
თბილისსა და ბათუმში დღეს ქალთა ლიგის XI ტურის ბოლო მატჩები გაიმართა. თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში „კვარტალი" სოხუმის „დინამოს" დაუპირისპირდა და 4-0 დაამარცხა. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სოხუმელებმა, ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობიდან გამომდინარე, კვლავ შეუცვლელად ითამაშეს. რეალურად, დინამოელებს თადარიგში მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავდათ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ტაიმში ორი ყვითელის გამო, ფეხბურთელი გაუძევეს, სტუმრებმა თამაში 10 მოთამაშით დაასრულეს. ალბათ, აქვე კიდევ ერთხელ ქების ღირსია, სოხუმელთა მეკარე ანანო ხუცურაული, რომელმაც გოლები კი, დღესაც გაუშვა, თუმცა, ამ შეხვედრაშიც დაუგროვდა საკმაო რაოდენობის „სეივები". მთლიანად მატჩში „კვარტალი" დომინირებდა. პირველი გოლი კი, სოხუმელთა კარში მასპინძლების მორიგ შეტევას მოჰყვა - ლიზი კანკიას ჩაწოდებით, მე-18 წუთზე მარიამ ცისკარიშვილმა გაიტანა. 56-ე წუთზე, კვლავ კანკიას გადაცემა გოლით დაასრულა ცისკარიშვილმა. შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე კი, როდესაც ნუცუბიძეზე სეტყვა ნარევი წვიმა წამოვიდა, თავად კანკიამაც გაიტანა ანა დოლიაშვილის გადაცემით და ორ საგოლე გადაცემას, გოლიც დაუმატა. მანამდე, მასპინძლებმა „დინამოს" 73-ე წუთზეც გაუტანეს. გოლის ავტორი ლოლოტა გოგუაძეა, რომელსაც საგოლე გადაცემა შეცვლაზე შესულმა მარიამ გასანოვამ გაუკეთა. ამ ტურის შემდეგ, „კვარტალმა" 18 ქულა დააგროვა და ერთ ქულაში მიუახლოვდა, მე-4 ადგილზე მყოფ მეორე თბილისურ კლუბ „ვერეს".
სამი გოლი გავიდა ქობულეთში, „ჩელე არენაზე", სადაც ბოლო საშინაო მატჩებს „ბათუმი" ატარებს და თამაშებს გულშემატკივარიც საკმაოდ ესწრება. ამჯერად, აჭარულმა კლუბმა, თბილისის „ვერეს" უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი, თავდაპირველად ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და დღევანდელ ტურამდეც სხვაობა სატურნირო ცხრილში, მხოლოდ ერთი ქულა იყო, თამაშიც დაძაბული გამოვიდა. უფრო ბათუმელები აქტიურობდნენ. გოლის გატანის პირველი შესაძლებლობა ორწუთიან მონაკვეთში მასპინძლებს, ორჯერ ჰქონდათ, თუმცა, თუ პირველ მომენტში თათია შაინიძის დარტყმული ოდნავ გადასცდა კარს, მეორეში ამანდა კრიპსის დარტყმულის მოგერიება მეკარემ მოახერხა. ანგარიში კი, 37-ე წუთზე გაიხსნა. ფლანგიდან მორიგ შეტევას საჯარიმო მოედანში მცველების შეცდომა მოჰყვა, ბურთთან კი, ყველაზე ახლოს ამანდა კრიპსი აღმოჩნდა, რომელსაც არ გასჭირვებია ანგარიშის გახსნა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, საჯარიმოში მარტივად გაუმკლავდა მცველს და ბურთი კარში გადააგზავნა, ეკატერინა მალიშევამ, რომელმაც მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 50-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. ამ მოგებით, „ბათუმმა" 23 ქულა დააგროვა და „ვერეს", რომელიც მეოთხე ადგილზეა ოთხი ქულით გაასწრო.
ქალთა ლიგის მომდევნო, XII ტური 17 მაისს არის ჩანიშნული.
ფოტო: „კვარტალი"





ჩვენ








