
დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-14 ტურის თამაშები წყალტუბოში თბილისა და გორში ჩატარდა. თუმცა, დავიწყოთ თბილისში, „დინამო ერანზე" გამართული შეხვედრით სადაც, „იბერია 1999"-ის მაისურით, „დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილმა" ანდრია ბართიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ „იბერია 1999"-ის საშინაო მოედანმა რამდენიმე დღეში ეროვნული ნაკრების ამხანაგურ მატჩებს უნდა უმასპინძლოს, ბოლო ტურში კი, მოედანზე შესული გულშემატკივრის მიერ დაზიანებული მინდვრის საფარი, ზემოთხსენებული სანაკრებო თამაშებისთვის მზად უნდა ყოფილიყო, „იბერია 1999"-მა ამ ტურის საშინაო შეხვედრა „გაგრასთან" სწორედ, „დინამო არენაზე" ჩაატარა. ბევრი მომენტი ამ შეხვედრაში არ ყოფილა. პირველი ტაიმიდან გაგრელთა მომენტი დაგვამახსოვრდა, როდესაც 30-ე წუთზე ანდრი ანდრეიჩუკს თორნიკე მეგრელიშვილმა აუღო. მეორეში კი, 56-ე წუთზე ანდრია ბართიშვილის გოლის გარდა, შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ამირან ძაგანიას მცდელობა დაგვამახსოვრდა - ალბათ, სწორ დროს გადაცემის შემთხვევაში „იბერია 1999" ერთით მეტი გოლით მოიგებდა, თუმცა, დღევანდელი მატჩი 1-0 დასრულდა მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ.
„იბერია 1999"-ს ოთხი ქულით ჩამორჩება ქუთაისის „ტორპედო", რომელმაც ამ ტურში გასვლითი შეხვედრა წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე ჩაატარა ტყიბულის „მეშახტეს" წინააღმდეგ და დიდი ანგარიშით 1-4 გაიმარჯვა. მშრალი და ალბათ, ნაკლებად საინტერესო პირველი ტაიმის შემდეგ, სადაც სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა, კარის ჩარჩოში რეალურად მათაც მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, მეორე ტაიმი გოლებით დახუნძლული გამოდგა. მასპინძლებმა, შეხვედრის ამ მონაკვეთში, პირველივე შეტევა გოლად აქციეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტში ქუთაისელები დაცვით თამაშში ჩავარდნენ და რეალურად ლადო ჩიხრაძეს არ გასჭირვებია გოლის გატანა 50-ე წუთზე. აი, ამის შემდეგ, კი, უნდა ითქვას, რომ „ქარმა" სახელად კომენ ანდრიჩი ქუთაისიდან წყალტუბოს მიმართულებით დაუბერა. ტორპედოელთა ლეგიონერმა, 53-ე, 63-ე და 68-ე წუთებზე „მეშახტეს" სამი გოლი გაუტანა. ამ სამი გოლიდან ერთი დიეგო დეისაძის, მეორე კი გიორგი არაბიძის საგოლე გადაცემებს მოჰყვა. საგოლე გადაცემის შემდეგ, 10 წუთში, 78-ე წუთზე კი, თავად არაბიძემაც გაიტანა. „ტორპედომ" მნიშვნელოვანი მე-15 ტურის წინ საჭირო გამარჯვება მოიპოვა და ქართულ დერბის ამაღლებულ განწყობაზე ხვდება.
თავის მხრივ, ცოტა განწყობა გაუფუჭდა „დინამო თბილისს", რომელიც 22 ქულით, 14 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა. არადა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებს, რომლებიც გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე", აშკარად გორის „დილაზე" უკეთ გამოიყურებოდნენ, შეეძლოთ პირველ ადგილზე მყოფ „იბერია 1999"-ს ერთ ქულაში მიახლდებოდნენ. შესაძლოა, თამაშის დინამიკაზე, შეხვედრის 25-ე წუთზე მომხდარმა შემთხვევამაც იქონია გავლენა, რომლის დროსაც სათამაშო შეჯახების შემდეგ, გორის „დილას" მცველს რომარიკ ეტუს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, როგორც ორივე გუნდის სამედიცინო შტაბის, ასევე, ადგილზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დასჭირდა. მოგვიანებით, ფეხბურთელი რეანიმობილით გადაიყვანეს. ტაიმის ბოლის კი, ორ ეპიზოდში დინამოელთა წინააღმდეგ დარღვევების გამო VAR-ის ჩართვა ორჯერ გახდა საჭირო. შესაბამისად, პირველი ტაიმი უჩვეულოდ დიდხანს, თითქმის 10 წუთს გაგრძელდა. მეორე ტაიმშიც სურათით დიდად არ შეცვლილა. მასპინძლების მიერ, ერთი სახიფათო მომენტი გვახსენდება, შოთა შეყილაძის ეფექტური გადაცემის შემდეგ, მე-60 წუთზე, გოლის გატანასთან ახლის იყო შეცვლაზე შემოსული ტალი, თუმცა, ბურთმა დინამოელთა კარის გვერდი ჩაიარა. 64-ე წუთზე უკვე დავით კერესელიძეს მოუხდა საქმეში ჩართვა ნანა-კოფი დონკორის დარტყმის შემდეგ. კიდევ ერთი მომენტი, თბილისელებს ჰქონდათ, 69-ე წუთზე ჰქონდათ. ამჯერად, გიორგი ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ, რუი მონტეირუმ ვერ გამოიყენა. მოკლედ, ამ შეხვედრაში გოლი არ გავიდა და ფრედ, 0-0 დასრულდა.
ტურის ორი შეხვედრა ხვალ თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე და პეტრო არენაზე გაიმართება:
19:00 „სპაერი" - „დინამო" ბათუმი
21:00 „რუსთავი" - „სამგურალი"
ფოტო: (C) იბერია 1999





ჩვენ








