„იბერია 1999“-მა წააგო, თუმცა, ლიდერობა შეინარჩუნა
„იბერია 1999“-მა წააგო, თუმცა, ლიდერობა შეინარჩუნა
25.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის მე-15 ტური მოულოდნელობებით გაგრძელდა. „გაგრას" შემდეგ, დღეს მოიგო „სამგურალმაც".


სფფ-ის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალმა" გათამაშების ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონს „იბერია 1999"-ს უმასპინძლა და 3-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში, ბურთის ფლობის მიუხედავად, თბილისელებმა, საგოლე მომენტიც, ვერ შექმნეს, „სამგურალმა" კი, გაიტანა, თან ორჯერ.  ანგარიში 37-ე წუთზე 11 მეტრიანით გაიხსნა. პენალტი კი, კლაუდიო სებოლინიასთან უხეშობის გამო დაინიშნა. გოლი ველისოლიმ გაიტანა. ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ველისოლიმ დუბლი გაიფორმა და კვლავ, სებოლინიას გადაცემით. „სამგურალმა", პირველი ტაიმი 2-0 მოიგო. ეს, სრულიად დაუგეგმავი მოულოდნელობა იყო, მოქმედი ჩემპიონისთვის. მეორე ტაიმის სტარტზე 51-ე წუთზე კი, თავად სებოლინიამ გაიტანა - ჩავარდა დაცვა, ნიკო ცეცხლაძემ კი, თანაგუნდელი საკმაოდ გამოზომილი გადაცემით საგოლე პოზიციაზე გაიყვანა.  „იბერია 1999" ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა. თბილისელებს ჰქონდათ ვითარების შეცვლის მცდელობები, ბართიშვილს, გოშთელიანს, კუციას... თუმცა, რიგ მომენტებში კარგად ითამაშა ლუკა კუტალაძემ, სხვაში კი, იბერიელებს არ უმართლებდათ, სანამ არ დადგა მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო. ეს მონაკვეთი თბილისელთა კაპიტნის გიორგი ჯინჯოლავასი იყო, რომელმაც ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ, უძლიერესი დარტყმით, მეორედაც აიღო წყალტუბოელთა კარი და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, ქულის გადასარჩენად არც მას და არც მის გუნდს, დრო აღარ ეყო. ამ ტურის შემდეგ, „იბერია 1999" მარცხის მიუხედავად, კვლავ დარჩა სატურნირო ცხრილის სათავეში, „სამგურალი" კი, 18 ქულით მე-7 ადგილზეა.


თანაბარ ორთაბრძოლაში მოიგო ბათუმის „დინამომ". აჭარაბეთ არენაზე დინამოელებმა „რუსთავს" უმასპინძლეს და 1-0 გაიმარჯვეს.  თავიდანვე ვთქვათ, რომ ანგარიში მე-60 წუთზე, ოთხი წუთით ადრე, მინდორზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კოხრეიძემ გაიტანა ლუკა ლაკვეხელიანის გამოზომილი გადაცემის შემდეგ. თანაბარ პირველ ტაიმში მე-10 წუთზე თორნიკე კირკიტაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის საშუალება თუმცა, დინამოელმა ხარიხას გაარტყა. 26-ე წუთზე რუსთაველთაგან ბილი ჯიბრილს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა ლაზარე კუპატაძემ აუღო. 54-ე წუთზე კირკიტაძე კიდევ ერთხელ იყო ახლოს გოლის გატანასთან. მართალია, მინიმალური ანგარიშით, მაგრამ ბათუმის „დინამომ" მოახერხა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და ლიდერთა ხუთეულში შესვლა.


გორის „დილას" გაუცვალა სატურნირო ცხრილში ადგილი „სპაერმა", რომელმაც საკმაოდ გრძელ და დაძაბულ ბრძოლაში, თბილისში, მიხეილ მესხზე „მეშახტე" 2-1 დაამარცხა. ანგარიში პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში თამაზ ცეცხლაძემ გახსნა. მეორე გოლი მასპინძლებმა 85-ე წუთზე გაიტანეს. თავი, ნიკა ჩაგუნავამ გამოიჩინა. მატჩის მიერ კომპენსირებულ დროში, ასეთი კი, 12 წუთი იყო, მე-9 წუთზე დიმა ღურწკაიამა 11-მეტრიანით მოახერხა ანგარიშის შემცირება, თუმცა, მეტისთვის ტყიბულელებს დრო აღარ ეყოთ.


ეროვნული ლიგის მომდევნო მე-16 ტური, რომელიც სანაკრებო შესვენებას უძღვის წინ, 28, 29 და 30 მაისს გაიმართება.


სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე

 


ფოტო: „სამგურალი"