სპარინგი, რომელიც განსხვავებული სათამაშო სტილის გამოც საინტერესოა
სპარინგი, რომელიც განსხვავებული სათამაშო სტილის გამოც საინტერესოა
04.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან თამაშის წინ, მიხეილ მესხზე ბოლოჯერ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს, გიორგი ჩაკვეტაძე აკლდა, რომელმაც, რუმინელებთან შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, მცირე ტრავმა მიიღო და ვილი სანიოლის მისი შეცვლა მოუხდა. იმ შეხვედრის პირველ ნახევარში, „ჩაკვე" ქართველთა გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ბუნებრივია, ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით ქართული მედია, რომელიც ტრადიციულ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე შეხვდა ვილი სანიოლის, გიორგის ჯანმრთელობითაც დაინტერესდა.


„ჩაკვეს" ისე აქვს ფეხი დასიებული, რომ ვერანაირი ზომის ბუცს ვერ მოირგებს. თუმცა, სერიოზული არაფერია და მალე ის კვლავინდებურად ფორმაში იქნება", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელიც ბაჰრეინთან მატჩისთვის რუმინეთის მატჩისგან განსხვავებით ცვლილებებს აანონსებს.



 „5-6 ცვლილება იქნება. რა თქმა უნდა, მთელი გუნდი არ შეიცვლება, მაგრამ ცვლილება იქნება ბაჰრეინთან თამაშში. ეს გუნდი, ჩვენსავით ბოლო წლებში გაზრდილია. თავიანთ კონფედერაციაში კარგი შედეგი აქვთ. კარგი გუნდია, განსხვავებული თამაშის სტილით, რაც ჩვენი გამოცდილებისთვისაც საინტერესოა. ჩვენ ხვალინდელ მატჩს ვუყურებთ სერიოზულად", - ამბობს სანიოლი.


სასტარტო შემადგენლობაში ხვალინდელ მატჩში ჩაკვეტაძის გარდა არ იქნება გიორგი მამარდაშვილი. ვილი სანიოლი თვლის, რომ ხვალინდელ შეხვედრაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება ლუკა გუგეშაშვილს. ზოგადად, ვილიმ დღეს, მეკარეების თემაზე ცოტა უფრო ვრცელი კომენტარი გააკეთა, რა თქმა უნდა მედიის კითხვებიდან გამომდინარე.



„წლევანდელი სეზონი „მამარდასთვის" არ იყო ოპტიმალური. მას არ ჰქონდა  ბევრი სათამაშო დრო „ლივერპულში". რაც ზოგადად მეკარეებისთვის ძალიან ცუდია. ნაკრებში გვინდა ბევრი კარგი მეკარე გვყავდეს, არა მხოლოდ, ერთი ან ორი, თან რომელსაც კლუბებში სათამაშო დრო ექნებათ. ხვალ კი, „გუგეშას" ექნება შესაძლებლობა დაამტკიცოს თავისი და ეს იქნება ჩვენთვის გამოსავალიც.


როცა მამარდაშვილმა „ლივერპულთან" მოაწერა ხელი, რა თქმა უნდა მესიამოვნა, რადგან მისთვის იყო დიდი ნაბიჯი. წავიდა მსოფლიოს ერთ-ერთ დიდი გუნდში. თუმცა, ის რომ მინდვრის მოთამაშე ყოფილიყო, უფრო მეტი შანსი ექნებოდა ეთამაშა. მაგრამ ამ ჩამონათვალში ვერ ხდებიან მეკარეები. მეკარეს კი, რომელიც არ თამაშობს, წინსვლა არ ექნება. მე რომ მკითხოს, ვურჩევდი ისეთ გუნდში წავიდეს, სადაც სათამაშო დრო ექნება. 26 წლის მეკარე სათადარიგო სკამზე არ უნდა იჯდეს. ჩემი აზრით, გამოსავალი ესაა", - ამბობს ვილი სანიოლი.


