
გუშინ, მიხეილ მესხზე გამართული პრეს-კონფერენციის დროს ჩვენი (TSFF.Ge) შეკითხვა, სლოვაკურ „მიხალოვცეს" ცენტრალური მცველ თორნიკე ძოწენიძესთან დაკავშირებით, იმდენად სიახლე გამოდგა ქართული მედიისთვის, რომ ჩვენმა კოლეგებმა თურმე, თემა აიტაცეს და ერთ დროს „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილი, ეროვნულ ლიგაში წლების მანძილზე ჯერ „დინამო თბილისში", შემდეგ „თელავსა" და გორის „დილაში" მოთამაშე ფეხბურთელი გაიხსენეს. სხვათა შორის, თორნიკემ ჩვენთან ლაპარაკში აღნიშნა, რომ მის მიმართ, გუშინ, ვილი სანიოლის მიერ დაფიქსირებული ეს დამოკიდებულება, ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია და ამიერიდან, ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტად შეეცდება თავი გამოიჩინოს. მანამდე კი, ძოწენიძე, სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი, ამ მომენტში უკვე საქართველოში იმყოფება.
თბილისისკენ გზას კი, უკვე ხვალიდან დაადგებიან დავით ვოლკოვი, გიორგი პაპუნაშვილი და ლუკა გადრანი. დღეს ფეხბურთელებს ბოლო კალენდარული შეხვედრები ჰქონდათ აზერბაიჯანსა და ისრაელში.
აზერბაიჯანის სუპერ ლიგაში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა" გასვლაზე „აზალ პკფ"-ს დაუპირისპირდა. 33-ე ტურის ეს შეხვედრა ვოლკოვმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. ქართველ ლეგიონერს პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. პირველი ტაიმი კი, „ზირამ" 2-0 წააგო. 58-ე წუთიდან თამაშში ჩაერთო პაპუნაშვილი. გიორგი კარგად შემოვიდა, თუმცა, მის ჩანაფიქრს, უმეტესად, თანაგუნდელები ვერ ყვებოდნენ. თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთში „ზირამ" მოახერხა ორჯერ ანგარიშის შემცირება. შეხვედრისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ქულის გადარჩენის შესაძლებლობაც ჰქონდათ. თუმცა, პენალტი ვერ გამოიყენეს და 3-2 დამარცხდნენ. „ზირამ" საბოლოოდ, 53 ქულით მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.
ისრაელის ლიგა ჰაალის ჩემპიონშიპის ჯგუფში ლუკა გადრანის გუნდმაც ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ბეითარი იერუსალიმმა" საშინაო შეხვედრაში თელ-ავივის „ჰაპოელს" უმასპინძლა. თავიდანვე გეტყვით, რომ შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. გადრანმა, რომელიც 25 მაისიდან, ეროვნულ ნაკრებს შემოუერთდება, სრული მატჩი ჩაატარა და ჩვენი აზრით გუნდში საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში ქართველის გუნდი კაცნაკლული დარჩა. მატჩის დაძაბულობაზე, სიხისტეზე რომ არაფერი ვთქვათ, ისიც მეტყველებს, რომ პირველ ტაიმში, ორივე გუნდს მთავარი მწვრთნელი გაუძევეს და რეპორტაჟის დროსაც ხშირად იხილავდით მათ, გვერდი-გვერდ იზოლირებული ბოქსებიდან, როგორ ხელმძღვანელობდნენ თამაშს. როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ ხისტ თამაშში, მსაჯებს პენალტი „ჰაპოელმა" გამოსტყუა და 85-ე წუთზე გაიტანა კიდეც. თუმცა, შეხვედრის ბოლო წუთზე თითქმის მთელი თამაში 10 ფეხბურთელით მოთამაშე გუნდმა გაიტანა. გადრანის აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში, ბოლოს გოლი მოჰყვა, რომელსაც სხვათა შორის VAR-ი დიდხანს ამოწმებდა - დეჰანის დარტყმის შემდეგ, ბურთი გადრანს წაეთათუნა ზურგზე, მოწინააღმდეგემ კი, მსაჯებისგან მოითხოვა ხელით თამაში დაეფიქსირებინა. საბოლოოდ გოლი ჩაითვალა და ბეითარმა ქულა გადაარჩინა. ქართველის გუნდმა სატურნირო ცხრილში 76 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. შესაბამისად, გუნდი უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ქართული ლეგიონის კიდევ ერთი ნაწილი კი, სეზონის ფინიშის პირას არის. გთავაზობთ, ქართველთა გუნდების თამაშების განრიგს.
24 მაისი
19:00 ინგლისის პრემიერ ლიგა / „ლივერპული" - „ბრენტფორდი"
23:00 ესპანეთის ლა ლიგა / „ვილიარეალი" - „ატლეტიკო" მადრიდი
20:30 ესპანეთის ლა ლიგა 2 / „მალაგა" - „რასინგი"
20:15 პორტუგალიის ტაჩა დე პორტუგალი / „სპორტინგი" - „ტორეენსე"
25 მაისი
21:30 ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ცსკა 1948" სოფია - „ლევსკი"
21:30 რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „რაპიდი" ბუქარესტი - „უნივერსიტატია" კრაიოვა
26 მაისი / საპასუხო 29 მაისი
22:45 საფრანგეთის ლიგა 1-ის ფლეი-ოფი / „სენტ ეტიენი" - „ნიცა"





ჩვენ








