
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მიხეილ მესხზე რუმინეთის ნაკრების წინააღდეგ ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 1-1 დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სეზონის ბოლოა და გუნდებს გადახალისებული შემადგენლობით მოუხდათ თამაში, მატჩამდეც ორივე გუნდის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ რთული თამაში ელოდათ. სწორედ ამის შესახებ გაამახვილებს ყურადღებას მატჩის შემდეგ, გეორგე ჰაჯი, რუმინელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„იცოდით რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები, ვეცადეთ ჩვენი თამაშ გვეთამაშა, მეორე ტაიმში, საქართველო უკეთესი იყო, შევძელით თამაში დაბრუნება. საბოლოოდ, კმაყოფილი ვართ შედეგით და მოთამაშეებით, ისინი იყვნენ კონცენტრირებული და სეზონის ბოლისთვის,"- თქვა ჰაჯი.
რეალურად, რუმინელებმა პირველი ტაიმის პირველი წუთების გაკონტროლება მოახერხეს. აქაც, მათ ძირითადად ჩვენები დაეხმარნენ. ორივე მომენტი, რომელიც სტუმრებმა ჩვენს კართან შემქნეს ჩვენი გუნდის მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშს მოჰყვა, პირველში, მე-7 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ იყოჩაღა. მე-18 წუთზე კი, გამოსვლაზე შეცდა და ბურთი ცარიელ კარშიც შეგორდებოდა, რომ არა, ლუკა ლოჩოშვილის კარგი თამაში. რადგან აქ თვალშისაცემ შეცდომებზე ვთქვით, აქვე ვთქვათ ჩვენს კარში მეორე ტაიმში გაშვებული გოლის შესახებაც, რომლის დროსაც 55-ე წუთზე ჩვენი ნაკრების მცველების შეცდომას და სურვილს თამაშგარეში დაეტოვებინათ სტუმრები მოჰყვა ლუის მუნტიანუს გამათანაბრებელი გოლის. ფაქტია, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე, რუმინელები, რამდენჯერაც წინ წავიდნენ, იმდენი საპასუხოდ, მწვავე შეტევა მიიღეს. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა შანსები ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება ქართულ გუნდს, პირველ ტაიმში ალბათ, ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის თამაში გვინდა გამოვყოთ, რომლებიც საქართველოს ნაკრებს „დირიჟორობდნენ". კიდევ, გამოვყოფდით შეტევაში გიორგი ქვილითაიასა და ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც მოსვენებას არ აძლევდნენ მეტოქეს. პირველი მომენტი 23-ე წუთზე გვგქონდა - ფლანგიდან, აზაროვის ჩაწოდებული კარში ვერ დაარტყა „ქვილითამ", თუმცა, ბურთის გადაცემა გიორგი ქოჩორაშვილზე მოახერხა. ამ უკანასკნელმა, დაარტყა კარში თუმცა, ააცილა. ამ მომენტიდან ძალიან მალევე, 24-წ წუთზე, უკვე ბუდუ ზივზივაძეს შეეძლო გოლის გატანა. ქართველმა ბურთი თითქმის მინდვრის ცენტრში მიიღო და რადუ დრაგუშინთან „ჭიდაობაში" მაინც მოახერხა მეკარის პირისპირ აღმოჩენა. თუმცა, მეკარეს ვერ ააცილა. კიდევ ერთი, მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი იყო, 45-ე წუთზე „კიტეს" გრძელი, გამოზომილი და დახატული გადაცემის შემდეგ, „ჩაკვეს" მცდელობა გაეტანა გოლი, თუმცა, ბოლო მომენტში ვარდნაში დრაგუშინმა მოახერხა ბურთის მოგერიება, ამასთან, „ჩაკვეც" დააზიანა და ახლა, ყველა ერთად, საქართველოს სამწვრთნელო შტაბიც და ჩვენც ველით, ექიმების საბოლოო ვერდიქტს - დღეს კი, ჩაკვეტაძე ამ მომენტის შემდეგ შეცვალეს.
„ჩაკვეს" მდგომარეობა ამ ეტაპზე არ ვიცით, როგორი იქნება. მას ძლიერად ჩაარტყეს. სიტუაცია შეფასდება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ტრავმების გამო ზურიკო (დავითაშვილს), ის არც მომდევნო შეხვედრაზე იქნება, რადგან მას აქვს ტკივილები. ლიგა 1-ში გადასასვლელი ფლეი-ოფის შემდეგ, რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ იგი არ არის კარგ განწყობაზე და ეს, დღევანდელთან არაა კავშირში, სხვადასხვა თემაა.. „ჩაკვე" კი, მომეწონა, როგორ იყო ბურთთან და თამაშში ახერხებდა ბევრ რამეს, ისეთი იყო, პირველ ტაიმში, როგორიც მისი ხილვა გვინდა", - ამბობს ვილი სანიოლი.

