
საქართველოს კანოესა და კაიაკის ეროვნულმა ნაკრებმა 14-17 მაისს მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე იასპარეზა. ტურნირს გერმანის, ქალაქმა ბრანდენბურგმა უმასპინძლა. ჩვენი გუნდი, აღნიშნულ ტურნირზე ოთხი ათლეტით ასპარეზობდა - ბადრი ყაველაშვილი(K1), ალექსანდრე წივწივაძე (C1), გია გაბედავა (C1) და პარა კაიაკის სპორტსმენი სერჰიი იემელიანოვი (Kl3).
საერთო ჯამში ტურნირში 65-მდე ქვეყნის 700-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ქართული გუნდიდან მსოფლიო თასის მეორე ეტაპი პარაკაიაკერმა სერჰიი იემელიანოვმა მოიგო. Kl3 კლასში 200-მეტრიანი დისტანციაზე, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა შესარჩევი გაცურვა 00:43.03 წამში დაფარა და პირველი ადგილით პირდაპირ A ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალი 17 მაისს გაიმართა. სერჰიიმ, აქაც იყოჩაღა, დისტანცია 00:44.14 წამში დაფარა და ეტაპის გამარჯვებული გახდა.
მედლის მოგების შანსი ჰქონდა ალექსანდრე წივწივაძესაც 200 მეტზე (C1) კლასში, ქართველმა შესარჩევი გაცურვა ჯგუფში მეორე შედეგით 00:41.23 (+0.03) წამით დაასრულა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც გაცურვაში საუკეთესო დრო 00:41.14 აჩვენა, შესაბამისად გაცურვა მოიგო და A ფინალში გადავიდა. ლოგიკურად, ყველაფერი მედლისკენ მიდიოდა, თუმცა, საბოლოოდ წივწივაძემ გამარჯვებულთან +1.21 წააგო და საბოლოოდ, 00:39.65 დროით მე-6 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
სხვათა შორის ალექსანდრე 1000 მეტრიან დისტანციაზეც ასპარეზობდა, თუმცა, შესარჩევ გაცურვაში, ქართველმა 05:01.22 (+41.88) დააფიქსირა, გავიდა ბოლო ადგილზე და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
C1 კლასში, 200 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდა გია გაბედავაც, რომელმაც შესარჩევ გაცურვაში 00:42.25 (+1.12) მესამე შედეგი აჩვენა და 1/2 ფინალში გავიდა. აქ, ქართველმა გაცურვაში 00:44.09 (+2.03) დროით, მე-7 ადგილი დაიკავა და სამწუხაროდ, ასპარეზობას გამოეთიშა.
რაც შეეხება ბადრი ყაველაშვილის, რომელიც K1 კლასში ასპარეზობდა, მან კარგად დაიწყო, 200 მეტრიან დისტანციაზე, შესარჩევ გაცურვაში 00:37.58 (+0.55) დროითა და მე-3 ადგილით, 1/2 ფინალში გადასვლა მოახერხა, თუმცა, იქ 00:38.52 (+1.78) დააფიქსირა და მე-8 ადგილით, C ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა, ქართველი სტარტზე არ გამოცხადდა.
სრულად შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ფოტო: © PlanetCanoe





ჩვენ








