
სანაკრებო ფანჯრის დაწყებამდე ქართული ლეგიონიდან კიდევ ორმა დაასრულა საკლუბო სეზონი.
ზურიკო დავითაშვილმა, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადმოსასვლელ შეხვედრაში „ნიცას" წინააღმდეგ კი გაიტანა 11-მეტრიანი, თუმცა, ეს გოლი „სენტ ეტიენისთვის" არ აღმოჩნდა საკმარისი. ფლეი-ოფის პირველი შეხვედრის მსგავსად, „ნიცასა" და „სენ ეტიენის" საპასუხო შეხვედრის პირველი ნახევარიც უფერულად წარიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა და შესაბამისად, დღევანდელ მატჩში გამარჯვებულიც საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურს იბევებდა. დღევანდელ საპასუხო შეხვედრაში იყო მომენტი, რომელმაც შესაძლოა დღევანდელი მატჩის ბედიც განსაზღვრა - პირველ ტაიმში, ცარიელ „ალიანც რივიერაზე", მე-9 წუთზე სტუმრების მიერ გატანილი გოლი, რომელიც VAR-მა არ ჩათვალა. ამავე ტაიმში გოლის გატანის უფრო რეალური შანსებიც მასპინძლებს ჰქონდათ, აქედან ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში, დაწინაურების შანსი კვლავ „სენტ ეტიენს" ჰქონდა, თუმცა, ახლა იმავე კარის ძელმა, ამჯერად მასპინძლები დაიცვა. ამის შემდეგ კი, 62-ე წუთზე კლაუსმა გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. 79-ე წუთზე ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა გაქვითა, თუმცა, ქართველის გუნდს გოლის აღნიშვნა და სიხარული არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო. 81-ე წუთზე ბუდაშემ გაიტანა. მატჩის მიწურული კი, ნიცელთა კოტ-დ'იუვარელი ელიე ვაჰის იყო, რომელმაც 87-ე წუთზე მესამედ აიღო სტუმართა კარი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე კი, დუბლი გაიფორმა და „ნიცა" საფრანგეთის ლიგა 1-ში დატოვა. ქართველის გუნდმა, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 2-შიც ფინიში არასახარბიელო ჰქონდა, ძლიერთა ლიგაში დაბრუნების შანსი გაანიავა და მომავალ სეზონში კვლავ საფრანგეთის ლიგა 2-ში ითამაშებს. ახლა, ქართველ ქომაგს ისღა გვაინტერესებს, ზურიკო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიცვლის გუნდს, თუ კვლავ იმ ლიგაში დარჩება სადაც 2025-2026 წლების ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 33 მატჩში გაიტანა 16 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა. თუმცა, მანამდე, ზურიკო თბილისში ჩამოვა და ეროვნული ნაკრების საწვრთნელ პროცესს შემოუერთდება, რომელიც თავის მხრივ, ივნისის ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.
თბილისში ბრუნდება ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თინათინ ამბალია, რომელიც ასევე პირდაპირ სანაკრებო შეკრებაზე შევა და ქალთა ეროვნული ნაკრების საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნულს 5 და 9 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელით ჯერ ფარერის კუნძულების, შემდეგ კი, საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ. თუმცა, მანამდე ამბალიას გუნდმა 29 მაისს ჩეხეთის თასი მოიგო და სეზონში დუბლი გაიფორმა. პრაღულ დერბიში „სლავიას" წინააღმდეგ, თინათინ ამბალია „სპარტას" განაცხადში იყო, თუმცა, ამ ჯერზე, ქართველს არ უთამაშია. მატჩის ძირითად დრო ფრედ, 0-0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „სპარტამ" 3-4 გაიმარჯვა და ჩეხეთის თასის მფლობელი გახდა. ასე, რომ ქართველი ქალი ფეხბურთელი, ნაკრებს ამაღლებულ განწყობაზე შეუერთდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, თუმცა, უკვე დღეს, ქართველი ქომაგი განსაკუთრებულად ელოდება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩს დაწყებას იმ იმედით, რომ საქართველოში დაბრუნებამდე და სანაკრებო თამაშებამდე, ხვიჩა კვარაცხელია, ამჯერად ბუდაპეშტში, „პუშკას არენაზე" კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს.





ჩვენ