მეორე ტაიმში ჩაკვეტაძე, ირაკლი იეღოიუანმა შეცვალა. ფეხბურთელი, რომელმაც მარტში სანაკრებო (ახალგაზრდული ნაკრები) თამაშებიდან დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი, შეხვედრაში კარგად შემოვიდა. სწორედ, მისი და ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის გიზი მამაგეიშვილის დუეტი, განსაკუთრებით მწვავე იყო მეორე ტაიმში. გიორგი ქვილითაიას გოლიც, 46-ე წუთზე, სწორედ ამ ორი ფეხბურთელის, ირაკლის, შემდეგ გიზის და ბოლოს „ქვილითას" თამაშს მოჰყვა. ანგარიშში მეორე ტაიმის სტარტზევე დავწინაურდით, 1-0. რადგან ახალგაზრდული ნაკრების სავარაუდოდ, უკვე ყოფილ ფეხბურთელებზე ჩამოვარდა ლაპარაკი (ამას ვამბობთ რადგან, გიზიმ და „კვერნამ" ჩვენი მოსაზრებით, უკვე დაიმკვიდრეს ეროვნულის გაფართოებულ შემადგენლობაში ადგილი) უნდა ვთქვათ გიორგი კვერნაძეზეც, რომელმაც 66-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძე შეცვალა - მასაც ჰქონდა გოლის გატანის კარგი მომენტი.
„ირაკლი იეღოიანი ჩვენთვის არ არის სიახლე, მას დიდი ხანია ვაკვირდებით, ახალგაზრდული „ევროს" შემდეგ, თუმცა გვინდოდა, რომ ჯერ სრულფასოვანი სეზონი ჩაეტარებინა თავის კლუბში, ნიდერლანდებში და მან ეს საუკეთესოდ გააკეთა. დღეს კი, როცა მოედანზე შევიდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც და მეც ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს. ის მომავალშიც, ჩვენთვის ძალიან საინტერესო კადრია, გუნდში სადაც გვყავს ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, გვჭირდება მათი დარი კვალიფიკაციის ფეხბურთელები. სასიამოვნო იყო მისი ხილვა დღეს და დარწმუნებული ვარ, სამ დღეში ისევ ვიხილავთ მას მოედანზე.
გიზი მამაგეიშვილის თამაში მომეწონა. მისთვის ეს არ არის ბუნებრივი პოზიცია, მაგრამ სწავლობს, ეჩვევა და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მარტივად ახერხებს ახალ პოზიციასთან ადაპტირებას. სექტემბრის თამაშებში, იმედი მაქვს, რომ მას ამ პოზიციაზე უფრო დამაჯერებლად ვიხილავთ.", - ამბობს ვილი სანიოლი.

ისევ, მატჩის მსვლელობას რომ მივყვეთ, ჩვენებმა მეორე ტაიმშიც მოახერხეს ბურთის გაკონტროლება. მეორე ტაიმში, თუ არ ჩავთვლით ქვილითაიას სტაბილურად კარგ თამაშს, გოლის გატანის მომენტი 51-ე წუთზე ბუდუსაც ჰქონდა. ზოგადად ჩვენი დაკვირვებით, როდესაც მატჩის შემდეგ რუმინელთა თავკაცმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე ტაიმში მის გუნდს საქართველოს ნაკრებმა აჯობა, ჩვენი აზრით, მეორე ტაიმში, ასე ვთქვათ, „უთამაშებელ" ფეხბურთელებს (საკლუბო დონეზე) სათამაშო ტონუსი დაეტყოთ. მაგალითად, „ქოჩორა" მეორე ტაიმში უკეთესად ათამაშდა.
„ვფიქრობ, რომ მარტთან შედარებით ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა და ეს, როგორც ხარისხის, ისე ინტენსივობის კუთხით ჩანდა დღევანდელ თამაშში. ფეხბურთელებმა დღეს ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს. ზოგჯერ შედეგი, არ არის თამაშის შინაარსისა და ხარისხის მაჩვენებელი. გამოვცადეთ ბევრი ახალი ფეხბურთელი. მათ გუნდში ახალი ენერგია და სული შემოიტანეს. მთლიანად ამ კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ერთად შევიკრიბეთ, ისინი პროფესიონალურად მუშაობდნენ და მთელი კვირის განმავლობაში სერიოზულობით ეკიდებოდნენ საქმეს. ვფიქრობ, დღევანდელი კარგი თამაში სწორედ ამ კარგი მუშაობის შედეგია", - ამბობს სანიოლი.

სიმართლე გითხრათ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებში გვყავდა რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი, დღეს, სასტარტო შემადგენლობაში ანრი მექვაბიშვილსაც ველოდით, თუმცა, „მექვაბა" მოედანზე, მხოლოდ 83-ე წუთზე გამოჩნდა. იმედია, მასაც და თადარიგში მყოფ სხვა ფეხბურთელებსაც, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც დღეს განაცხადში იყო, სათამაშო დრო მიეცემათ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრის ფორმატიდან და წინასწარი შეთანხმებიდან გამომდინარე 10 ფეხბურთელის შეცვლის უფლება გვგქონდა, დღეს ვილიმ, მხოლოდ 6 გამოიყენა. სხვათა შორის, მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია, ქართველთა მწვრთნელმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
„სამ დღეში კიდევ ერთი თამაში გვაქვს და აქვე ვამბობ, რომ არ ვაპირებს მოთამაშეებისთვის „საჩუქრების" გაკეთებაა. ჩვენ ვემზადებით სექტემბრის თამაშებისთვის, რა დროსაც მოედანზე უნდა გვყავდეს საუკეთესო გუნდი, ამიტომ მომდევნო თამაშში, მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობის გუნდი გამოვა", - აღნიშნა ვილი სანიოლიმ.

მომდევნო თამაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრებს 5 ივნისს, კვლავ მიხეილ მესხზე, თბილისი დროით 20:00 საათზე აქვს - საქართველოს ნაკრები ბაჰრეინს დაუპირისპიდება და მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ ისევ გაყიდვაშია.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას რუმინეთთან ის ფრედ, 1-1 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) დასრულდა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩათვლით, გუნდების დაპირისპირებაში, სასწორი კვლავ რუმინელთა მხარეს არის - 9 შეხვედრიდან, 5 მათ აქვთ მოგებული, ერთი ჩვენ, სამი კი, ფრედ არის დასრულებული.






ჩვენ








