კიდევ ერთხელ ქალთა ეროვნული გულშემატკივარს თამაშზე დასწრებისკენ მოუწოდებს
კიდევ ერთხელ ქალთა ეროვნული გულშემატკივარს თამაშზე დასწრებისკენ მოუწოდებს
31.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 5 და 9 ივნისს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებს გამართავს. ირის ანტმანის გუნდს, შანსი აქვს, საუკეთესო მეორე ადგილოსანი გახდეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ფლეი-ოფიდან გააგრძელოს. თუმცა, ამისთვის ჩვენმა გუნდმა ჯერ ზემოთხსენებულ რიცხვებში, ჯერ ფარერის კუნძულების გუნდი დაამარცხოს, შემდეგ კი, ჯგუფის ლიდერს, საბერძნეთსაც სძლიოს.


„გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენი მიზანი ორივე მატჩის მოგებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივად ჩვენს გვერდით იდგნენ, ამ თამაშებზეც დაგვიჭირონ მხარი. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა ისევ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გუნდზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა", - ამბობს ირის ანტმანი სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


სხვათა შორის, ფარერის კუნძულების ნაკრები თბილისში ხვალ, 1 ივნისს ჩამოდის და მომავალი მატჩისთვის ჩვენს დედაქალაქში მოემზადება. ჩვენი ინფორმაციით, გუნდი სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშებს. აქვე გეტყვით, რომ ფარერის კუნძულების ნაკრებთან ჩვენი გუნდი, მიკერძოებული მსაჯობის ფონზე, ბოლო წუთზე 0-1 დამარცხდა. ასე, რომ ახლა სრულფასოვანი რევანში გვაქვს ასაღები.


„ფარერის კუნძულებზე რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ვინც ის მატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, საკუთარ მოედანზე ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თუ გარკვეულ დეტალებს გამოვასწორებთ და იმ კომპონენტებს დავამატებთ, რაც წინა შეხვედრაში დაგვაკლდა, ვფიქრობ, გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია", - ამბობს ანტმანი.


იმედია, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშს, 5 ივნისს, პეტრო არენაზე ქართველი ქომაგი დაესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ამავე დღეს, ქალაქის მეორე ნაწილში, ეროვნული ნაკრები და ხვიჩა კვარაცხელია, ამხანაგურ შეხვედრაში ბაჰრეინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ქალთა ეროვნული ნაკრების ეს შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება. მიხეილ მესხზე კი, თამაში 20:00 საათზე არის ჩანიშნული. ასე, რომ მთავარია მონდომება და ქომაგი, ორივე თამაშზე მოასწრებს დასწრეავას. გოგონებს ამ დღეს, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ!


ამის შემდეგ, ირის ანტმანის გუნდი, რამდენიმე დღე „დაისვენებს" და 9 ივნისს, უკვე ჯგუფის ლიდერს, საბერძნეთს დაუპირისპირდება.


„რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით და სრული კონცენტრაციით, იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ და საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითად დავასრულებთ", - ამბობს ირისი.


და ბოლოს, მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის იყვნენ მეკარეები: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი"); მცველები: თამარ ტატუაშვილი („მაკაბი" ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი", საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ნათელა წოწერია („ბათუმი"), ლიზი მწყერაშვილი („ლანჩხუთი"), მარიამ კაპანაძე („ბათუმი"), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი"); ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („ლანჩხუთი"), ანა პავლიაშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნატა კვირკვაია („ვერე", თბილისი), კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა პრაღა", ჩეხეთი), ლიზი კანკია („კვარტალი", თბილისი) მაიკო ბებია („იუქსექოვასფორი", თურქეთი), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა ჩემინავა („ჰაპოელ თელ-ავივი", ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე („ლანჩხუთი"), თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო ბოულინგ გრინი", აშშ), ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი"), ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი).