
„დინამო თბილისმა" მშობლიურ სტადიონზე დღეს მოიგო - ეროვნული ლიგის უხერხული დებიუტანტი, რომელსაც ამ სტადიონზეც დებიუტი ჰქონდა 2-1 დაამარცხა. დაამარცხა იმავე ანგარიშით, როგორც პირველ წრეში და სატურნირო ცხრილში, 15 ქულით, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, დინამოელთა თამაშში, ამ გამარჯვების მიუხედავად, გამოიკვეთა ხარვეზები, მათ შორის გუნდის ზამთრის სელექციიდან გამომდინარე, რომელიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რადგან ის, რაც დღეს, „სპაერმა" „აპატია" ბევრად გამოცდილ და ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, ევროტურნირებზე „მორნარის" მსგავსი გუნდებიც კი, არ გაუტარებენ.
„სპაერი", რომელსაც პირველ ტაიმში, განსაკუთრებული აურის მქონე სტადიონთან აკლიმატიზაციის მომენტი ჰქონდა გადასალახი და ამასთან, პირველი ტაიმის შემდეგ, 2-0-ს აგებდა, მეორე ტაიმში შეეგუა გარემოს და დინამოელთა შეცდომებითა და უყურადღებო თამაშით კარგადაც ისარგებლა. დაახლოებით 65-ე წუთიდან კი, გუნდმა აშკარად ნელ-ნელა მასპინძელთა საჯარიმოში გადმოინაცვლა. ალბათ, ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ აზუკა კიღურაძის გუნდს გოლი ჰქონდა გასატანი, ფიზიკურად კი, იმდენად დაღლილი ჩანდა, რომ საკუთარი საჯარიმოს მოშიშვლება არჩია დაცვიდან თამაშს. 82-ე წუთზე შედეგმაც არ დააყოვნა, გოჩა ცირდავას გადაცემით ზურაბ გოლუბიანმა გაიტანა. ანგარიში შემცირდა, სტუმარმა გუნდმა, ქულის გადასარჩენად გაიწია. შესაძლოა, ჯენერი ხორავას, მით უმეტეს, სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივრის გაყვანაშიც რაღაც დრო გავიდა, 3 წუთზე მეტი, რომ დაემატებინა, მასპინძელთა კარში კიდევ, ერთი გოლი გვეხილა, თუმცა, დინამოელთა საბედნიეროდ, დღეს ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, ოდნავ ზევით უყურადღებობა ვახსენეთ და ახლა განვმარტავ რა ვიგულისხმეთ - რეალურად, 65-ე წუთიდან, მოწინააღმდეგე გუნდის განლაგებიდან გამომდინარე, რომელიც შეტევიდან დაცვაში უბრალოდ ჩასვლას ვერ ასწრებდა, დინამოელებს ჰქონდათ სივრცეები. უტევდნენ კიდეც, ანუ ამ სივრცეებს იყენებდნენ, თუმცა, რიგ მომენტებში ერთმანეთის მიმართ იყვნენ უყურადღებოები... გუნდურობა, სადღაც სხვაგან იყო. ის, რომ კარში, ამ მონაკვეთში მასპინძლებმა, მხოლოდ ორჯერ, ჰო კარგი სამჯერ, დაარტყეს და ზოგჯერ, ფეხბურთში, ლელოს დადებას, დარტყმა სჯობს, ეს ალბათ, თემურ ქეცბაიას გასარჩევი ამბავი იქნება, უახლოეს „თეორიებზე".
ანგარიში კი, პირველ ტაიმში, 28-ე წუთზე, დინამოელთა შორის, ჩვენი აზრით, დღევანდელ თამაშში, ყველაზე გამორჩეულმა ნანა-კოფი დონკორმა გახსნა საბა ხარებაშვილის გადაცემის შემდეგ. ექვს წუთში, უკვე მათე ვაწაძემ გაიტანა, ნიკა ნინუას გადაცემის შემდეგ, რომელიც მე-8 წუთზე მიღებული ყვითელი ბარათის გამო, მაინც მთელი თამაში ფრთხილობდა. მათე ვაწაძეს კი, რომელსაც უკვე „ჩემოდნები" ჰქონდა ჩალაგებული გუნდიდან წასასვლელად, „ქეცბას" მოსვლის შემდეგ, მესამე გოლი გააქვს. ფაქტია, „ბებერმა ვაწამ", იცის საქმე და აკეთებს კიდეც, მაგრამ აქ, ისევ ევროტურნირების წინ, კლუბის სასელექციო პოლიტიკაზე გვიწევს ფიქრი. მაგალითად, ღმერთმა ქნას და ევროტურნირების ერთი ეტაპი გადავლახეთ, სადამდე ეყოფიან ნინუა, კალანდაძე (რომელიც დღეს დაცვაში საუკეთესო იყო დინამოელთაგან), ვაწაძე, თუნდაც ლორია, რომელმაც დღეს რეალურად მიკრო-ტრავმით ითამაშა. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ლიგის მსაჯებს ძალიან უყვართ დინამოელთა „გაწითლებები", ჰოდა გუნდს, ეროვნულ ჩემპიონატში, თასზე, ევროტურნირზე უწევს თამაში, ამას თუ დავამატებთ, „დინამო თბილისი 2"-ის გრაფიკს და კიდევ 19-წლამდეთა შიდა თუ ევროპულ ტურნირებს (ამ სამ გუნდში ხდება ძირითადად ფეხბურთელების როტაცია და ლიგა-3-ში დღეიდან ხვალისთვის გადადებული თამაშის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის), თავის სანაკრებო პაუზებიანად და თუ ალალები ვიქნებით, რეალურად, ამ გრაფიკიდან გამომდინარე სერიოზული საკადრო პრობლემის წინაშე აღმოჩენილ „დინამო თბილისს" დავინახავთ.
ასე, რომ „ქეცბას", რომლის გაწვრთნილმა გუნდმაც, თემურისთვის მშობლიურ „დინამო არენაზე" პირველი შეხვედრა მოიგო, ამასთან, თამაში სრული შემადგენლობით, 11 ფეხბურთელით ჩაასრულა ბოლო სამი შეხვედრიდან პირველი, სერიოზული საფიქრალი და პრობლემები აქვს გადასაჭრელი.
აქვე შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგას „იბერია 1999" ლიდერობს. მომდევნო ტური კი, 10 და 11 მაისს გაიმართება.
ფოტო: სფფ





ჩვენ








