
ქართული მედიის კითხვებზე საპასუხოდ შემოვიდა, თუმცა, ითხოვა, ახლა არ გინდათ, არ ამატიროთო - ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და ფეხბურთელის სტატუსით, დღეს, მიხეილ მესხზე, ტრადიციულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე გურამ კაშიამ ბევრი სამადლობელი სიტყვა მოისმინა და შეეცადა მედიის კითხვებზეც ამომწურავად ეპასუხა.
„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო თამაში იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. იმედია გავიმარჯვებთ და ეს ხვალინდელ დღეს განწყობის შექმნაში მომეხმარება,"- ამბობს გურამ კაშია, რომელსაც ხვალ, მიხეილ მესხზე მისული გულშემატკივარი ოფიციალურად გააცილებს სანაკრებო ფეხბურთიდან. ბუნებრივია, საინტერესოა, ხომ არ აპირებს „კაშო" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეროვნულ ჩემპიონატში, კონკრეტულად კი, მშობლიურ „დინამო თბილისში" დაბრუნებას, რაზეც ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამას ივნისის ბოლოს, მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც ბრატისლავას „სლოვანთან" კონტრაქტი საბოლოოდ დაუსრულდება.

„პირველად, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. აქ, მარტო ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ იყოს პროგრესი და ამ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას. ბევრი კარგი ფეხბურთელი შემოგვემატა. არ ვიცი, ზღვარი სადაა. ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ, გარკვეული ჩავარდნა, სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ, ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ გუნდს ახალი სახე ექნება და ახალ გზას დაიწყებს. ჩვენ ქართველები, ისევ ვითამაშებთ დიდი ტურნირზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ასე იქნება", - ამბობს გურამ კაშია.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ, ძირითადად მოახლოებული თამაშის დეტალებზე ლაპარაკობენ, დღეს კითხვების დიდი ნაწილი, სწორედ „კაშოს" გარშემო ტრიალებდა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული ამხანაგური თამაშების მნიშვნელობაზე მედიასთან თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„მინდა მადლობა გადავუხადო გურამ კაშიას, განსაკუთრებით იმ რჩევებისა და გამოცდილებისთვის, რომელსაც ის ახალ თაობას გადასცემს. წლების განმავლობაში გურამთან მუშაობის პატივი მქონდა. როგორც მწვრთნელმა და კაპიტანმა, ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. გვქონდა არაერთი გულწრფელი საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ ვითამაშოთ და როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. გულწრფელად ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო თავისი გუნდისთვის", - ამბობს ვილი სანიოლი, რომლის გუნდსაც ხვალ კაშია, კაპიტნის სამკლაურით ბოლოჯერ გამოუძღვება. აი, საკითხავია, რამდენ წუთს ითამაშებს ხვალ კაპიტანი და ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში, ვის დაუტოვებს თავის სამკლაურს. შეგახსენებთ, რომ „კვარა" ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, ვილის თქმით, ის 5 ივნისის შეხვედრაში, ბაჰრეინის წინააღმდეგ, გუნდთან ერთად იქნება. მანამდე კი, „კაშო" ლაპარაკობს „კვარაზე" და იმ „მემკვიდრეობაზე", რომელიც უკვე მის გარეშე მოუწევს ზიდოს ახალმა კაპიტანმა.
„ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს ძლიერი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება. მის საფეხბურთო თვისებებზე საუბარიც კი ზედმეტია - ის ევროპის საუკეთესო მოთამაშეა. თავადაც უნდა გააცნობიეროს, რამდენად დიდი ფეხბურთელია და ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ის ქართველია", - ამბობს კაშია.

ხვალ, მიხეილ მესხზე, თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები, შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გურამ კაშია, ეროვნულ ნაკრებში კი ბოლო, 129-ე მატჩს გამართავს. მანამდე კი, დღეს, კაპიტანი ვარჯიშზე საკმაოდ ამაღლებულ ხასიათზე იყო და ბიჭებსაც ტონუსს აძლევდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ივნისის თამაშებს ზურიკო დავითაშვილი გამოაკლდა, რომელსაც 29 მაისს, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელი ფლეი-ოფი ჰქონდა და როგორც ჩანს ფეხბურთელს ძველმა ტრავმამ გაუხსენა თავი. ვილის გამოძახებულ გუნდში კი, „ფრანგებიდან" დღეს, გიორგი ქვილითაიამ ივარჯიშა.

„ივნისი ისეთი დროა, როცა ბევრი ფეხბურთელი გრძელი სეზონის შემდეგ დაღლილია და ამიტომ, არ არიან დღესაც ჩვენს გვერდით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, ისინი, ვინც სათამაშოდ გავლენ, მზად არიან, გურამ კაშიას გამოსამშვიდობებელ თამაშზე თავის საუკეთესო მხარე წარმოაჩინონ და იზეიმონ გურამთან ერთად. ამავდროულად, ეს კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, ითამაშონ და მეტი სათამაშო დრო მიიღონ, რადგან თუ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობ, პროგრესირება რთულია. ამიტომ, მომდევნო ორი მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ხვალინდელი შეხვედრა რთული იქნება, რადგან რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ნამდვილი საფეხბურთო ერია", - აღნიშნა ვილი სანიოლიმ.
და ბოლოს, გეტყვით, რომ თამაშზე დასასწრები ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაშია, ასე, რომ ვისაც უნდა ქართული ნაკრებისთვის უხერხულ მეტოქესთან დაპირისპირება იხილოს, გააცილოს კაპიტანი და დაგროვილი ემოცია დაცალოს, გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები, ჯერ ისევ გაყიდვაშია (ბილეთების შესაძენად, იხილეთ ბმული).






ჩვენ








