
„ახალწვეული მცველებიდან ვის შეუძლია მაღალი პრესინგით თამაში? ბოლო წლებში ნაკრებისთვის კაშიას მსგავსი მცველის პოვნა ფუფუნება იყო. ამასთან, დაცვის ცენტრში დავკარგეთ ხოჭოლავა, კვირკველია და გველესიანი. დაკვირვებაა საჭირო, რათა გამოვავლინოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მათ შეცვლიან", - ამბობს რუმინელებთან მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, რომელიც შეხვედრის 66-ე წუთზე დერეფნიდან გამოსულ გურამს მხურვალედ გადაეხვია.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ბოლო, რიგით 129-ე სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა. მატჩის დაწყებამდე, ნაკრების რეკორდსმენს სამახსოვრო ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ჩვენი ორი საყვარელი ფეხბურთელის ამ ისტორიული კადრის დაჭერა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ. თუმცა, უფრო პირდაპირი რეპორტაჟისთვის გათვლილი მარკეტინგული ხერხი, სამწუხაროდ, რუმინული მედიისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამოდგა.

აი მეორე ტაიმში კი, სპრინტერული უნარების გამოვლენა მომიხდა, რომ კაპიტანი, რომლის თამაშსაც 17 წელი თვალს ვადევნებდი, რომ აღარაფერი ვთქვათ ეროვნულ ჩემპიონატებში მასთან ერთად „გატარებულ" წლებზე, საპატიო დერეფანში დამეფიქსირებინა. ალბათ, ეს დერეფანიც ექსპრომტად გაკეთდა. თუმცა, ეს უკვე ჩავლილია, ისევე როგორც „კაშოს" გამოსამშვიდობებლი მატჩი, რომელშიც პირველი სახიფათო მომენტი, სწორედ კაპიტანმა განმუხტა, შეხვედრის მე-7 წუთზე.
აწ უკვე ყოფილი კაპიტანი იტყვის, რომ ავტობუსში, თამაშზე მომავალი ტიროდა. ზოგადად მატჩს წინა დღესაც კაშიამ ისურვა, რომ დღევანდელი დღე, ნაკლებად სევდიანი ყოფილიყო. შესაბამისად, მოედანზე ის, ჩვეული „კაშოს" იერითა და შემართებით გამოუძღვა. ცრემლი, მიხეილ მესხისკენ გზად დატოვა.

„ემოციებით მართლა დაცლილი ვარ, დასვენება მჭირდება, ყველაფრისგან. 39 წლის ვხვდები და რეალურად არ დამისვენია. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, სად წავიდე, მაგრამ აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები, რადგან ჩემი საყვარელი საქმეა და გარკვეულწილად მესმის, ამიტომ, მინდა ფეხბურთში ვიყო", - ამბობს კაშია.
გამომდინარე იქიდან, რომ მოედანზე არ იყო ხვიჩა კვარაცხელია, მოდნიდან გასვლისას, როგორც ვივარაუდეთ კაპიტნის საკმლაური ოთარ კიტეიშვილს გადააბარა. აქვე გეტყვით, რომ სამომავლოდ ხვიჩას შემცვლელიც, კაპიტნის რანგში, სწორედ „კიტე" იქნება. სხვათა შორის, მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე გურამს ჰკითხეს, თუ რას უტოვებდა და რას ურჩევდა ახალ კაპიტანს. მაშინაც და ახლაც, „კაშომ" ასე უპასუხა:

„კვარას არაფერს ვურჩევ, რადგან არ სჭირდება რჩევა. ძალიან მაგარი ლიდერული თვისებები აქვს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ორი დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დღეს უკვე გუნდთან ერთად იყო, ეს უკვე მის განწყობაზე ბევრ რამეს ამბობს. კვარა იქნება ლიდერი და 100%-ით დარწმუნებული ვარ, იმ გზით წაიყვანს, როგორც საჭიროა. საეჭვო არ არის, რომ მაგარი კაპიტანი იქნება", - ამბობს კაშია.

ტირილით მოედანზე აღარ უტირია, თუმცა, ქომაგების ტრიბუნაზე ყოფნისას, ცოტა სენტიმენტალური მეჩვენა.
„ჩემს კარიერაში ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, დიდი მოტივაცია მომცა ყოველთვის, განსაკუთრებით ასაკში რომ შევედი, მათი თანადგომა ჩემთვის იყო ახდენილი ოცნება, რადგან მოედანზე რომ ხარ, შენს გვარს სკანდირებს ათასობით ადამიანი - ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაყი მომენტები ჩემს კარიერაში. ქომაგებს ვეტყოდი მადლობას. ძალია ბევრჯერ დავმარცხდით, ბევრჯერაც გავიმარჯვეთ, მაგრამ ვიყავით სულ ერთად და მათ მხარდაჭერას, ყოველთვის ვგრძნობდი", - ამბობს კაშია, რომელიც მომდევნო შეხვედრას უკვე ტრიბუნიდან უქომაგებს თავის ნაკრებს. ყოველ შემთხვევაში ვიდრე, კარგად არ დაისვენებს.







ჩვენ








