გულშემატკივრის მხარდაჭერა, განსაკუთრებით 5 ივნისის შეხვედრაში ქალთა ეროვნულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
გულშემატკივრის მხარდაჭერა, განსაკუთრებით 5 ივნისის შეხვედრაში ქალთა ეროვნულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
27.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართვლოს ქალთა ეროვნული ნაკრები ხვალიდან, 28 მაისიდან შეკრებას დაიწყებს. ირის ანტმანის გუნდი,  5 და 9 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.


საინტერესოა, რომ 5 ივნისს, ორსაათნახევრიანი შუალედით ჯერ „პეტრო არენაზე" ქალთა ეროვნული, შემდეგ კი, „მიხეილ მესზე" კაცთა ნაკრები ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ, ირის ანტმანმა, რომელიც ქალთა ლიგის თამაშებს რეგულარულად ესწრება, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „5 ივნისს, როდესაც ქალთა ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება, თამაშზე გულშემატკივრის და „ქომაგების" დასწრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება"-ო. ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ „ქომაგების" ნაწილი, 5 ივნისს აუცილებლად მოახერხებს „პეტრო არენაზე" გოგოების გამხნევებას.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ფარერებთან, გასვლაზე ბოლო წუთზე გასული ერთადერთი გოლით წააგო. საპასუხო შეხვედრაში გამარჯვება კი, ქალთა ნაკრებს იმედს უტოვებს, რომ საუკეთესო მეორე ადგილისთვის იბრძოლოს.


მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის იყვნენ მეკარეები: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი"); მცველები: თამარ ტატუაშვილი („მაკაბი" ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი", საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ნათელა წოწერია („ბათუმი"), ლიზი მწყერაშვილი („ლანჩხუთი"), მარიამ კაპანაძე („ბათუმი"), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი"); ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („ლანჩხუთი"), ანა პავლიაშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნატა კვირკვაია („ვერე", თბილისი), კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა პრაღა", ჩეხეთი), ლიზი კანკია („კვარტალი", თბილისი) მაიკო ბებია („იუქსექოვასფორი", თურქეთი), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა ჩემინავა („ჰაპოელ თელ-ავივი", ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე („ლანჩხუთი"), თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო ბოულინგ გრინი", აშშ), ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი"), ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი).


აქვე გეტყვით, რომ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან თეონა ბაქრაძე და სალომე გასვიანი.  გუნდთან ერთად არ იქნება არც ტატა მატვეევა.


მატჩების განრიგი

5 ივნისი /საქართველო - ფარერის კუნძულები | 17:30 - დავით პეტრიაშვილი

9 ივნისი / საქართველო - საბერძნეთი | 21:00 - მიხეილ მესხი 2