
ეროვნული ლიგის მე-13 ტური დღეს წყალტუბოში გამართული შეხვედრით დასრულდა. სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „სამგურალმა" თბილისის „სპაერს" უმასპინძლა. თავიდანვე ვთქვათ, რომ დღევანდელ მატჩამდე გუნდები სატურნირო ცხრილში „სამეზობლოში", მე-7 და მე-8 ადგილებზე იმყოფებოდნენ და ამ ტურის შემდეგაც, ეს მოცემულობა არ შეცვლილა. თუმცა, ამის გაკეთება მასპინძლებს შეეძლოთ.
მთელი თამაშის მანძილზე, „სამგურალმა" მოახერხა ბურთის გაკონტროლება. რაც შეეხება „სპაერს", ეროვნული ლიგის დებიუტანტს, როგორც ჩანს ძლიერთა ლიგაში მეორე წრეში, ცოტ-ცოტა დაღლა დაეტყო. მშრალად დამთავრებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის სტარტზევე, წყალტუბოელთა 17 წლის მცველს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა, ბუხუტი ფუტკარაძემ მისი დარტყმული მოიგერია. აი, დამატებაზე კი, წყალტუბოელებმა ვეღარ ივარგეს. კიდევ ერთ მომენტში, 50-ე წუთზე ჰქონდათ მასპინძლებს, თუმცა, აქაც, სტუმართა მეკარემ იყოჩაღა. სხვათა შორის თამაშში კარგად შემოვიდა შეცვლაზე ნიკო ცეცხლაძე. თუმცა, დღეს, არც ერთ გუნდს გოლის გატანა არ „ეწერა". შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას 24 ქულით „იბერია 1999" ლიდერობს. მეორე ადგილზე 21 ქულით „დინამო თბილისია", 20-20 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს „ტორპედო" და „რუსთავი" იყოფენ (იხილეთ სატურნირო ცხრილი).
ეროვნული ლიგის მომდევნო მე-14 ტური 20 და 21 მაისს გაიმართება (იხილეთ თამაშების კალენდარი).





ჩვენ








