
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს, ვილი სანიოლის გუნდიდან თექვსმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა - ლუკა გუგეშაშვილმა, გურამ კაშიამ, ლუკა ლოჩოშვილმა, საბა გოგლიჩიძემ, ივა გელაშვილმა, ილია ბერიაშვილმა, ირაკლი აზაროვმა, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ანრი მექვაბიშვილმა, ნიკა გაგნიძემ, ირაკლი იეღოიანმა, გიზი მამაგეიშვილმა, გიორგი კვერნაძემ, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ქვილითაიამ.
„დავიწყეთ მზადება მოახლოებული მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, რთულია ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ამხანაგური მატჩების ჩატარება, თუმცა ეს ბოლო თამაშებია ერთა ლიგამდე. რუმინეთთან საინტერესო მატჩს ველი. კარგად ვიცი მათი ძლიერი მხარეები. ჩვენს მსგავსად, კარგად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე. ახალი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არ იქნება მარტივი თამაში, თუმცა, ვფიქრობ, ყველა სერიოზულად არის განწყობილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შეკრებას ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად", - ამბობს სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში ანრი მექვაბიშვილი, რუმინეთის 2026 წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი, რომელიც ალბათ, ყველაზე ახლოს იცნობს თანამედროვე რუმინულ ფეხბურთს.
სწორედ, რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებს ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ამ თამაშზე სანაკრებო კარიერას ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დაასრულებს. მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ ისევ გაყიდვაშია.
5 ივნისს კი, ეროვნული ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ეს შეხვედრაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ვილი სანიოლს ივნისის თამაშებისთვის გამოძახებული ჰყავს - მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („ატრომიტოსი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უოტფორდი", ინგლისი), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), ლუკა გადრანი („ბეითარი", ისრაელი), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი", უნგრეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი", საქართველო); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („უნივერსიტატია" კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გიორგი ქვილითაია („მეცი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
სფფ-ის ფოტო / გურამ გაბრიჭიძე





ჩვენ








