
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, ფარერის კუნძულებთან 2-3 დათმო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი ამ შეხვედრაში ორჯერ გავიდა წინ და შეხვედრის დასრულებამდე, 3 წუთით ადრე 2-1 იგებდა, საბოლოოდ დამარცხდა. მატჩის შეფასებისას, ირის ანტმანი იტყვის, რომ ეს ის მომენტი, რომლის ახსნაც, ქართველთა მწვრთნელს უჭირს. გეტყვით იმასაც რომ ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე აკლდა დაცვაში სალომე გაზვიანი, ნახევარდაცვაში ირინა ხაბურზანია და თავდასხმაში თეონა ბაქრაძე. ამ დანაკლისს ისიც დაემატა, რომ ირის ანტმანს, 22-ე წუთზე ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და გამოცდილი მცველის თამარ ტატუაშვილის იძულებით შეცვლა მოუხდა. სწორედ ამ თემებზე ილაპარაკა ანტმანმა.
ირის ანტმანი, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ვფიქრობ კარგად დავიწყეთ თამაში. მოთამაშეებმა იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ. კონცენტრაცია იყო კარგი და მათ ჰქონდათ ბევრი შანსი გაეტანათ გოლი. მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ. მოვახერხეთ გოლების გატანა, მაგრამ საკმაოდ მარტივი გოლები გავუშვით. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის პროცესი, ვასწავლოთ მოთამაშეებს, როგორ უნდა დაიცვან თავი ისეთი გუნდებისგან, რომლებსაც აქვთ ენერგია შემონახული. ჩვენ უნდა ის შანსები გამოგვეყენებინა რაც გვქონდა, მაგალითად კუთხურების მომენტებში. მაგრამ ზოგჯერ, რაღაცეების ახსნა მიჭირს.
ტატუაშვილთან დაკავშირებით ჯერ არ ვიცით არაფერი. ვიცით მხოლოდ, რომ მუხლი დაუზიანდა. ხვალინდელ დღეს ველოდებით, რადგან თუ ტრავმა სერიოზულია, ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება. დაგვაკლდება კაპიტანი და უპირველესად დაცვის ხაზის მოთამაშე. ეს 100%-ით შეარყევს გუნდს, მაგრამ ვფიქრობ, ვინც ის შეცვალა, უდიდესი სამუშაო გასწია - წოწერია მყავს მხედველობაში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბოლოსკენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაგვაკლდა. შევეცადეთ, მათი ჩანაცვლება ახალი სახეებით. ეროვნული ნაკრებისთვის ეს კარგი პროცესია, მაგრამ გამარჯვებისთვის ჩვენ გვინდა ბევრად უფრო გამოცდილი მოთამაშეები. ჩვენ ახლა არ გვყავს ფეხბურთელების, ვისაც აქვს გამოცდილება. ირი, ბაქრა, სალომე აღმოჩნდნენ ნაკრების მიღმა და ჩვენთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის არის ძალიან ბევრი. და მიუხედავად ამ დანაკარგისა, ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ შანსები. ბოლოს და ბოლოს, ეს ფეხბურთია - ვერ ვხსნით მიზეზებს, რის თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ მომდევნო თამაშზე, უკეთესად ვითამაშოთ.
საბერძნეთი საკმაოდ კარგი გუნდია და უკვე კვალიფიცირებულია ჯგუფიდან. ვფიქრობ, რომ საქართველოში სრული ძალით არ ჩამოვლენ. თუმცა, ამის გარეშეც, მეორე გუნდითაც რომ ჩამოვიდეს თბილისში, საკმაოდ ძლიერი გუნდია. უპირველესად, ახლა უნდა მოვახერხოთ აღდგენა და ვინც ჯანზე იქნება ითამაშებს. ყველანაირად შევეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ. ახლაც, ფეხბურთელებში ბევრი კარგი ნიშანი შევნიშნე. როდესაც ანგარიშს უყურებ იმედგაცრუებას გრძნობ, განსაკუთრებით, თუ როგორი გოლები გავუშვით. მაგრამ საბოლოოდ, იმით რაც მოთამაშეებმა გააკეთეს, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მათ ყველაფერი გააკეთეს, ითამაშეს გუნდურად, კარგი კომბინაციები ჰქონდათ. მაგრამ ზოგჯერ ეს არაა საკმარისი. უფრო მეტი იღბალიც მინდა.
მაიკო ბებია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი: პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, მოსვლისთვის და ქომაგობისთვის. რაც შეეხება თამაშს, კარგად ვაკონტროლებდით პირველ ტაიმს, კარგადაც დავიწყეთ. გვგქონდა ბევრი მომენტი, რაც ვერ გამოვიყენეთ, იყო დაცვაში შეცდომები, რაც ამ მატჩში 3 ქულად დაგვიჯდა. ვწუხვარ ასეთი შედეგისთვის, შემდეგ თამაშზე შევეცდები ის შეცდომები რაც გვგქონდა გამოვასწოროთ და გულშემატკივარს, დადებითი ემოციები ვაჩუქოთ. ვეცდებით, ბოლო სახლში, ბოლო სამი ქულა ავიღოთ.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 9 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








