ივნისის თამაშების წინ ვილი სანიოლმა ტრადიციულად, ქართული მედიის კითხვებს უპასუხა
ივნისის თამაშების წინ ვილი სანიოლმა ტრადიციულად, ქართული მედიის კითხვებს უპასუხა
22.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად 10 დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრების ივნისის ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თავდაპირველად 2 ივნისს, რუმინეთის, ხოლო 5 ივნისს, ბაჰრეინის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება. ტრადიციულად, მას შემდეგ, რაც აღნიშნული თამაშებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა, შეხვდა მედიის წარმომადგენლებსაც და მოახლოებულ თამაშებთან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ილაპარაკა. ილაპარაკა, ეროვნული ნაკრების დებიუტანტ ირაკლი იეღოიანზეც.


„იეღოიანს ჰქონდა საკმაოდ სტაბილური სეზონი. მასზე რამდენი თვის წინ ვფიქრობდით, მაგრამ რადგან 21-წლამდე ნაკრებში იყო მისი ყოფნა აუცილებელი, ჩვენ არ დავუძახეთ. მომეწონა მისი სეზონი, რადგან ბევრი რამე შეცვალა უკეთესობისკენ, მისი თამაში იყო ინტენსიური. ეს არის რაც გვინდა ჩვენ ნახევარმცველისგან. ვფიქრობ, ის გუნდში პოზიტივს შემოიტანს. უნდა შეეჩვიოს გარემოს, თანაგუნდელებს, როგორ ითამაშოს ჩვენს სათამაშო სტილში, შეეჩვიოს სიტუაციას.. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას მოახერხებს და ივნისის თამაშებშიც მიეცემა სათამაშო დრო",  - ამბობს ვილი სანიოლი.  


ბუნებრივია, მედიისთვის საინტერესო იყო, რატომ გაკეთდა ივნისის სპარინგებისთვის კონკრეტულ გუნდებზე არჩევანი.


„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში არ არის მარტივი მოძებნო სპარინგი. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ფედერაციამ მიახერხა რუმინეთთან და ბაჰრეინთან მოლაპარაკება და თამაშების დაგეგმვა. რუმინეთი საკმაოდ საინტერესო გუნდია ბევრი საინტერსო მოთამაშით და რთული თამაშიც გველოდება. რა თქმა უნდა ბაჰრეინზე იმავეს ვერ ვიტყვით, მაგრამ საინტერესოა საინტერესო არის მსოფლიოს სხვა ნაწილის წარმომადგენელთან სპარინგი.  ამ თამაშებში შანს მივცემთ დაიწყონ სანაკრებო ცხოვრება და თავი გამოიჩინონ. ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის გვინდა გამარჯვება. შესაძლოა გვქონდეს ბევრი როტაცია, რადგან ეს არის ბოლო მოსამზადებელი თამაშები სექტემბრის შესარჩევის წინ", - ამბობს სანიოლი.


გრძელი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებას ორი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი შეიძლება ითქვას, პირდაპირ საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან, „კვარა", რომელსაც 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო და ზურიკო, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაწინაურებლად იბრძვის „სენტ -ეტიენთან" ერთად, 26 და 29 მაისს ფლე-ოფის ორი თამაში აქვს ჩასატარებელი. ვილიმ, ამ თემაზეც ილაპარაკა:


