მთელი თამაში უპირატესობა და ბოლო სამ წუთში განცდილი მარცხი...
მთელი თამაში უპირატესობა და ბოლო სამ წუთში განცდილი მარცხი...
05.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა შეხვედრა ჩაატარა ფარერის კუნძულების ნაკრებთან და სამწუხაროდ დამარცხდა, 2-3 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი).


თბილისური ივნისისთვის ჩვეულ, თუმცა, რადიკალურად განსხვავებულ ამინდში, თუნდაც იმ პერიოდისგან განსხვავებით, რა დროსაც ჩვენს ნაკრებს საწვრთნელი პროცესის გამართვა მოუხდა, დღეს გოგონებმა მაქსიმალური ჩადეს. ქართველთა ნაკრები ბურთის ფლობის მხრივაც უკეთესი იყო, მეტოქის კართან შექმნილი მომენტების თვალსაზრისითაც, აკონტროლებდა თამაშს და 87-ე წუთამდე ანგარიშიც ჩვენს სასარგებლოდ იყო.


პირველი მომენტი ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მე-7 წუთზე შექმნეს, უკვე მე-12 წუთზე ლიზი მწყერაშვილის დარტყმული ფარერების მეკარემ მოიგერია. მე-13 წუთზე მარცხენა ფლანგიდან თიკო ამბალიას ერთ-ერთი აქტიურობას მოჰყვა ის, რომ სტუმრებმა ლიზი მწყერაშვილს ბურთის მიღებაში ხელი შეუშალეს და პენალტი აიკიდეს. 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა მაიკო ბებიამ და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.


აქვე გეტყვით, რომ ირის ანტმანის გაწვრთნილ გუნდს ტრავმების გამო დაცვაში სალომე გასვიანი, შეტევაში კი, თეონა ბაქრაძე აკლდა - ამ ფორმაციის ნაკრების ორი წამყვანი მოთამაშე. პირველ რაიმში კი, ტრავმის გამო, იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია ქართველთა გუნდის მწვრთნელს - გუნდის კაპიტანი და ჩვენი ნაკრების ერთ ერთი ვეტერანი, თამარ ტატუაშვილი ტრავმის გამო 22- ე წუთზე შეცვალეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ამ გარემოებას ჩვენთან ლაპარაკში ირის ანტმანიც აღნიშნავს და იმედს, გამოთქვამს, რომ ტატუაშვილის ტრავმა არ აღმოჩნდება სერიოზული, „მაშინ როცა, გვაკლდა ძირითადი გუნდის ორი წამყვანი მოთამაშე, ბაქრაძე და გასვიანი, რაც საქართველოს მსგავსი გუნდებისთვის სერიოზული დანაკლისია, ტატუაშვილის გამოკლება დიდი დარტყმა იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ნათია წოწერია, რომელმაც „ტატუ" შეცვალა, მასზე დაკისრებულ დავალებებს კარგად გაართვა თავი", - ამბობს ანტმანი.


სიცხის მიუხედავად, დღეს კვიპროსელ მსაჯებს წყლის შესვენება არ აუღიათ, თუმცა, სტუმარი გუნდის ფეხბურთელები ამას პერმანენტულად, მინდორზე ექიმის მოთხოვნის ხარჯზე აკეთებდნენ. ამ გაჩერებების გამო, პირველ ნახევარს 6 წუთი დაემატა და სწორედ, ამ კომპენსირებულ დროში გავიდა გოლი ჩვენს კარში. პირველი ნახევარი ფრედ, 1-1 დასრულდა.


მეორე ტაიმიც ქართველთა ნაკრების უპირატესობით წარიმართა. უეფა-ს ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებელში ქართველთა გუნდს მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით 14-ჯერ აქვთ დარტყმული, მოწინააღმდეგეს, მხოლოდ 7-ჯერ. 53-ე წუთზე ჩვენი გუნდის პრესინგის შედეგად, სტუმრებმა შეცდომა დაუშვეს, ნინო ბუხრიკიძემ კი, კარგად შენიშნა კარიდან შორს გამოსული მეკარე და მშვიდად გადააგზავნა ბურთი კარში, ქართველთა გუნდი 2-1 დაწინაურდა.


„გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა - თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს ამით. სწორედ ეს მოხდა დღესაც. ბოლოს ყველაფერი შეტევაში ჩავდეთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდოდა, და ამის ფონზე მესამე გოლიც გავუშვით. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ", - ამბობს ირის ანტმანი.


სხვათა შორის საქართველოს ნარებს ერთი გოლი გაუუქმეს - 68-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, შემდეგ, დამატებაზე ბურთი კარში ნათია დანელიამ გადააგზავნა, თუმცა, ჩვენებური თამაშგარე მდგომარეობაში იყო და შესაბამისად გოლიც გაუქმდა. 86-ე წუთზე, მსაჯმა დარღვევა ნათია დანელიაზე დააფიქსირა, თანაც ჩვენს საჯარიმოში და 11-მეტრიანი დანიშნა - ფარერებმა 87-ე წუთზე გაგვითანაბრეს. აი, 90-ე წუთი, კი როგორც ჩანს ფარერების არის, რადგან ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში გასვლაზე, ამჯერადაც, გამარჯვების გოლი კუნძულელებმა 90-ე წუთზე გაგვიტანეს.


საქართველოს ნაკრები, როგორ უკვე გითხარით, სამწუხაროდ დამარცხდა და ბოლო შანსიც, საუკეთესო მეორე გუნდის კვალობაზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ეთამაშა დაკარგა. თუმცა, ირის ანტმანის გუნდს, ჯგუფში ბოლო შეხვედრა დარჩა გასამართი, რომელსაც მიხეილ მესხი 2-ზე 9 ივნისს, ჯგუფის ლიდერის, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.