
დღეს, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, საქართველოს ქალთა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებულ შეხვედრებს ლეიტმოტივად ძლიერი ქარი გასდევდა. თუმცა, მიუხედავად ამისა ამ გარემოებას გოგონებისთვის ხელი, დიდად არ შეუშლია. სატურნირო ცხრილის ლიდერებმა მორიგი გამარჯვებები იზეიმეს. ბომბარდირთა დავას კი, სათავეში ჩინონიერემ მაკლინსი ჩაუდგა, რომელმაც ამ ტურში პოკერი შეასრულა.
12 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსოა". გაგა კირკიტაძის გუნდმა დღეს, ტრადიციულად, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გამართა საშინაო შეხვედრა და მეორე თბილისურ და ტრადიციულ კლუბს, „კვარტალს" უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა მედგარი წინააღმდეგობის ფონზე. „ნიკე-ლუსოს" ლეგიონერმა ჩინონიერემ მაკლინსმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი (11', 26', 47', 63') გაიტანა. შეხვედრის ბოლო ათწუთეულში, 82-ე წუთზე, ელენე ბოლქვაძემ მოახერხა გოლის გატანა. „ნიკე-ლუსომ" 5-0 მოიგო, თუმცა, ალბათ, რომ არა „კვარტალის" მეკარე ელენე ბონდარევა, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. სხვათა შორის, აღნიშნულ შეხვედრას, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი ესწრებოდა.
რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „თეთრიწყაროსა" და „ლანჩხუთის" დაპირისპირება სწრაფი გოლით გაიხსნა. მასპინძლებმა, გურულები, ავტოგოლით დააწინაურეს. თუმცა, არც სტუმრებს დაუკლიათ, მე-14 წუთზე ნინო ბუხრიკიძემ „ლანჩხუთი" ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ბუხრიკიძე, ზედიზედ მეოთხე თამაშია გოლის გატანას ახერხებს, რაც ფეხბურთელის სტაბილურობაზე მიუთითებს. 42-ე წუთზე მასპინძელთა კარი ნათია დანელიამ აიღო. „ლანჩხუთმა" კი, ტაიმი 0-3 მოიგო. 72-ე წუთზე დანელიამ დუბლი შეასრულა და 12 ტურის შემდეგ, 17 გოლით, ბომბარდირთა დავაში მომავალ ტურამდე მეორე ადგილს დასჯერდა. „ლანჩხუთს" კი, 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ქალთა ლიგის მე-12 ტური იღბლიანი გამოდგა თბილისური „ელიტასთვის", რომელმაც სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „ავაზა", გასვლითი შეხვედრა ჩაატარა სოხუმის „დინამოსთან" და 0-2 დაამარცხა. ეს „ელიტას" პირველი გამარჯვებაა მიმდინარე ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ტურშიც, ისევე, როგორც ბოლო შეხვედრებია, ძლიერთა ლიგაში დაბრუნებული სოხუმის გუნდი მწვავე საკადრო პრობლემებს განიცდის - გუნდს ტრავმების გამო, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები აკლია. ტრავმირებულებს დაემატა მე-11 ტურში გაძევებული ძირითადის კიდევ ერთი ფეხბურთელი და დღესაც, მთელი მეორე ტაიმი გუნდმა ნაკლული შემადგენლობით ჩაატარა. დინამოელებმა პირველ ტაიმში მოახერხეს ბურთის გაკონტროლება, თუმცა, დააკლდათ მომენტების რეალიზება. მეორე ტაიმის სტარტზე კი, მასპინძლებს 49-ე წუთზე, უხეში თამაშისთვის ფეხბურთელი გაუძევეს. ამ მომენტიდან მალევე, 52-ე წუთზე მარიამ ფართალაძემ ანგარიში გახსნა. 75-ე წუთზე, ანი კვახაჯელიძემ მეორედ აიღო სოხუმელთა კარი. ამ გამარჯვების შემდეგ, თბილისურმა კლუბმა ერთი ქულით გადაასწრო „რაჭა 2020"-ს.
თავის მხრივ, ამბროლაურის „რაჭა 2020"-მა გასვლითი შეხვედრა გამართა თბილისში. სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, სატურნირო ცხრილის ლიდერთა ოთხეულის წარმომადგენელთან „ვერესთან". მასპინძლებმა, პირველ ტაიმში მოახერხეს მცირე უპირატესობის მოპოვება, თუმცა, უფრო მეტჯერ და სახიფათოდ, სტუმრები უტევდნენ. 38-ე წუთზე ვერელთა მეკარეს, თეკლა გულორდავას დიდი გარჯა მოუხდა, რათა კარგი მშრალად შეენახა. მან ჯერ ანა კირვალიძის უხერხული დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი დამატებაზე, ანასტასია გაბუნიას დარტყმული. მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. 73-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდათ მასპინძლებს, თუმცა, ეკა ხარაიშვილის დარტყმული ხარიხას მოხვდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რაჭველებმა საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და მათ კარში პენალტი დაინიშნა. თუმცა, მარიამ მოდრეკილაძეს მუნისა გულოვამ აუღო და „რაჭა 2020"-ს ქულა გადაურჩინა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.
ფრედ, 1-1 დასრულდა შეხვედრა ქუთაისში, სადაც სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, ადგილობრივმა „მართვემ" „ბათუმს" უმასპინძლა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 65-ე წუთზე ნათია წოწერიამ გახსნა, ეს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მცველის მე-4 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. თუმცა, აჭარელთა სიხარულმა მხოლოდ ერთ წუთს გასტანა. 66-ე წუთზე, ანასტასია ხანთაძემ მიმდინარე გათამაშებაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ ტურის შემდეგ, „ბათუმმა" მე-3 ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, ლიდერებთან სხვაობა 9 ქულამდე გაიზარდა.
ფოტო: „ნიკე-ლუსო"





ჩვენ








