ფაქტია, პენალტების დარტყმა უნდა ვისწავლოთ
ფაქტია, პენალტების დარტყმა უნდა ვისწავლოთ
12.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ერევანში, განვითარების თასზე ასპარეზობად დაასრულა. სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა 8-დან 12- მაისის ჩათვლით სამი შეხვედრა გამართა, პირველში პენალტების სერიაში დამარცხდა მოლდოვასთან 3-2 (1-1), მეორეში დაამარცხა ასევე პენალტების სერიაში უზბეკეთი 3-5 (1-1) და დღეს, ბოლო შეხვედრაში სამწუხაროდ, პენალტების სერიაში ტურნირის მასპინძელ, სომხეთის ნაკრებთან 2-1 (2-2) დამარცხდა.


აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრა, რომელის სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და ალბათ, რომ არა, შეხვედრის 86-ე წუთზე საქართველოს 15-წლამდე ნაკრების კარში დანიშნული პენალტი, სანდრო კობახიძის გუნდი ამ შეხვედრასაც მოიგებდა და ტურნისაც, ვინაიდან, უზბეკეთმა დღეს მოლდოვა 2-1 დაამარცხა, შესაბამისად, სომხებთან გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ საქართველოს ნაკრები გახდებოდა ერევანში გამართული განვითარების თასის გამარჯვებულიც. თუმცა, მასპინძლებმა 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყეს და ჩვენს გუნდს, მესამედ მოუხდა სპორტულ ლატარეაში მონაწილეობა.


ანგარიში სომხეთისა და საქართველოს 15-წლამდეთა დაპირისპირებაში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს. 39-ე წუთზე გაბრიელ იმესაშვილმა მოახერხა გათანაბრება, მეორე ტაიმში კი, გიორგი ღუნაშვილის 58-ე წუთზე გატანილი გოლით კვლავ ჩვენ დავწინაურდით. პენალტების სერიაში, ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ირაკლი კორკელიამ გაიტანა.


შეგახსენებთ, რომ ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ფრედ დასრულებული თამაშების შემდეგ, ინიშნება 11-მეტრიანების სერია. ჩვენმა გუნდმა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულა.


აღნიშნული ტურნირზე საქართველოს 15-წლამდეთა გუნდში სანდრო კობახიძეს შეკრებაზე 23 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული, მათ შორის - მეკარეები: ნიკოლოზ კაჭახიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ასამბაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), დანიელ ქარაია („ლოკომოტივი", თბილისი);  მცველები: დემეტრე  ფანცულაია („დინამო თბილისი"), ლუკა  ვაშაკიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ბადურაშვილი („იბერია 1999"), ალექსანდრე ჩიქოვანი („დინამო თბილისი"), მათე ეთერია („დინამო თბილისი"), ლაშა ქობალავა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), ბადრი შალიკიანი („იბერია 1999"), ირაკლი კორკელია („ლოკომოტივი", თბილისი); ნახევარმცველები: ნიკოლოზ ყულიაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ დაღუნდარიძე („დინამო  თბილისი"), გიორგი ჩიქობავა („დაუნთაუნ იუნაიტედი", აშშ), დავით ფეტვიაშვილი („ატლეტიკი", თბილისი), გაბრიელ იმესაშვილი („დინამო თბილისი"), ცოტნე ცხელიშვილი („გლდანი"); თავდამსხმელები: გიორგი სადილიანი („ტორპედო" ქუთაისი), გაბრიელ მუჯრიშვილი („იბერია 1999"), დემეტრე ჯანაშია („დინამო თბილისი"), შალვა კაკულია („გლდანი"), სერაფიმე კაზაროვი („დინამო თბილისი"), გიორგი ღუნაშვილი („დინამო თბილისი").


ფოტო: © FFA