რუბენ გარაბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან პირველ შეკრებას იწყებს
რუბენ გარაბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან პირველ შეკრებას იწყებს
12.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს სასტუმრო „პულმანში", საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ოფიციალურად წარადგინა ვაჟთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ გარაბაია. 47 წლის ესპანელი თბილისში სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე ახალ წარმომადგენელთან ერად ჩამოვიდა და ხელბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც ამ მომენტში უკვე საქართველოში არიან, ზემოთხსენებულ სასტუმროში დაბინავდა. ერთი კვირის მანძილზე გარაბაია ეროვნული ნაკრების მოთამაშეების გაცნობას შეეცდება, რომელთაგან ალბათ, ყველაზე ახლოს, ქართული ხელბურთის „კვარას", გიორგი ცხოვრებაძეს იცნობს, რომლის წინააღმდეგაც ესპანელის გაწვრთნილ გუნდს ხელბურთში, ჩემპიონთა ლიგაზე მოუხდა ორჯერ დაპირისპირება (ერთი შეხვედრა გარაბაიას გუნდმა მოიგო, მეორე ცხოვრებაძისამ).


ჩვენი ინფორმაციით, ხელბურთში ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოემზადება და 15 მაისს ღია ვარჯიშსაც გამართავს.  სწორედ მაშინ, შევეცდებით უფრო დეტალურად გავიგოთ ესპანელის გეგმები საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით, რომელსაც პირველი ვარჯიშების შემდეგ, მეტ-ნაკლებად ეცოდინება რა მიმართულებით არის საჭირო მუშაობის გაგრძელება, ნაკრების განსავითარებლად. გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 2026 წლის შემოდგომაზე 4-5 ნოემბერს, EHF-ის 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ. აღნიშნულ შესარჩევში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში სახლი გასვლის პრინციპით ნორვეგიის გარდა ავსტრიისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება (თამაშების განრიგი იხილეთ ბმულზე). 


მანამდე კი, ესპანელმა სპეციალისტმა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პარალელურად, რაც მისთვის პრიორიტეტია და რის გამოც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, აპირებს შეიმუშავოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებისთვის ეროვნული პროგრამა და ამ მიმართულებით გააგრძელოს უკვე დაწყებული მუშაობა. ვიცი რა სამუშაო კეთდება კამპუსში და მე ამას გავაგრძელებო, ამბობს გარაბაია.


სტატიაში გამოყენებულია სპორტის სამინისტროს ფოტო


ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ამ ეტაპზე ოთხწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული თუმცა, არაა გამორიცხული ის სამომავლოდ გადაიხედოს. საერთო ჯამში, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვახტანგ მეიფარიანის თქმით, სანაკრებო კუთხით, მთელი რიგი სიახლეები იგეგმება - ახალგაზრდული ნაკრებები გადადიან ე.წ. ესპანურ პროგრამაზე, რომლის მიხედვით 12-16 წლის ასაკის ბავშვები, ბარსელონას ხელბურთის აკადემიის პროგრამით მოემზადებიან. ექვს თვეში ერთხელ, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობას საგანგებოდ, საქართველოში ხსენებული აკადემიიდან ჩამოსული სპეციალისტები დააკვირდებიან. 16 წლიდან კი, ასაკობრივ ნაკრებებს პროცესის დაგეგმარებაში ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დაეხმარება. ამ გზით, ხელბურთის ფედერაცია გეგმავს ერთ სისტემაში მოიყვანოს ყველა ნაკრები, ასაკობრივიდან დაწყებული, ეროვნულით დასრულებული, რაც ჩვენი მოსაზრებით გრძელვადიან პერსპექტივაში სწორი გათვლაა. ამ ეტაპზე ბარსელონას აკადემიასთან ასევე ოთხწლიანი კონტრაქტია ძალაში.


დიდი ალბათობით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შერჩევისას, სწორედ ზემოთხსენებული საკითხებიდან გამომდინარე გადაწყდა აქცენტი ესპანელ სპეციალისტზე გაეკეთებინათ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის ტიტე კალანდაძის ჩანაცვლება ახლით, მას შემდეგ გადაწყვიტა (2026 წლის 24 მარტს გაცხადდა), რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, თელავში გამართული ორ-რაუნდიანი დაპირისპირება 1 ბურთის სხვაობით დათმო და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.


და ბოლოს ცოტა რამ რუბენ გარაბაიას შესახებაც - ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან  ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალა მთავარ მწვრთნელს, პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული აქვს ბრინჯაოს მედალი. იგი არის მსოფლიო ჩემპიონატების ოქროსა (2005) და ბრინჯაოს (2011) მედლების მფლობელი. არის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი (2006), სადაც ვერცხლის მედალი ერგო. მთლიანობაში ესპანეთის ნაკრებში 168 მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, სხვადასხვა დროს უთამაშია „ადემარ ლიონში", რომლის მაისურითაც მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი (1999). იყო „ფრიგორიფიკოს დელ მორაზოში" (დღეს „კანგასის" სახელწოდებით მოასპარეზე გუნდი), „ვალიადოლიდში" და „ბარსელონაში", რომლის რიგებშიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც (2010) ითამაშა, ბოლოს „ლოგრონიოში" ღირსებას იცავდა. 2021 წლიდან გარაბაია სამწვრთნელო ასპარეზზე გადმობარგდა.