
საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული დაპირისპირების წინ, საქართველოს ნაკრების შემდეგ, მიხეილ მესხის სტადიონზე სტუმრები მოვიდნენ. მოახლოებული თამასის წინა დღეს, მედიასთან შეხვედრაზე რუმინელებმა საკუთარი ბანერი გადაჭიმეს. სხვათა შორის, ასე, დღემდე საქართველოში მხოლოდ ესპანეთის ნაკრებს თუ გაუკეთებია. შესაბამისად, რუმინელებთან პრეს-კონფერენციამაც სხვა ფონზე ჩაიარა. ახლა საკითხავია, ხვალინდელი შედეგიდან გამომდინარე, როგორ „დასცდიან" ამ მარკეტინგულ და ჩვენი მოსაზრებით, სტუმრის სტატუსში ცოტა უხერხულ ხერხს რუმინელები.
ის გარემოება რომ ხვალინდელ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში არ იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რუმინელები კი არ იმჩნევენ, თუმცა, ძალიანაც ახარებთ. მაგალითად, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე „ტოტენჰემის" ფეხბურთელმა რადუ დრაგუშინმა ზედაპირულად აღნიშნა რომ ხვიჩა კი, კარგი ფეხბურთელია და ადვილი არაა ორი წელი ლიგა მოიგოო. თემაც, მალე შეცვალა და ახლა მწვრთნელზე, გეორგე ჰაჯიზე გადაიტანა აქცენტი.

„ჩვენ რა თქმა უნდა ვნახეთ საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაში. როგორ თამაშობენ პრესინგზე და შეტევაში. თუმცა, უფრო მნივშნელოვანია ახლა, ვფოკუსირდეთ და ჩვენ თამაში ვითამაშოთ. ახალი მთავარი მწვრთნელის იდეები და ტაქტიკა გავიაზროთ და ვეცდებით მის მითითებები სათამაშო პროცესში შევასრულოთ. ჰაჯი ჩვენი ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელია ახალი იდეებით, ტაქტიკით, ინდივიდუალიზმით, რომლის შემოტანაც უნდა გუნდში. ვენდობით მას, ის იყო რუმინეთისთვის მნიშნელოვანი ფეხბურთელი, მაგრამ ის ახალ ჩვენი მწვრთნელია. მას ნდობა გამოუცხადეს ფედერაციაში და რუმინეთის ნაკრებმა, მასთან ერთად, უნდა დაიწყოს ახალი თავი რუმინული ფეხბურთის ისტორიაში და რაც მთავარია, ჩვენ მისი გვჯერა. არ ვუყურებთ ამ ორ თამაშს, როგორც სეზონის ბოლო თამაშებს. არამედ ეს არის დასაწყისი ახალი სამზადისისა. მას მერე რაც ჩავაგდეთ კვალიფიკაცია. ახლა ვფიქრობთ, ვართ მოტივირებული ახალი თავის დასაწერად. ვცდილობთ, ახალი შანსი გამოვიყენოთ, ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად...", - ამბობს რადუ დრაგუშინი, რომლის ინგლისურ გუნდსაც, რა თქმა უნდა „კვარა" „სასიამოვნოდ" არ უნდა ახსოვდეს.
სხვათა შორის დღეს, რუმინელთა მთავარ მწვრთნელს ეს მატჩიც შეახსენეს, ისიც, რომ მას იმ დროს „კარპატების მარადონას" ეძახდნენ და ისიც, რომ ახლა, მსოფლიოში არის „კვარადონა", რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშობსო. სხვათა შორის
„მადლობა ჩემს შესახებ კარგი სიტყვებით. მას შემდეგ რაც რუმინეთის ნაკრებმა საქართველოსთან ითამაშა და მათ შორის მეც, ბევრი წელი გავიდა. ახლა, უკვე რამდენიმე წელია მწვრთნელი ვარ. მაქვს ახალი როლი და ვცდილობ, ფეხბურთელებს დავეხმარო განვითარებაში.
