
დღეს სამი შეხვედრით ფეხბურთში, ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტური გაგრძელდა. ეროვნულ ლიგაში თემურ ქეცბაიას, მწვრთნელის ამპლუაში დებიუტის შემდეგ, დღეს კიდევ ერთი „ხმაურიანი" დებიუტი შედგა. „დინამო არენაზე" 25 წუთი (20 ძირითადი და 5 დამატებითი) სათამაშო დრო მიეცა თორნიკე კვარაცხელიას, ხვიჩას უმცროს ძმას, რომლის მოძრაობებშიც, დაკვირვებული გულშემატკივარი, აუცილებლად დაიჭერდა უფროსი ძმის სტილს. თორნიკეს ბურთთან სულ რამდენიმე შეხება ჰქონდა, ერთი ფინტი, დაცვაში თამაში და კარის მიმართულებით ერთი დარტყმა. ჩვენი აზრით, ახლა 16 წლის კვარაცხელიასთვის, მთავარია, ხვიჩას ჩრდილიდან მალე გამოსვლა და საკუთარი გზისა და ხელწერის შექმნა. დღეს კი, მისმა გუნდმა „დინამო თბილისმა", ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მიმდინარე გათამაშების ლიდერი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999" 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სტუმართა გუნდის უპირატესობით დაიწყო, რეალურად, მთლიანად მატჩში მათ უფრო მოახერხეს ბურთის გაკონტროლება, თუმცა, პირველ ტაიმში, მასპინძელთა ლეგიონერების ნანა-კოფი დონკორისა (33') და აბდულაი იოროს (45') გოლებს, მეორე ტაიმში ვერაფერი დაუპირისპირეს. თბილისურ დერბიში, „დინამო თბილისმა" გაიმარჯვა, დააგროვა 21 ქულა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადმოინაცვლა. ამ ტურის შემდეგ, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, პირველადგილოსანთან 3 ქულაღა აშორებს.
ამ მატჩამდე თბილისში, პეტრო არენაზე, „გაგრამ", სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფ „რუსთავს" უმასპინძლა და საკმაოდ უხერხულ ამინდში, ძლიერი ქარის ფონზე, ფრედ, 1-1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ რუსთაველები, დღევანდელ ტურში მასპინძელ (ვინაიდან ორივე კლუბი ამ სტადიონზე ატარებს საშინაო მატჩებს) „გაგრას" ოდნავ სჯობდნენ. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც პირველივე ტაიმში ჰქონდათ, თუმცა, 23-ე წუთზე, ვაჟა ფაცაციას 11-მეტრიანი აუღო ოლეკსანდრ ვორობეიმ. 49-ე წუთზე კი, ვანდერსონ სილვა ანგარიში გახსნა და „გაგრა" დააწინაურა. 72-ე წუთზე კი, ულამაზესი შორეული დარტყმით, ანგარიში ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაათანაბრა. ამ ტურის შემდეგ, რუსთავმა 20 ქულა დააგროვა და მეორე ადგილიდან, მეოთხეზე ჩამოქვეითდა.
დღის ბოლო მატჩი, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართა. ბათუმის „დინამომ" ტყიბულის „მეშახტეს" უმასპინძლა. პირველ ტაიმში ბურთს უფრო ბათუმელები ფლობდნენ, თუმცა, კარში დარტყმები მხრივ, ერთით მეტი, სტუმრებს ჰქონდათ. რეალურად, ტაბლოზეც სწორედ ეს შედეგი იყო გოლად ასახული. 34-ე წუთზე, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ მასპინძელთა კარის აღება მოახეხა და „მეშახტე" დააწინაურა. სხვთა შორის, მეორე ტაიმში, ასევე მორიგი მცდელობის შემდეგ, 49-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ გაათანაბრა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა კარგად გამოიყენა „მეშახტის" მეკარის ლევან შოვნაძის უხეიროდ მოგერიებული და გაიტანა. მატჩს მიწურულს, 83-წუთზე კი, თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებული, თავით კარში გადააგზავნა შეცვლაზე შემოსულა ლევან ხოზრევანიძემ. „დინამომ", რომელიც ამ შეხვედრას პირველი ტაიმის შემდეგ 0-1-ს აგებდა, მოახერხა თამაშის დატრიალება და მნიშვნელოვანი სამი ქულის აღება. შეხვედრა 2-1 დასრულდა და ბათუმელებმა, მინიმუმ ამ ტურის დასრულებამდე 17 ქულით, მე-6 ადგილზე აინაცვლეს.
ტური კი ხვალ, 20:00 წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, „სამგურალისა" და „სპაერის" დაპირისპირებით დასრულდება.
ფოტო: სფფ / გურამ გაბრიჭიძე





ჩვენ








