ფუტსალში საქართველოს ჩემპიონობისთვის კსუ კიდევ უფრო დაწინაურდა. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსსა" და კსუ-ს შორის და პირველის იდენტური ანგარიშით, 1-4 (იხილეთ გუნდების შემადგენლობები) დასრულდა. კარგად ნაცნობი ფეხბურთელები და თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებში დღეს, სხვადასხვა გუნდისთვის ირჯებოდნენ.
ანგარიში, პირველი შეხვედრის მსგავსად, დღესაც „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" გახსნა, ამჯერად უფრო მოკლე დროში ვიდრე პირველ მატჩში. 00'25'' წუთზე ვახტანგ კეკელიას გადაცემის შემდეგ ნუკრი ჭუმბურიძემ გახსნა. ამის შემდეგ მეტნაკლებად უღიმღამო, თუმცა სწრაფ ტემპში მიმდინარე პირველ ტაიმში, სადაც ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობას კსუ ფლობდა 59/41 %, კარის მცველებს დიდიად საქმე არ ჰქონიათ. ტრადიციულად, ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანიც ხშირად გადმოდიოდა ბურთით მეტოქის ნახევარზე. ერთ-ერთი ასეთი მომენტი, 18'18'' წუთზე საბა ტყეშელაშვილის უძლიერესი დარტყმით დასრულდა და ანგარიში, ამ შეხვედრაშიც, პირველის მსგავსად მატჩის პირველი ტაიმისთვის გათანაბრდა.
მეორე ტაიმში თამაშმა სიხისტე შეინარჩუნა, თუმცა, ოდნავ გაიხსნა. საწყის წუთებზე, საქმეში რამდენჯერმე ჩართვა ალი ასლანს მოუწია. თავის მხრივ თავს არ ზოგავდა არც ბექა ტყემალაძე. თუმცა, 27'08'' გოლი მის კარში გავიდა. კსუ წინ, ნიკა მანგოშვილმა გაიყვანა. კიდევ ორ წუთში, „ნიუ ვიჟენ ჯოჯიანსის" ფეხბურთელები საკუთარ საჯარიმოში გამოცდილ არჩილ სებისკვერაძესთან სცდებიან, ეს უკანასკნელს კი გიორგი ჩიმაკაძეს აწვდის ბურთს, რომელიც 29'35'' მორიგი გოლით ასრულებს მომენტს. კსუ 1-3 დაწინაურდა. მის მეტოქეს კი, ნერვიულობა დაეტყო. 32'51'' წუთზე, საბა მაჩიტაძის გატანილმა გოლმა, ავთანდილ ასათიანის გუნდი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. „ნიუ ვიჟენს ჯორჯიანსი" ეცადა ვითარების გამოსოწრებას, თუმცა, ეს საქმე მესამე შეხვედრისთვის გადადო, რომელიც 3 ივნისს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 დაიწყება.
ორი შეხვედრის შემდეგ კი, კსუ, სერიაში 2-0-ს იგებს და თუ, 3 ივნისის შეხვედრაშიც მოახერხებს გამარჯვებას, ის 2026 წელს დუბლს გაიფორმებს - საქართველოს თასის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონობასაც იზეიმებს.





ჩვენ