„ცალკეული ფეხბურთელების სიტუაციას თუ შევხედავთ, ამ პერიოდში კვარაცხელიას აქვს სათამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ზუკამ (დავითაშვილი),  უნდა ითამაშოს სარელეგაციო ფლეი-ოფი. განსხვავებული ვითარებაა „ჩაკვესთან" და გოგლიჩიძესთან, რომლებმაც კარგა ხანია სეზონი დაასრულეს. ყველასთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. გვინდა, რომ ამ თამაშებისთვის ფორმაში იყვნენ და ამისთვის გვაქვს  ერთი კვირა მოსამზადებლად. მთავარია, რომ ფიზიკურად იყვნენ მზად და ვეცდებით ამის გაკეთებას. ხვიჩას, „ბაიერნთან" თამაშის წინ ველაპარაკე. ბუნებრივია, რთული იქნება რუმინეთთან ითამაშოს, მაგრამ თავად მოტივირებულია, უნდა გუნდთან ერთად იყოს და გამოვიძახეთ. მეორე თამაშისთვის ის იქნება. თუმცა, მანამდე შევხედოთ, როგორ ჩაივლის ფინალი", - ამბობს ვილი.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქართულ მედიასაც და საფეხბურთო სამყაროსაც აინტერესებს, ჩვენი ნაკრების დაცვის ხაზია. მას შემდეგ რაც გურამ კაშიას 2 ივნისს, ოფიციალურად გავაცილებთ და ზოგადად, როცა მარჯვენა მცველის თემა, ხსენებულ საზოგადოებაში ღიაა, ვის ხედავს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მათ სანაცვლოდ.


„სია ამ პოზიციაზე მოთამაშეების საკმაოდ დიდია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა კონკრეტულ სიტუაციაში შესაბამის მოთხოვნები დააკმაყოფილონ და კარგად ითამაშონ, რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. ამ ეტაპზე ამ პოზიციაზე გვყავს გიზი მამაგეიშვილი, რომელმაც მარტის თამაშებზე კარგად  წარმოაჩინა თავი და ჩვენი დახმარება მომავალშიც შეუძლია. ამას გარდა სექტემბერში კაკაბაძეც დაგვიბრუნდება. დაცვის ცენტრშიც ახალი ფეხბურთელები გვყავს. შეუძლებელია ყველა სპარინგისთვის შემადგენლობას სრულად შეცვლა.


ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც ადრეულ ასაკში კარგად თამაშობს, ზოგჯერ შემდეგ ვეღარ ვითარდება, სხვა პირიქით. ამის კარგი მაგალითია ილია ბერიაშვილია. შრომა, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიფასდება. რაც შეეხება თორნიკე ძოწენიძეს, სლოვაკეთში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ვაკვირდებით, ახლა არ გამოვიძახეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს თვალთახედვის არეში არაა უნდა გააგრძელოს შრომა და აუცილებლად გამოვიძახებთ", - ამბობს ვილი სანიოლი.


ფეხბურთის გულშემატკივარს, მოეხსენება, რომ სექტემბერში უეფა-ს ერთა ლიგის ახალ კონცეფციას დაამტკიცებს, რომელიც თავის მხრივ, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შემდეგ ამოქმედდება. ერთა ლიგა, რომელიც ერთგვარად ქართულ პროექტადაც შესაძლოა ჩავთვალოთ, რადგან სწორედ, ამ პროექტიდან მოვხვდით ჩვენ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, ახალი სახით, რამდენად ხელსაყრელი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის. ამ თემის შესახებ, ვილის ჩვენმა ვებ-პორტალმა დაუსვა კითხვა:


„ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე ახალმა ფორმატმა გაამართლა. ვფიქრობ, ასეთი ცვლილებები ფეხბურთისთვის კარგია. უეფა და ფიფა ყოველთვის ფიქრობენ, რომ ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდეს და უფრო მეტი შანსი მიიღონ არა მხოლოდ ესპანეთის, გერმანიის ან საფრანგეთის ნაკრებებმა, არამედ ისეთმა პატარა ქვეყნებმაც, როგორიც საქართველოა. ფეხბურთი საყოველთაოა და არა მხოლოდ დიდი გუნდების", - ამბობს სანიოლი.


ვილის სანიოლისა და ტრადიციულად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის პასუხებს მედიის კითხვებზე ჩვენ სხვა სტატიებში, დღის ბოლოს კიდევ დავუბრუნდებით. მათ შორის, გურამ კაშიას გაცილების მატჩს და „კვარას" ოქროს ბურთის პერსპექტივაზე, მართალია უკვე გაქართველებულ, მაგრამ მაინც ფრანგი სპეციალისტის გადმოსახედიდან.