„ლანჩხუთმა“ მოიგო და სატურნირო ცხრილში „ნიკე-ლუსოს“ გაუთანაბრდა
„ლანჩხუთმა“ მოიგო და სატურნირო ცხრილში „ნიკე-ლუსოს“ გაუთანაბრდა
12.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის მე-11 ტური დღეს სამი შეხვედრით გაიხსნა, საიდანაც ერთი, მიმდინარე ჩემპიონატში საკვანძო იყო. გვიმბალაურში „ლანჩხუთი", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ნიკე-ლუსოს" დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. გურულებმა, მიმდინარე სეზონში, პირველად მოახერხეს თათია გაბუნიას კარში გოლის გატანა და შესაბამისად, ქალთა ეროვნული ნაკრების კარის მთავარი მცველის, რომელიც დღესაც გამორჩეული იყო ორივე გუნდში, მშრალი სერია შეწყვიტეს. ამას გარდა, „ლანჩხუთი" გახდა ის გუნდი, რომელმაც „ნიკე-ლუსოს" წაუგებელი სერია მიმდინარე სეზონში დაასრულა და პირველი ქულებიც დააკარგვინა. გატანილი გოლების თვალსაზრისით კი, გაბრიელა კამარგო, რომელმაც დღეს „სამქულიანი" გაიტანა, ბომბარდირთა დავაში, თანაგუნდელ ნათია დანელიას გაუთანაბრდა. ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 15-15 გოლია.


დღევანდელი შეხვედრა „ლანჩხუთსა" და „ნიკე-ლუსოს" შორის კი, გვიმბალაურში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველივე წუთზე ანგარიშის გახსნის მცდელობა ჰქონდათ სტუმრებს. თუმცა, კესო მეტონიძემ შანსი ვერ გამოიყენა. მე-14 წუთზე, ფეხბურთელებს შორის მორიგ კინკლაობას, მსაჯის რეაქცია მოჰყვა - „ნიკე-ლუსოს" ჟოან ნაბირიე გაუძევა. 10 ფეხბურთელით დარჩენილმა სტუმრებმა, 28-ე წუთზე, გოლი სრულიად უწყინარ ვითარებაში გაუშვეს - ერთმანეთს გვანცა ქადაგიშვილმა და თათია გაბუნიამ ვერ გაუგეს, ამასობაში კი, ნათია დანელიამ მოახერხა ბურთის მოპარვა და კარში დარტყა, რომელიც თავის მხრივ, ცარიელი კარიდან სალომე გასვიანმა გამოიტანა, თუმცა, დამატებაზე ნინო ბუხრიკიძემ ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, ლანჩხუთელთა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელდა. 34-ე წუთზე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა და ირინა ხაბურზანიამ ანგარიში გაათანაბრა, 1-1. უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა, რომ მე-15 წუთიდან სტუმრები უმცირესობაში იყვნენ, რამდენიმე წუთი კი, საერთოდ 9 ფეხბურთელი იყო მოედანზე, მასპინძლების პოტენციალზე ეს დიდად ვერ აისახა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს, მაგალითად 61-ე წუთზე, თათია გაბუნიას მოგერიებას, ბუხრიკიძის დარტყმის შემდეგ და კიდევ გოლამდე წამებით ადრე, ნინო ჩხარტიშვილის დარტყმის შემდეგ გაბუნიას კიდევ ერთ კარგ რეაქციას. მიუხედავად ამისა, ბოლო დამატებულ წუთზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამარგომ მაინც მოახერხა გოლის გატანა და ჩემპიონატში, ვითარების დაძაბვა. XI ტურის შემდეგ, ორივე გუნდს 30-30 ქულა აქვს, თუმცა, გატანილი და მიღებული გოლების მაჩვენებლით, პირველ ადგილზე კვლავ თბილისური კლუბია.


თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტამ" ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. სამივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში, სტუმრებმა მე-8 წუთზე მანონის საღარაძის გოლით გახსნეს. ამის შემდეგ, 23-ე წუთზე, საღარაძემ დუბლიც გაიფორმა. პირველი ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე კი, მასპინძელთა კარი ანა ჯანელიძემ აიღო. ამ მოგებით, „მართვემ" 14 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის დასრულებამდე, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. აქვე, გეტყვით, რომ ქუთაისელებს, X ტურის შეხვედრა 31 მაისისთვის აქვთ გადადებული.


მორიგი გამარჯვება იზეიმა ქალთა ლიგის დებიუტანტმა „თეთრიწყარომ", რომელმაც გასვლაზე, ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახეობის სტადიონზე, ადგილობრივი „რაჭა 2020" 1-5 დაამარცხა.  ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-6 წუთზე, ანასტასია გაბუნიას გოლით, მასპინძლები დაწინაურდნენ და თითქმის 25 წუთი ანგარიშშიც ლიდერობდნენ. რაჭველებს კიდევ ორ ეპიზოდში ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, ერთ მომენტში ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ თამარ ნადირაშვილმა ჯერ ანა კირვალიძეს აუღო სტანდარტულიდან უძლიერესი დარტყმული, მეორე ეპიზოდში კი, ნათია სხირტლაძის დარტყმული ჯერ მას და შემდეგ ძელს მოხვდა. ანგარიში კი, „თეთრიწყარომ" 32-ე წუთზე კარინე იეღიანის გოლით გაათანაბრა. 39-ე წუთზე, გამოცდილი ლანა გორგაძის გოლის შემდეგ კი, უკვე წინ იყო ანგარიშში. პირველი ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა დიანა ბაქრაძემ და სტუმრებმა პირველი ტაიმი 1-3 მოიგეს. მეორე ტაიმში, სტუმართა რიგებში, შეცვლაზე შემოსულმა ბარბარე ბერუაშვილმა დუბლი (66', 87') დუბლი გაიფორმა. ამ გამარჯვებით, „მართვეს" მსგავსად, „თეთრიყწარომაც" 14 ქულა დააგროვა და მინიმუმ ამ ტურის ბოლომდე, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.


შეგახსენებთ, რომ ხვალ XI ტურის ორი მატჩია დაგეგმილი. თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში „კვარტალი" სოხუმის „დინამოს" უმასპინძლებს. ქობულეთში კი, „ჩელე არენაზე", „ბათუმი" „ვერეს" შეხვდება.