„იბერია 1999“ კვლავ ლიდერია, თუმცა, ხვალ შესაძლოა, „რუსთავი“ წამოეწიოს
„იბერია 1999“ კვლავ ლიდერია, თუმცა, ხვალ შესაძლოა, „რუსთავი“ წამოეწიოს
10.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგა დღეს მე-12 ტურის შეხვედრებით განახლდა. ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში, 26 მაისის სტადიონზე გაიმართა, სადაც ტყიბულის „მეშახტემ" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ გორის „დილას" უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე შოთა შეყილაძის გოლით გახსნეს. გორელმა ფეხბურთელმა სრულიად უწყინარ ვითარებაში მასპინძელთა მეკარეს ლევან შოვნაძეს შეცდომა არ აპატია და პასი, გოლად დაუბრუნდა.  შეყილაძემ, 38-ე წუთზე, ოთარ ფარულავას გადაცემის შემდეგ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, ამ შეხვედრაში პირველი ტაიმის ანგარიში დაფიქსირდა. 12 ტურის შემდეგ, „დილა" 19 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება, თუ ვინ შეიძლება იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯერ-ჯერობით კლუბი არანაირ განცხადებას არ ავრცელებს. კულუარებში კი, გია გეგუჩაძის კანდიდატურა განიხილება აქტიურად.


ტურის მეორე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართა. გათამაშების ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა. დღეს, შეხვედრაზე მისულმა (ქართული რეალობიდან გამომდინარე) სოლიდური რაოდენობის ქომაგმა, ორი განსხვავებული ტაიმი, პირველი განხსნილი, მეორე უფრო ჩაკეტილი ტაიმი იხილა. ანგარიში კი, სწრაფი გოლით გაიხსნა - ქუთაისელთა და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა დიეგო დეისაძემ ისევ გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი, 21-წლამდეთა ნაკრებში მისი თანაგუნდელის ნიკოლოზ დადიანის გადაცემის შემდეგ, პაატა ღუდუშაურმა გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. „იბერია 1999" 24 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეშია კვლავ, თუმცა, დიდი შანსია, რომ მას ხვალ, ორ ქულაში მიუახლოვდეს „რუსთავი", თუკი, რა თქმა უნდა ტურის ბოლო შეხვედრაში, ისინი „დინამო თბილისის" დამარცხებას მოახერხებენ.


დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა კი, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" გაიმართა. გია ჭიაბრიშვილის ბათუმურმა „დინამომ" წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. საკმაოდ დახუნძლული, ძირითადად ყვითელი ბარათებით (7) პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარმა ამ თვალსაზრისით მშვიდად ჩაიარა. ანგარიში კი, პირველ ტაიმში, 22-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე, ბათუმელებმა ორჯერ გაიტანეს, კუთხურიდან, თუმცა, პირველი, ესაო და სასტვენამდე იყოო, არ ჩაითვალა. განმეორებით ჩამოწოდებული კუთხური კი, გოლით, მამუკა კობახიძემ დააგვირგვინა. 56-ე წუთზე სამამდე გაზარდა ანგარიში გიორგი კოხრეიძემ, თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სამივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ბათუმელთა ლეგიონერს უერდი მარას ეკუთვნის. უშანსოდ, არც წყალტუბოელები იყვნენ. მაგალითად მეორე ტაიმში გოლთან ახლოს იყო ნიკო ცეცხლაძე. 71-ე წუთზე კი, ლევან პაპავამ ერთი ბურთი გაქვითა. ასეა თუ ისე, ბათუმის „დინამომ" მორიგი და საჭირო ქულები ჩაიწერა და სატრანსფერო ბანის ამოწურვის თარიღს, ალბათ, უფრო იმედიანად უახლოვდება, ვიდრე, ამის წარმოდგენა შეეძლო.


ხვალ, მე-12 ტურის ორი შეხვედრაა:

19:00 „სპაერი" - „გაგრა" / მიხეილ მესხი 2

21:00 „რუსთავი" - „დინამო თბილისი" / პეტრო არენა


სატურნირო ცხრილი



ფოტო: "იბერია 1999"