საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო ქმედება - კვარას დახმარებით პსჟ-მ ტიტული დაიცვა
საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო ქმედება - კვარას დახმარებით პსჟ-მ ტიტული დაიცვა
30.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზედიზედ მეორედ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიაა თავის პსჟ-სთან ერთად. ალბათ, უმეტესწილად საქართველოში ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ფაქტია, რომ პირველ ტაიმში ხვიჩა ცოტა დაკარგული იყო. თუ არ ჩავთვლით შეხვედრის დაწყებიდან მე-11 წუთს, როდესაც ტაბლოზე უკვე ანგარიში 0-1 იყო კაი ჰავერტცის გოლის შემდეგ და როდესაც ქართველმა „არსენალის" საჯარიმოში იჭიდავა, თუმცა, დარტყმა ვერ მოახერხა. აქვე, ვაფიქსირებ მოსაზრებას, რომ დღევანდელ თამაშში გარდამტეხი მომენტიც, სწორედ „კვარას" გააზრებულ თამაშს უკავშირდება პენალტის მომენტში.


ზოგადად, შეხვედრის პირველ ტაიმში „არსენალმა" კარგი დაცვა ითამაშა და რეალურად ფრანგებს სივრცეები არ დაუტოვა. იყო კიდევ, ერთი მომენტი კონკრეტულად „კვარასთან" მიმართებაში - თითქოს პარიზელები, ქართველს არ იმჩნევდნენ - გემახსოვრებათ, რამდენიმე მომენტში ხვიჩა, აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ ჰყავდათ დატოვებული, გადაცემა კი, მასზე არ გაკეთდა.


თუმცა, „კვარამ" ეს „სივრცე" მეორე ტაიმში,  მაშინ იპოვა, როდესაც პსჟ-ც უკვე სხვაგვარად იყო ათამაშებული და რეალურად, დროც იყო, თამაშში გარდატეხის შესატანად. 64-ე წუთზე როგორც კი, სივრცე იპოვა,  კრისტიან მოსკერას „წამოიკიდებაც" მოახერხა - საჯარიმოში წესი დაარღვევინა და მსაჯმაც 11-მეტრიანი დაუფიქრებლად დანიშნა. თუმცა, ვიდრე „კვარას" სამედიცინო შტაბი ეხმარებოდა, მომენტს VAR-ი შიფრავდა. საბოლოოდ, პენალტი დემბელემ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.


ფრანგებმა გატანილი გოლის შემდეგ, საგრძნობლად მოიმატეს, 73-ე წუთზე შორი მანძილიდან ვიტინიას დარტყმულმა მცირე მანძილით ასცდა კარს. 76-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული მოხვდა ძელს. ხვიჩა, ნელ-ნელა იწყებდა იმ თამაშს, რომელიც როგორც წესი გოლით ან მინიმუმ საგოლე გადაცემით სრულდება ხოლმე, მაგრამ კვარაცხელია 83-ე წუთზე შეცვალეს. ლუის ენრიკეს ეს გადაწყვეტილება ცოტა უცნაური იყო, რადგან პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში ქართველი უფრო გამოჩნდა.


ამის შემდეგ, დემბელემ მოუწყო ესპანელს „სიურპრიზი" და რეალურად, შეხვედრის ბოლო წუთებზე ლუის ენრიკე მისი შეცვლა მოუხდა და დამატებითი დროის დაწყებამდე თავი „გაიშიშვლა" - მას მინდორზე აღარც „კვარა" ჰყავდა და აღარც დემელი.. სხვათა შორის, თამაშის ძირითად დროშივე, შეცვლაზე შემოსულ ბარკოლას ჰქონდა გოლი გატანის შესაძლებლობა, თუმცა ფრანგმა ეს შანსი გაანიავა.


დამატებით დროშიც, ალბათ დასამახსოვრებელი დიდი არაფერი მომხდარა, ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა. პენალტების სერიაში პსჟ უფრო კონცენტრირებული იყო, თუმცა, ნუნუ მენდეშმა ეს კონცენტრაცია ოდნავ დაარღვია, როდესაც მესამე დარტყმა გააცუდა და თანაგუნდელებს თავის ტკივილი მოუმატა. თუმცა, ამ დღეს, „არსენალს" მიზანი აშკარად არ ჰქონდა გასწორებული ან თოფების ლულები გასაწმენდი დარჩათ. ფაქტია, რომ მათ ორი პენალტი გააფუჭეს და საბოლოოდ, სერია პსჟ-მ 5-3 მოიგო.


მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფა-ს ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ვიტინია დაასახელეს. მათი აზრით მეორე ტაიმში, სწორედ, ის გახდა გუნდის მამოძრავებელი და ტემპის მიმცემი. თუმცა, ალბათ, რომ არა „კვარას" გამომუშავებული ეს პენალტი, როგორ განვითარდებოდა თამაშში მოვლენები, რთულად წარმოსადგენია.


და ბოლოს, ვიდრე კვარა, პსჟ-სთან ერთად ხვალ საღამოს გუნდის ავტობუსითა და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ტროფეით კიდევ ერთხელ შემოვლის პარიზს და შემდეგ, საქართველოში ჩამოვა, რომ ქართულ მედიასაც გვიპასუხოს რამდენიმე კითხვაზე შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან, დღევანდელ ფინალამდე, 16 მატჩი 10 გოლი გაიტანა, გააკეთა 6 საგოლე გადაცემა, დღეს მიპოვა პენალტი. ქართველმა ფლეი-ოფის შვიდ შეხვედრაში ან გაიტანა, ან საგოლე პასი გააკეთა, იყო, როცა ეს ორივე ერთად გააკეთა. გახდა ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი, ქართული რეალობისთვის კი, ადამიანი, რომლის გვარის წინაც ბევრჯერ დავწერთ „პირველად". 2025-2026 წლების სეზონში ვერ მოიგო მხოლოდ საფრანგეთის თასი. დღევანდელი თამაშის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს, შანსს, ოქტომბერში მოიგოს ოქროს ბურთი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს.



ფოტო: © UEFA/ PSG