ქართული ლეგიონი ქალთა ფეხბურთშიც გვყავს და საკლუბო სეზონი მათთვისაც სრულდება
ქართული ლეგიონი ქალთა ფეხბურთშიც გვყავს და საკლუბო სეზონი მათთვისაც სრულდება
20.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


მაისის ბოლოს თბილისში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებიც შეიკრიბება. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდისგან განსხვავებით, ირის ანტმანის გაწვრთნილ ქალთა ეროვნულს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი შეხვედრის გამართვა უწევს. C4 ჯგუფში, ორივე თამაშში წარმატების შემთხვევაში, ამასთან გოლების უკეთესი სხვაობის შემთხვევაში, ასევე, სხვა მეორეადგილოსნებს შორის, ჯგუფების გამარჯვებულებთან უკეთესი მაჩვენებლის გათვლით, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, საუკეთესო მეორეადგილოსნის კვალობაზე, ექნება შანსი მიიღოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის დამატებითი ორ საგზურიდან ერთი.


საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 ივნისს, ფარერის კუნძულების გუნდს დაუპირისპირდება, რომელთანაც გასვლაზე ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დავმარცხდით (და კვლავ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებაზე დავრჩები - ძალიან მიკერძოებული მსაჯობის ფონზე). შემდეგ კი, 9 ივნისს, საბერძნეთის ქალთა ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებთ. შეგახსენებთ, რომ ბერძნებთან, სასტარტო შეხვედრაში, კრეტაზე, 3-0 დავმარცხდით. ამ მომენტისთვის ჯგუფს, სწორედ, საბერძნეთის ნაკრები ლიდერობს ქულების მაქსიმუმით (იხილეთ ბმული).


ერთი მცირე დეტალი, შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრების წინ, ქალთა ეროვნულის ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლდათ - არ იყო დაწყებული ეროვნული ჩემპიონატი. თუმცა, ახლა სხვა ვითარებაა, ქალთა ლიგაზე უკვე მეორე წრე მიმდინარეობს, შესაბამისად, გოგონებიც მეტ-ნაკლებად უკვე ფორმაში არიან. მათ შორის ისინიც, ვისაც მცირე ტრავმები აწუხებდათ. თუმცა, აქ ლეგიონერებზე გვინდა გითხრათ, ვინაიდან, ქართული ქალთა ფეხბურთის მოყვარულებისთვის, ალბათ, ყველაზე ნაკლები ინფორმაცია ალბათ, სწორედ მათზე გვაქვს.


ქართული ლეგიონიდან ერთ-ერთი თიკო ამბალია, რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის ჩემპიონი გახდა და თვის ბოლოს, გუნდთან ერთად, ჩეხეთის თასის მოგებით, დუბლის გაკეთებაც შეეძლება (იხილეთ ბმული).


საბერძნეთში, ქალთა შორის მთავარ ლიგაში  A დივიზიონი  26 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზე „პანათინაიკოსის" ქალთა გუნდი, რომლის ღირსებასაც ეროვნული ნაკრების მცველი, მარიამ კალანდაძე იცავს. ქართველმა ფეხბურთელმა 26 მატჩიდან, მხოლოდ ორი გამოტოვა, კუნთის ტრავმის გამო.


თურქეთში, თურქსელის ქალთა სურეპ ლიგაში თამაშობს ჩვენი ნაკრების თავდამსხმელი მაიკო ბებია. „იუქსექოვასფორის" მაისურით, ბებიას 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული. საერთო ჯამში ქართველს 24 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 21-ში თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. 29 ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 58 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, რაც დებიუტანტი გუნდის კვალობაზე არც თუ ურიგო შედეგია. ამასთან ბოლო, 30-ე ტურიც ამ მხრივ, „იუქსექოვასფორსთვის" არაფერს შეცვლის, ვინიდან მოწინააღმდეგე გუნდი, ბოლო მატჩებია ვეღარ ახერხებს თამაშებზე გამოცხადებას და ყველა მის მოწინააღმდეგეს, ტექნიკური მოგება 3-0 ეთვლება. აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და „ბებოს" ვულოცავთ დაბადების დღეს.


ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი თამარ ტატუაშვილი და ანა ჩემინავა ისრაელის ქალთა საფეხბურთო ლიგაში თამაშობენ. ტატუაშვილის „მაკაბი ხოლონი", ამ მომენტისთვის მთავარ ლიგაში, საჩემპიონო ჯგუფში მედლებისთვის იბრძვის და უახლოეს მატჩს „თელ-ავივის" წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს. რაც შეეხება ჩემინავას, ტრავმის და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ანა დაუბრუნდა „ჰაპოელ თელ-ავივის" და 18 მაისს კლუბის ისტორიაში ქალთა და კაცთა გუნდების პირველ ფოტო-სესიაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი გუნდი კი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ძლიერთა ლიგას უბრუნდება.



„ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ბოლო შეხვედრა სამშაბათს გვაქვს, თუმცა მეორე ლიგა უკვე მოვიგეთ. ასე, რომ მომავალი წლიდან ისრაელის პირველ ლიგაში ვთამაშობთ. გავაგრძელებ თუ არა გუნდთან ურთიერთობას, ჯერ არ გადამიწყვეტია. კონტრაქტი მაქვს, მაგრამ ასევე მაქვს გუნდის დატოვების უფლებად. ასე რომ, ვნახოთ...", - ამბობს ჩვენთან ლაპარაკში ანა ჩემინავა, რომელიც თვის ბოლოს, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებას შემოუერთდება.


სტატიაში გამოყენებულია (c) სფფ-ისა და  (c) "ჰაპოელ თელ-ავივის" ფოტოები