რა თქმა უნდა თქვენ (ქართველებს) გყავთ მაგარი მოთამაშე, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა ბოლო სეზონები და მოიგო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ზედიზედ. მისით უნდა იამაყოთ. ვინ მიმაჩნია დღეს საუკეთესო „10-იანად"? თქვენ გყავთ ასეთი მოთამაშე რომელიც პსჟ თამაშობს და „10-იანის" ფუნქციებსაც ითავსებს, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ამ პოზიციაზე. მას აქვს მხოლოდ, ერი მინუსი მემარჯვენეა, და არა მარცხენა ფეხით მოთამაშე, თუმცა ეს ბოლო ხუმრობაა", - დაამატა ჰაჯიმ.
ხვალინდელ თამაშამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ერთმანეთში რვა მატჩი აქვთ გამართული, აქედან ხუთში თამაში რუმინელთა სასარგებლოდ არის დასრულებული, ორი ფრედ და ერთიც ჩვენ, საქართველოს ნაკრებს გვაქვს მოგებული. სხვათა შორის, ხუთიდან ერთ წაგებულ თამაშში მონაწილეობა ბულგარელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გეორგე ჰაჯისაც აქვს მიღებული, 1996 წელს, ბუქარესტში. მაშინ, 30 წლის წინ ჰაჯის მონაწილეობით (ასისტით) ჩვენს კარში სამი გოლი გავიდა. ის თამაში კი, რუმინეთმა 5-0 მოიგო.
24.04.1996 ამხანაგური / რუმინეთი - საქართველო 5-0 (ჰაჯის 3 ასისტი)
04.02.2000 კვიპროსის / ტურნირი საქართველო - რუმინეთი 1-1 (პენ. 2:4)
28.03.2001 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი / საქართველო - რუმინეთი 0-2
06.10.2001 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი / რუმინეთი - საქართველო 1-1
18.02.2004 ამხანაგური / საქართველო - რუმინეთი 0-3
19.11.2008 ამხანაგური / რუმინეთი - საქართველო 2-1
03.06.2016 ამხანაგური /რუმინეთი - საქართველო 5-1
02.06.2021 ამხანაგური / რუმინეთი - საქართველო 1-2
რუმინელებთან „ნავსი", როგორც ხედავთ, 2021 წელს გატყდა. დღევანდელ პრეს კონფერენციაზე, ჩვენი მეტოქის მთავრმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ეროვნული ნაკრები კარგი გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან მოუმატა და გამოცდილება დააგროვა. გუნდს ჰყავს კარგი მწვრთნელით და კარგი ფეხბურთელები. გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა. კარგად გადადის სწრაფად შეტევაში. ჩვენ მოგვიწვევს შეტევაში და თავდაცვაში კარგად თამაში და მათ თავს, ჩვენი თამაშის მოხვევა, რადგან გვინდა მოგება", -ამბობს რუმინელთა მთავარი მწვრთნელი, რომელმაც 9 ფეხბურთელი ანდრეი ბურკა, ადრიან რუსი, მიჰაი პოპესკუ, ფლორინ ტანასე, დარიუს ოლარუ, კატალინ კარიანი, ვლად დრაგომირი, ნიკოლაე სტანციუ და დენის დრაგუში, რუმინეთში მოგოშოაიაში დატოვა, მეორე თამაშისთვის ძალების დასაზოგად.
ხვალინდელი მატჩს წინ, კი რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, 2 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება, რუმინელები, ფიქრობენ, „კვარას", ზურიკოსა და ჟორჟის არყოფნაში, როგორ გადააწყობს შეტევის ხაზს ვილი სანიოლი. თუმცა, ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს ახსოვს, რომ 2021 წელს მათ კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის თანაავტორი, ოთარ კიტეიშვილი ხვალ მოედანზე იქნება (მაშინ გოლი, „კიტეს" პასით, ჟორჟიმ გაიტანა) და ძალიან აფიქრებთ, ბუდუ ზივზივაძე. აი, ანრი მექავბიშვილზე კი, რომელიც რუმინეთში, კრაიოვას „უნივერსიტატიაში" თამაშობს და ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, რუმინელებს სიტყვაც არ დაუძრავთ.





ჩვენ