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ რუმინეთთან მისმა გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა, ერთ-ერთი საუკეთესო ბოლო 12 თვის განმავლობაში - ინტენსიური, თუმცა, იყო ხარვეზიც, ბოლო პასის მომენტში გვაკლდებოდა ხარისხიო. ზოგჯერ არის რომ გვინდა ბევრი გოლი, მაგრამ ასე არ ხდება და ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებულიო. მედიას კი, დაპირდა, რომ მისი გუნდი ხვალ უფრო ეფექტური იქნება.



„კარგი იყო ეს დიდი შესვენება თამაშებს შორის, ზოგადად, ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. ვფიქრობ, ფეხბურთელების მენტალიტეტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასული კვირის განმავლობაში მათ საოცრად იმუშავეს - დიდი შრომითა და პროფესიონალიზმით. რუმინეთთან ჩვენი კარგი თამაში სწორედ ამ მიდგომის შედეგი იყო. გვინდა, რომ შეკრება ბაჰრეინთან კარგი მატჩით დავასრულოთ და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივარს, გავიტანოთ ბევრი გოლი, როგორც ჟურნალისტებს უნდათ,"- ამბობს სანიოლი.


ალბათ, როდესაც ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების ეფექტურობაზე ლაპარაკობდა ხვალინდელი შეხვედრისთვის და ბევრ გოლზე, რომელიც ქართულ მედიასაც გაუხარდება, ნაწილობრივ კვარაცხელიასაც გულისხმობდა. ხვიჩამ დღეს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა და საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო.


„ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელ თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. ის, პირველი წუთებიდან თავის გუნდთან და თანაგუნდელებთან ერთდ იქნება", - ამბობს სანიოლი. სხვათა შორის, ვილიმ დღეს ხვიჩა, მომავალი თაობის ფეხბურთელებსაც მაგალითად მოიყვანა. ქართველთა ფრანგი დამრიგებლის აზრით, ერთია ტალანტი და მეორე ის უნარები, რაც ამ ტალანთან ერთად, თანხვედრაში მოიყვანა ხვიჩა კვარაცხელიამ.



„კვარამ" ძალიან ბევრი იმუშავა. ფეხბურთი არ არის მხოლოდ ის, რომ ბურთი აგორაო, უნდა იფიქრო კიდეც. არიან ნიჭიერი ფეხბურთელები და მათ აქვთ შანსი, გრძელი გზა გააზრებულად გაიარონ. მარტო სირბილი და კარში დარტყმის ცოდნა არაა საკმარისი. სტრატეგიის, დისციპლინის პატივისცემა, აზროვნება. ეს მძიმე სამუშაოა. ბართიშვილს, ვუსურვებთ, რომ ისწავლოს ბევრი, დავაკვირდებით დინამიკაში მის ზრდას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ", - ამბობს ვილი სანიოლი, რომლის ეს რჩევა, ალბათ მხოლოდ „ბართის" არა, სხვა ნიჭიერ ფეხბურთელებსაც ეხება.


ვილი სანიოლთან ერთად,  დღეს მიხეილ მესხზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი შემოვიდა და მედიის კითხვებს უპასუხა: „ამხანაგური თამაშები მნიშვნელოვანია მოსამზადებლად. ერთ-ერთი ასეთი ნაკრები არის ბაჰრეინის ნაკრები. ვეცდებით, რომ მოვიგოთ, რადგან ასეთ თამაშებში მოგებები გვჭირდება.  



ერთა ლიგის ჯგუფი გეთანხმებით არ არის მარტივი, მაგრამ ის გამოწვევები რაც გვაქვს, მათთვის მზად უნდა ვიყოთ და კონკრეტულ თამაშებს მზად უნდა შევხვდეთ. მარტივად, არაფერი მოგვეცემა, მაგრამ სანაკრებო დონეზე ყველაფერი ბევრად რთულია. რა თქმა უნდა, განსხვავებული ფორმატია, სიახლე იქნება ფეხბურთელებისთვისაც. ის თამაშები დაგვანახებს სად ვიქნებით და მაქსიმალურად, მზად უნდა შეხვდეს ყველა ფეხბურთელი", - ამბობს „კიტე".


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 20:00 საათზე ბაჰრეინის ნაკრებს დაუპირისპირდება.