერიაც წააგეს 1-3.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს მედლები სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა გადასცეს. თუმცა, მედლებამდე დააჯილდოვეს 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები - ფუტსალის ლიგის საუკეთესოები ნომინაციების მიხედვით გახდნენ:
ჯანიკო გიორგაია (კსუ) - სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 24 გატანილი გოლით
ალი ასლანი (კსუ) - სეზონის საუკეთესო მეკარე
საბა ტყეშელაშვილი (კსუ)- საუკეთესო მცველი
ირაკლი თოდუა („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი") - ფუტსალის ლიგის საუკეთესო უნივერსალი
ჯანიკო გიორგაია (კსუ)- სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი
ლევან კობაიძე (კსუ) - საუკეთესო მწვრთნელი
ალი ასლანი (კსუ) - სეზონის საუკეთესო მოთამაშე
აქვე გეტყვით, რომ კსუ, უეფა-ს 2026-2027 წლების ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ფოტო: ფუტსალის ლიგა





ჩვენ








