
ჯუდოში, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც საქართველოსთვის ოთხი ოქროს მედლით დასრულდა, დღეს გორში სენიორებს შორის ევროპის 2026 წლის თასის გათამაშება დაიწყო. პირველი დღე წარმატებული გამოდგა ქართული გუნდისთვის, რომელიც მშობლიურ კედლებში საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდით ასპარეზობს. პირველ დღეს მედლები 6 წონით კატეგორიაში (-60კგ, -66კგ, -73კგ / -63 კგ, -70კგ +78 კგ) გათამაშდა. დღის ბოლოს, საქართველოს გუნდის სათვალავში ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედალია - ამ შედეგით კი, გუნდურ ჩათვლაში სწორედ საქართველო ლიდერობს.
თუმცა, მოდით მივყვეთ წონით კატეგორიებს და დავიწყოთ კაცებით, სადაც დღეს გათამაშებული მედლებიდან ორ წონაში კონკრეტული ქვეყნები მოგვევლინენ ლიდერებად, მაგალითად, თული -66კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანული ფინალი შედგა, -73 კგ ჩვენი, ქართული იყო. ფინალში ბაგრატ ნინიაშვილი და თორნიკე მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული კი, ნინიაშვილი გახდა, რომელმაც ასპარეზობის დასრულების შემდეგ იტყვის:
„ოქროს მედალი ავიღე და კმაყოფილი ვარ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ბოლომდე, ოპტიმალურ ფორმაში არ ვიყავი. პირველი ოთხი შეხვედრა, შედარებით მარტივად გავიარე. ფინალში ქართველს შევხდი - ქართული ფინალი იყო. ქართული ფინალი დასრულდა ჩემი გამარჯვებით, თორნიკესაც ვულოცავ ფინალში ასპარეზობას. ბევრი ტრავმა მქონდა ჯერ ხელზე გავიკეთე ოპერაცია, შემდეგ ფეხზე, ერთი წელიც არ არის გასული. ბოლომდე მორჩენილიც არ ვარ, მაგრამ მოვახერხებ ჭიდაობას", - ამბობს ბაგრატ ნინიაშვილი.

ბაგრატისა (ოქრო) და თორნიკეს (ვერცხლი) გარდა, -73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიგო ალეკო კასრაძემაც. სხვათა შორის EJU-ს გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში ნინიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ტურნირის ჩატარებამ, მას დამატებითი ძალა და მოტივაცია შემატა.
ვერცხლი მოიგო გიორგი ჯოჯიშვილმა, რომელმაც -60 კგ წონით კატეგორიის ფინალი რუსეთის სახელით მოასპარეზე დამირ მერემოვთან წააგო.
ქალთა შორის გათამაშებული სამი წონითი კატეგორიიდან, დღეს კვარცხლბეკზე საქართველოს ერთი წარმომადგენელი იყო. -70 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ლიზი ქვარცხავამ მოიგო, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში მარი მახარაშვილს მოიგო. აქ, კიდევ ერთი ბრინჯაოს შანსი ქეთევან ბერიძეს ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენებური დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ხვალ გორში ასპარეზობის მეორე დღეა სადაც მედლები კაცებში -81კგ, -90კგ, -100კგ, +100 კგ, ქალებში კი -48კგ, -52კგ და -57 კგ გათამაშდება.
ფოტო: მარიამ გაგნიძე / EJU





ჩვენ








