20 წლამდეთა ორი განსხვავებული ტაიმი ჩილესთან
20 წლამდეთა ორი განსხვავებული ტაიმი ჩილესთან
26.05.2026
ავტორი: რაგბის კავშირი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრაში, ჩილეს 9 ლელო გაუტანა და 59:26 დაამარცხა.


ქეიფთაუნის „სითი პარკზე" ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში სრულად დომინირებდა და 7 უპასუხო ლელოთი 45-0 დაწინაურდა. მეორე ტაიმში თამაში აგვერია, ხშირად ვჯარიმდებოდით და ამით სამხრეთ ამერიკელებმა კარგად ისარგებლეს. მათ ოთხი ლელოთი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა შეხვედრის მიწურულს ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს და დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.


21 მაისს ფიჯისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩილეს წინაშე სახეცვლილი შემადგენლობით წარვსდექით, თუმცა თავიდანვე მოვიპოვეთ სათამაშო უპირატესობა და ეს ანგარიშშიც ავსახეთ. ჩილემ დებიუტშივე სინბინით მგეზავი დაკარგა, რასაც საქართველოს მიერ აგორებული მოლი და ნიკოლოზ ღარიბაშვილის ლელო მოყვა, რომელიც მათე მახარაძემ გარდასახა. უმცროსი ბორჯღალოსნები ხელდახელ თამაშს ცდილობდნენ და ამას მე-10 წუთზე მეორე ლელო მოყვა. მეტოქის ფეხით თამაშის შემდეგ შეტევა ჩვენი 22-ის მისადგომებიდან წამოვიწყეთ და ის ათუკა ზვიადაძის ლელოთი დასრულდა. თამაში ცენტრიდან რომ განახლდა, ხაზი გიორგი ზაზაძემ გაჭრა, მას კარგად მიყვა ლუკა ნარსია და მესამე ლელო მიითვალა.


ამას მცირედი ჩავარდნა მოყვა. ხშირად რომ ვჯარიმდებოდით მეტოქემ ჩვენს 22-ში დიდი დრო გაატარა, თუმცა თავი კარგად დავიცავით, 26-ე წუთზე კი, მეტოქის 22-ში კარგად გავშალეთ ბურთი და ლევან ეზიეშვილის ლელო დაჩი წიკლაურმა გარდასახა. 35-ე წუთზე მორიგი კარგი შეტევა ირაკლი ყოლბაიას ლელოთი დასრულდა, ხოლო ტაიმის მიწურულს ლელოები ნარსიამ და საბა ნატროშვილმა მიითვალეს. წიკლაური გარდასახვებიდან უშეცდომო იყო  45-0.


მეორე ტაიმში დისციპლინის პრობლემებმა ისევ იჩინა თავი და რამდენჯერმე სინბინითაც დავისაჯეთ. ამით კარგად ისარგებლა ჩილემ და 4 საპასუხო ლელო გაიტანა, რომელთაგან სამი გარდასახა. საქართველო მატჩის მიწურულსღა დაეუფლა ბურთს და ორი ლელო გაიტანა: ჯერ მოლი აღნიაშვილის 5 ქულით დასრულდა, მერე კი ზვიადაძის ფრთაზე გარღვევისა და ფეხით თამაშის შემდეგ, მიზანს დემეტრე დევდარიანმა უწია. გოგა უშვერიძემ ორივე გარდასახა 59-26.


20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას, უმცროსი ბორჯღალოსნები 30 მაისს მასპინძლების, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ. "ჯუნიორ ბოკემ" დღეს ფიჯი 82-25 დაამარცხა.


20-წლამდელთა საერთაშორისო სერია

II რაუნდი. 26 მაისი. 15:00 (საქ. დრო)/სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „სიტი პარკი"

საქართველო - ჩილე 59-26 (45-0)


საქართველო

ხაზი: 15. ნიკა ხალვაში, 14. ავთანდილ ზვიადაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. დავით წიკლაური;

შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. ნიკოლოზ ღარიბაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. თორნიკე ტორაძე, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. ირაკლი ყოლბაია.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. გიორგი მეფარიშვილი, 20. გიორგი არძენაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დათა ახვლედიანი, 23. დათა არობელიძე.


სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 82-25


30 მაისი. კვირა

სამხრეთ აფრიკა - საქართველო (16:30)

ფიჯი - ჩილე (18:30)