„კვარტალმა“ „მართვეს“ ისევ მოუგო
„კვარტალმა“ „მართვეს“ ისევ მოუგო
31.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ვიდრე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება და შესაბამისად, ქალთა ეროვნულ ლიგაში შესვენებაა გამოცხადებული, დღეს, 30 მაისს, ერთი მატჩი მაინც გაიმართა.


ქუთაისში, ქალა ლიგის მე-10 ტურის გადადებული მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა „მართვემ" თბილისის „კვარტალს" უმასპინძლა. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა თბილისში „კვარტალის" გამარჯვებით დასრულდა 2-0, შესაბამისად, მეორე წრის ამ მატჩში, ქუთაისელებს რევანში ჰქონდათ ასაღები.


თუმცა, სფფ-ის ქუთაისის ტექნიკურ ცენტრში, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-20 წუთზე, ანანო წიქარიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა. პირველივე ტაიმში, 36-ე წუთზე მორიგი გოლი გაიტანა მარიამ ცისკარიშვილმა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, თაკო სვანიძემ „კვარტალის" უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი, 62-ე წუთზე ანანო წიქარიძემ დააფიქსირა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. „კვარტალმა" 0-4 გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.


გამოტოვებული ტურის შემდეგ, ქალთა ლიგის გათამაშებაში ჩატარებული თამაშების მხრივ, სრული თანაფარდობაა. ამ მოცემულობაში კი, „მართვე" 21 ქულით მე-4 ადგილზეა, „კვარტალმა" კი, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, 19 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე აინაცვლა.


შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგა სანაკრებო შესვენების შემდეგ, 13 ივნისს განახლდება.



ქსკ "კვარტალის" ფოტო