ტატა მატვეევას გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანიდან 6 ქულით ბრუნდება
ტატა მატვეევას გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანიდან 6 ქულით ბრუნდება
11.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე ასპარეზობა მოგებული თამაშით დაასრულა. ტატა მატვეევას გაწვრთნილმა გუნდმა, დღეს ტურნირის მასპინძელი აზერბაიჯანი დაამარცხა და სამი შეხვედრის შემდეგ, ჯგუფში 6 ქულა დააგროვა. თუმცა, ამდენივე ქულა აქვს, რუმინეთს, რომელიც დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე ლიეტუვას ეთამაშება. ამ შეხვედრის შედეგის მიუხედავად, რუმინეთი, მეტი გატანილი გოლის წყალობით, ტურნირს მოიგებს. ჩვენმა გუნდმა კი, პირველ მატჩში განცდილი დაუგეგმავი მარცხის შემდეგ, სრული რეაბილიტაცია მოახერხა. განსაკუთრებით ამის თქმა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია.


აზერბაიჯანის 16-წლამდე გოგონათა ნაკრებთან დაპირისპირება, ტატა მატვეევას გუნდისთვის მოულოდნელად დაიწყო. საქართველოს ნაკრების კარში, აზერბაიჯანელმა მსაჯებმა მე-4 წუთზე 11-მეტრიანი (!) დანიშნეს, რომელიც ზუსტად შეასრულა  ჰადიჯე რაჰიმოვამ. რა თქმა უნდა, ეს იყო ცივი შხაპი, რომელმაც ამ შემთხვევაში ქართული გუნდის გამოსაფხიზლებლად იმოქმედა და ძალიან მალე, მე-12 წუთზე, სესილი გაბრელიანის გადაცემის შემდეგ, ნინო სხირტლაძემ გაათანაბრა, 1-1. 21-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება, ამჯერად, სუელ პოლიკარპოვამ გაგვიტანა. თუმცა, ეს, მეტოქე გუნდის ბოლო გაბრძოლება იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 2-1 წააგო, მეორე ნახევარში გუნდი რადიკალურად მობილიზებული გამოვიდა და სამი გოლი გაიტანა. 50-ე წუთზე ნატალია გუგულაშვილის გადაცემის შემდეგ, ანგარიში მარიამ გასანოვამ გაათანაბრა, 2-2, 61-ე წუთზე სესილი გაბრელიანმა საგოლე გადაცემას, გოლიც დაუმატა და ჩვენი ნაკრები 2-3 დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მე-5 წუთზე მარია გასანოვამ ამჯერად, საგოლე გადაცემა ანი დავითულიანს გაუკეთა, რომელმაც ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, მეზობელ აზერბაიჯანს 2-4 მოუგო.


„რა თქმა უნდა ჩვენ ამ ტურნირზე შედეგიც გვინდოდა და პრიორიტეტი სწორი მიმართულების მიცემა იყო. სწორი ფეხბურთის თამაში და თვითდაჯერებულობის ამაღლება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამაზე ვმუშაობთ სტაფი, თან განვითარების ტურნირია და შესაძლებლობა გვგქონდა ყველასთვის მიგვეცა სათამაშო დრო. ასეთ ტურნირებზე, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამ თამაშებში მიიღოს პრაქტიკაც და გამოცდილებაც. ასეთი თამაშები მნიშვნელოვანია. სამწუხაროა რუმინეთთან მარცხი, შეგვეძლო უფრო მეტი, თუმცა, დარჩენილი ორი თამაში ძალიან კარგად ითამაშეს და ამან, შედეგიც გამოიღო. ბოლომდე ბრძოლა და მონდომება იგრძნობოდა მოედნიდან. მადლობა პირველ რიგში ბავშვებს, შემდეგ მთლიან სტაფს და საქართველოს ვინც გვგულშემატკივრობდა", - ამბობს ტატა მატვეევა ჩვენთან ლაპარაკში.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა საერთო ჯამში სამი მატჩი გამართა, დამარცხდა რუმინეთთან 0-2, მოუგო ლიეტუვას 1-0 და დღეს აზერბაიჯანს 2-4.


ბაქოში დასრულებულ ტურნირზე ტატა მატვეევას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ - მეკარეები: ელენე ბონდარევა („კვარტალი", თბილისი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); მცველები: ანასტასია მარგიანი („ვინგსი"), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), ბარბარე მანაგაძე („მართვე", ქუთაისი), სესილი სვანიძე („კოლხეთი", ხობი), ნინი ვეკუა („ნორჩები", თბილისი), ელენე თვალჭრელიძე („მართვე", ქუთაისი), ანი დავითულიანი („ვერე", თბილისი); ნახევარმცველები: თამარ მარუაშვილი („მართვე", ქუთაისი), ნინო სხირტლაძე („რუსთავი"), ნინო აბულაძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი", თბილისი), ანა დოლიშვილი („კვარტალი", თბილისი), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი", თბილისი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური („ფუენლაბრადა ატლანტისი", ესპანეთი); თავდამსხმელები: სოფია წიქარიძე („დინამო", სოხუმი), სესილი გაბრელიანი („ვერე", თბილისი).