ქალთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ცვლილებაა - ნათია დანელია 24 გოლით ამ სიის სათავეშია
ქალთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ცვლილებაა - ნათია დანელია 24 გოლით ამ სიის სათავეშია
26.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქალთა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამ შეხვედრაში მონაწილე გუნდებმა, „ნიკე-ლუსომ" და „ბათუმმა", მატჩამდე, საქართველოს ეროვნული დროშით საერთო ფოტო გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში ორივე გუნდმა დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით მოიგო, დღევანდელი თამაში, უფრო პრაგმატული შინაარსის იყო, სადაც წესებს, მაინც მასპინძლები კარნახობდნენ. „ნიკე-ლუსო" აკონტროლებდა ბურთსაც და მომენტებსაც ქმნიდა და ალბათ, რომ არა ბათუმელთა ამერიკელი მეკარე ოლივია როუ, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. ტრავმის გამო, მასპინძლებს სალომე გასვიანი აკლდა, რომელიც სავარაუდოდ, ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება ივნისის თამაშებში, ისევე, როგორც თეონა ბაქრაძე. მასპინძელთა რიგებში არ იყო, არც ჩინონირემ მაკკლინსი, რომელსაც ამ ტურამდე 18 გოლი ჰქონდა გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობდა. თავის მხრივ, ბათუმელებს ტრავმის გამო, კვლავ არ ჰყავდათ ხატია ჭყონია. ანგარიში კი, მე-20 წუთზე ირინა ხაბურზანიამ გამხსნა, რომელიც მცირე ტრავმის გამო, მეორე ტაიმში შეცვალეს. 67-ე წუთზე კი, თაიზამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-0. ამ მოგების შემდეგ, „ნიკე-ლუსოს" 39 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და გატანილი გოლების ხარჯზე, უსწრებს „ლანჩხუთს", რომელსაც ასევე 39 ქულა აქვს.


მაკკლინსის არ ყოფნაში კი, ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილზე გადავიდა ნათია დანელია, რომელმაც დღეს, 7 გოლი (23', 24', 31', 35', 42' 53', 80') გაიტანა და 14 ტურის შემდეგ, 24 გოლით ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. „ლანჩხუთისა" და „ელიტას" დაპირისპირებაში კი, რომელიც  გვიმბალაურის  სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ჩატარდა პირველივე წუთზე, ეთერ სულაშვილის გოლით გაიხსნა, რომელმაც საბოლოოდ, ამ მატჩში 5 გოლი (1', 20', 70' 72', 79) გაიტანა. სხვათა შორის, ეს სულაშვილის სადებიუტო გოლებია მიმდინარე სეზონში, ასე, რომ სანაკრებო შეკრების წინ, ფეხბურთელის ეს ქმედება, საკმაოდ დამაიმედებელია. დღევანდელ უხვგოლიან შეხვედრაში, რომლებიც მხოლოდ ერთ, სტუმრების კარში გადიოდა, თითო გოლი ნინო გუჯაბიძემ (45'), ნინო ბუხრიკიძემ (55') და მარია მურილომ (78') გაიტანეს. ისევე, როგორც თბილისში გამართულ მატჩში, ამ შეხვედრის დაწყებამდე, გვიმბალაურში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა.


რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ქალთა ლიგის დებიუტანტმა „თეთრიწყარომ" მორიგი ქულა აიღო. ამჯერად, ელგუჯა გრიგალაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფრედ, 0-0 ითამაშა თბილისის „კვარტალთან" და 18 ქულით მე-6 ადგილზეა. 16 ქულა აქვს „კვარტალს", რომელსაც 31 მაისს, ქუთაისში „მართვეს" წინააღმდეგ უწევს გადადებული, მე-10 ტურის შეხვედრის გამართვა.


თავის მხრივ, „მართვემ", ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში 3-2 დაამარცხა „ვერე". ანგარიში, მე-11 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი, ნატა კვირკვაიამ გაიტანა. თუმცა, 29-ე წუთზე, ქუთაისელთაგან, მანონი საღარაძემ, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ამ იმერული კლუბიდან, ამჯერადაც მოახერხა გატანა და ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმში, სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. ამჯერად, მარიამ მოდრეკილაძემ, 64-ე წუთზე 11-მეტრიანით დააწინაურა „ვერე". თუმცა, თბილისელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა. 66-ე წუთზე, ანასტასია ხანთაძემ კვლავ გაათანაბრა. შეხვედრის 88-ე წუთზე, ვერელთა მე-5 ნომერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ანა ჯანელიძემ გაიტანა და „მართვეს" მნიშნელოვანი 3 ქულა მოაგებინა. 21 ქულით, „მართვემ", ქულით გადაასწრო „ვერეს" და  მე-4 ადგილზე აინაცვლა.


თბილისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „ავაზა", მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სოხუმის „დინამომ", რომელმაც „რაჭა 2020"-ს 2-1 მოუგო. ანგარიში მასპინძლებმა სწრაფი გოლით, მე-2 წუთზე გახსნეს და კარგა ხანი ლიდერობდნენ კიდეც. თუმცა, 25-ე წუთზე რაჭველებმა გოლი გაქვითეს - ანასტასია გაბუნიამ გაიტანა. მეორე ტაიმში, სტუმართა გუნდს ფეხბურთელი გაუგდეს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრავმირებული და დისციპლინარული სასჯელის გამო, ფეხბურთელების სიუხვით, არც სოხუმელები არიან ბოლო ტურები განებივრებული. შესაბამისად, თანაბარ პირობებში დარჩენილმა მასპინძელთა გუნდმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა. ის ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ლიზი კაკულიას ანგარიშზეა.


ამ ტურის შემდეგ, 13 ივნისამდე, სანაკრებო შესვენება გამოცხადდა.