ჟორჟის შეცვლის მიზეზი იმედია, სერიოზული არ არის!
ჟორჟის შეცვლის მიზეზი იმედია, სერიოზული არ არის!
25.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ინგლისის პრემიერ ლიგაში დღეს ბოლო 38-ე ტური იყო. „ენფილდზე" „ლივერპულმა" ფრედ, 1-1 ითამაშა „ბრენტფორდთან". თავიდანვე ვთქვათ, რომ დღეს მერსისაიდელების შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს. კარს ალისონი იცავდა, „ენფილდი" კი, მუჰამედ სალაჰსა და ენდრიუ რობერტსონს დაემშვიდობა. „მამარდა" ხვალ, საქართველოში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოემგზავრება, მისმა გუნდმა კი, 60 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და 2026-2027 წლების სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.


თბილისში, სანაკრებო თამაშებისთვის მოსამზადებლად გამოემგზავრა პორტუგალიიდან გიორგი ქოჩორაშვილი. დღეს ქართველის გუნდმა პორტუგალიის ტაჩა დე პორტუგალის ფინალი დამატებით დროში 1-2 წააგო. „სპორტინგისა"  და „ტორეენსეს" ფინალურ დაპირისპირებაში ქართველი განაცხადში არ იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა. ფაქტია, „ქოჩორასადმი" ეს დამოკიდებულება, ჩვენში უკვე კითხვებს აღარ იწვევს. ერთი, რასაც ვისურვებთ, რომ მომავალ სეზონში იქნებ, გიორგიმ მოახერხოს „სპორტინგის" დატოვება და ისეთ გუნდში ყოფნა, სადაც მას სათამაშო დრო ექნება.


ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბოლოს წინა შეხვედრა გამართა გიორგი გულიაშვილის „რასინგმა" გასვლაზე „მალაგასთან" და ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველოს გუნდი, 41 ტურის შემდეგ 79 ქულით პირველ ადგილზეა და მიუხედავად ბოლო ტურში, 31 მაისს, „კადიზსთან" დაფიქსირებული შედეგისა მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ითამაშებს. რაც შეეხება გიორგი, მოგეხსენებათ, ქართველი ტრავმის გამო მეორე ტურია არ თამაშობს.


ესპანეთის ლა ლიგაში კი,  „ვილიარეალმა" მადრიდის  „ატლეტიკოს" უმასპინძლა და უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 4-1 მოიგო, შეხვედრის ბედი გადაუწყვიტა. ამ ტაიმში პირველი გოლის გატანის შესაძლებლობა გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა, თუმცა, ბომბარდირი ცოტა გაერთო და შანსი გაუშვა. მიუხედავად ამისა, ჟორჟმა მე-40 წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ, პერესთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებით გავიდა შესვენებაზე. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. სტუმრებმა  პეპე წააქციეს, პარეხომ კი, 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.  34-ე წუთზე პერესმა ანგარიში ორამდე გაზარდა. შემდეგი გოლი, პერესის გადაცემით ჟორჟმა გაიტანა. 43-ე წუთზე სტუმრებმა გოლი გაქვითეს, თუმცა, 45-ე წუთზე პაპე გუეიემ მეოთხედ აიღო „ატლეტიკოს" კარი. მეორე ტაიმში, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თუმცა ამ გოლში მონაწილეობა გიორგი მიქაუტაძემაც მიიღო - 54-ე წუთზე გასულ გოლში პრეასისტი ქართველის ანგარიშზეა. „ვილიარეალმა" 5-1 მოიგო და 72 ქულით მე-3 ადგილით დაასრულა სეზონის „ბარსელონასა" და მადრიდის „რეალის" შემდეგ. რაც შეეხება ჟორჟს, ბომბარდირმა ესპანეთში გაიტანა ყველა ტურნირზე (15 გოლი), სადაც „ყვითელი წყალქვეშა ნავის" მაისურით ითამაშა.  ქართველმა ლა ლიგაში 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის მიწურულს ქართველმა მცირე ტრავმა მიიღო და ის შეცვალეს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სერიოზული არაფერია და მომავალ კვირაში ჟორჟი, ეროვნულ ნაკრებს სრულიად ჯანმრთელი შეუერთდება.


ქართული ლეგიონის მატჩების განრიგი მაისის მიწურულს:


25 მაისი

21:30  ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ცსკა 1948" სოფია - „ლევსკი"

21:30 რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „რაპიდი" ბუქარესტი - „უნივერსიტატია" კრაიოვა


26 მაისი / საპასუხო 29 მაისი

22:45 საფრანგეთის ლიგა 1-ის ფლეი-ოფი / „სენტ ეტიენი" - „ნიცა"


31 მაისი

ესპანეთის ლა ლიგა 2 / „რასინგი" - „კადიზი"