ექვსი ქართველი მორაგბე და სამედიცინო გუნდის წევრი WADA-სა და World Rugby-ს გადაწყვეტილებით
ექვსი ქართველი მორაგბე და სამედიცინო გუნდის წევრი WADA-სა და World Rugby-ს გადაწყვეტილებით
13.03.2026
ავტორი: TSFF.Ge

ქართულ სარაგბო ოჯახში 2022 წელს დაწყებული სკანდალი გრძელდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ რაგბის მმართველმა ორგანომ იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობა გახადა საჯარო, რომლებიც დოპინგზე „ჩავარდნენ". 2026 წლის მარტში WADA-მ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. საქმე ეხება არა ე.წ. შედეგების გასაუმჯობესებელ დოპინგს, არამედ, რეკრეაციულ ნარკოტიკსა და ნიმუშების ჩანაცვლებას. WADA-სა და „მსოფლიო რაგბის" ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2019 წლიდან მოყოლებული 2023 წლის ჩათვლით, გამოვლინდა ხუთი შემთხვევა, რომლის დროსაც დოპინგზე წარსადგენი ნიმუშების ჩანაცვლება მოხდა. ასევე გაცხადდა სანქციები, რომელთა მიხედვითაც, სპორტსმენთა დისკვალიფიკაციის ვადა ცხრა თვიდან თერთმეტ წლამდე განისაზღვრა.


ყველაზე მკაცრად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე დაისაჯა. მას 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. შარიქაძეს აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა; გაყალბება ან გაყალბების მცდელობა; თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა წაუყენეს ბრალად.


ლაშა ლომიძეს 9-თვიანი დისკვალიფიკაცია, აკრძალული მეთოდის გამოყენება, ან გამოყენების მცდელობის, გაყალბება ან გაყალბების მცდელობის მუხლით წარუდგინეს. ამავე მუხლით, 3-3 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს მირიან მოდებაძესა და ოთარ ლაშხს. ამავე მუხლით, თუმცა, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია განესაზღვრა გიორგი ჭყოიძეს.


3-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ლაშა ხმალაძეს, რომელსაც აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა; გაყალბება ან გაყალბების მცდელობა; თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა წაეყენა ბრალად.


დაისაჯა ექიმი, ნუცა შამათავა, რომელსაც გაყალბება ან გაყალბების მცდელობაში, ასევე თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობაში წაუყენეს მუხლი და 9-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ: „კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით," - ნათქვამია განცხადებაში. სრულად რაგბის კავშირის განცხადება იხილეთ ბმულზე.