როგორც „ქართველი“ ვიტყოდი, რომ ხვიჩას ოქროს ბურთი უნდა მისცენ...
როგორც „ქართველი“ ვიტყოდი, რომ ხვიჩას ოქროს ბურთი უნდა მისცენ...
22.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 და 5 ივნისს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლმა თბილისში, მიხეილ მესხზე დაგეგმილი ამ შეხვედრებისთვის რუმინეთისა და ბაჰრეინის ნაკრებების წინააღმდეგ გამოუძახა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელსაც 2 ივნისის თამაშამდე ორი დღით ადრე, ბუდაპეშტში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტიტული აქვს დასაცავი.


დღეს, მიხეილ მესხზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ბაიერნთან" 1/2 ფინალის თამაშისას ის „კვარას" დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიყო უყოყმანო დასტური, ყოფილიყო ეროვნულ ნაკრებთან ერთად. თუმცა, დიდი ალბათობით, ხვიჩას, გულშემატკივარი, ალბათ, უფრო მეორე თამაშში იხილავს.


მანამდე კი, დღეს პრეს-კონფერენციაზე ვილის ის კითხვა დაუსვეს, რის შესახებაც სოციალურ ქსელებში და არა მხოლოდ საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ. უნდა გახდეს თუ არა კვარა, ოქროს ბურთის მფლობელი. კითხვაზე ფრანგმა სპეციალისტმა ასე უპასუხა:


„უკვე იმდენი წელია საქართველოში ვარ, რომ როგორც ქართველი გიპასუხებდით, რომ კი, ოქროს ბურთის მფლობელი ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს. ვიცი, ეს პასუხი ბევრს მოეწონებოდა. სერიოზულად რომ შევხედოთ, სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთში, „კვარას" ხშირად აკრიტიკებდნენ, ვითომ, მხოლოდ დიდ მატჩებში იხარჯებოდა ბოლომდე, უფრო პატარა გუნდებთან კი, ნაკლებად. ვიღაც, ამ კრიტიკას გამოეხმაურებოდა და უპასუხებდა. თუმცა, მან არ უპასუხა კრიტიკოსებს და გააგრძელა მუშაობა, პასუხი მოედნიდან გასცა.


ხვიჩა კვარაცხელია ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მასში ერთი რამ განსაკუთრებით მომწონს - მისი დამოკიდებულება. რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ცდილობს ყოველდღიურად უკეთესი გახდეს. ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. ეროვნულ გუნდთან მისი დამოკიდებულებაც სწორედ ამას აჩვენებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ თქვა, რომ ამხანაგურ მატჩებზეც აუცილებლად უნდა იყოს გუნდთან, რადგან დახმარება სურს. ის მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი კი არა, ძალიან კარგი კაპიტანი არის. ბევრი ფეხბურთელი წარუმატებელი მატჩების შემდეგ მხოლოდ თავის გამართლებას ცდილობს, თუმცა მხოლოდ უმაღლესი დონის მოთამაშეები პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციიდან და ხვიჩა სწორედ ასეთია", -ამბობს ვილი სანიოლი.


საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს, 21:00 თბილისში, მიხეილ მესხზე გამართავს რუმინეთის წინააღმდეგ, 5 ივნისს კი, ბაჰრეინს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ ისევ გაყიდვაშია.